წითელი ვერსია
  • 0
  • 5845

ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა „მთავარზე“

24 ნოემბერი 2020

საქართველოს საპატრიარქო ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკისა თუ დისკრედიტაციის სამიზნე ცალკეული ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ან კონკრეტული საეკლესიო პირების მოსაზრებები არ ემთხვევა აღნიშნული მედიასაშუალებების პოზიციებს.


ამასთან, ოპოზიციური მედია ერთი მხრივ საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს ეკლესიას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის, თუმცა მეორე მხრივ თავადვე ცდილობს სასულიერო პირებისგან პოლიტიკური შეფასებების მოპოვებას, როცა ეს შეფასებები თანხვედრაშია მათსავე შეხედულებებთან.


მაგალითად, 23 ნოემბერს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში, მთელი დღის განმავლობაში შუქდებოდა თემა, თუ რატომ არ მიულოცა ამ დრომდე საპატრიარქომ მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება.


„გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ ეკლესიას არ მიულოცია. საპატრიარქოს ოფიციალური განმარტება არც 31 ოქტომბრის არჩევნებზე და არც მეორე ტურზე არ გაუკეთებია... უცნობია, რატომ დუმს და რას ელოდება ეკლესია“ - გამოგვიცხადა „მთავარმა“ და დუმილის მიზეზის გარკვევას გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, მღვდელმთავრებთან შეეცადა.


ამის შემდეგ სიუჟეტმა შინაარსი დრამატულად შეიცვალა და იმის გარკვევის ნაცვლად, თუ „რატომ არ მიულოცა საპატრიარქომ მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება“ , მაყურებელმა რეალურად მოისმინა ეკლესიისა და კონკრეტული სასულიერო პირების კრიტიკა იმისთვის, რომ ისინი მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ(?!)


სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა დათმობილი მეუფე იოანეს (გამრეკელი) კომენტარს, რომელიც ჟურნალისტმა მაყურებელს თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა. „ყველა ვალდებულია მიულოცოს მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება, რადგან ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს“ - ასე წარმოგვიდგენს ჟურნალისტი მიტროპოლიტის ფრაზას, თუმცა სინქრონში მღვდელმთავრის კომენტარში არ არის დაკონკრეტებული ვის უნდა მიულოცოს „ყველამ“ ან როდის.


რეალურად, ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მმართველის პოზიცია მაყურებლისთვის მარტივად გასაგებია: სასულიერო პირი ხაზს უსვამს საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და გამარჯვებულადაც მას მიიჩნევს, ვისაც მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე და ასევე, ეკლესიის სხვა წარმომადგენლების კომენტარებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიტროპოლიტის ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სავარაუდოდ, იგი გულისხმობს მილოცვას მისთვის, ვინც გამარჯვებულად გამოვლინდება მთელი საარჩევნო პროცესის ფორმალურად დასრულების შემდეგ. „ამერიკაშიც ასეა, გაიმარჯვა პრეზიდენტმა? ვულოცავთ, მართალია ტრამპი არ ეთანხმება, მაგრამ დაამტკიცოს, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. თუ ტრამპი გამტყუნდა, მაშინ მივულოცავთ ბაიდენს“ - განმარტავს მეუფე.


მიუხედავად ამ, სავსებით ლოგიკური პოზიციისა, „მთავარი არხი“ მიტროპოლიტის კომენტარის შემდეგ გვთავაზობს თეოლოგ გოჩა ბარნოვის შეფასებას, რომელიც აცხადებს, რომ „სასულიერო პირებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ პოლიტიკაში“, თუმცა შემდგომმა ფრაზებმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ექსპერტის თეოლოგია პოლიტიკურად გაცილებით უფრო მიკერძოებულია, ვიდრე ის სასულიერო პირები, რომლებსაც ის აკრიტიკებს.


საპატრიარქო ფრთხილობს, მაგრამ თავისი ერთგული ეპისკოპოსები უკვე იწყებენ განცხადებების გაკეთებას, რომლებიც ულოცავენ ამ პრორუსულ ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას. ეს თავისთავად ცხადია, მიანიშნებს იმას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენ ჭაობში და სიბიძურეშია ჩაფლული საქართველოს ეკლესია, რომელიც საჭიროებს დაუყონებლივ გაწმენდას“ - გვეუბნება „პოლიტიკურად მიუკერძოებელი ეკლესიის“ მომხრე თეოლოგი, რითაც, დაუსაბუთებელ პოლიტიკურ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, ფაქტობრივად, ღია ტექსტით მოგვიწოდებს რეპრესიებისკენ ეკლესიის წინააღმდეგ.


რაც შეეხება ეკლესიისა და სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩარევის თემას და „მთავარი არხის“ „ბრძოლას“ ამის წინააღმდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ამ ტელევიზიის არქივში მრავლად მოიპოვება ინფორმაცია მღვდელმთავრების პოლიტიკური განცხადებებისა და ქმედებების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ მისაღები და დასაშვები იყო არხისთვის, არამედ ხშირად თავად არხის მიერვე იყო ინსპირირებული იმ შემთხვევაში, როცა მღვდელმთავრები არხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ ან ლაპარაკობდნენ.


საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, მეუფე პეტრე ცაავას მისვლა ცესკოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე და მისი ანტისახელისუფლებო განცხადებები, ხუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირის, მეუფე გიორგის მოსაზრება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ თემას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ა.შ.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 5845
0 Comments