წითელი ვერსია
  • 13
  • 12478

ეგზიბიციონისტური შოუ გიორგი გაბუნიას გადაცემაში

26 ოქტომბერი 2020

ქართულ ტელემედიაში და განსაკუთრებით, „მთავარ არხზე“ ჟურნალისტის მხრიდან ბილწსიტყვაობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ის, რაც 25 ოქტომბერს გიორგი გაბუნიას მონოლოგში ვიხილეთ, პრინციპში ლანძღვა-გინების საზღვარსაც სცდება და ფორმით ეგზიბიციონისტურ შოუს უახლოვდება, შინაარსის თვალსაზრისით კი ეს იყო უხეში ტელებულინგის კიდევ ერთი პრეცედენტი ქართულ მედიაში.


კერძოდ, გადაცემა Post Factum-ის ავტორმა და წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარი მონოლოგი ამჯერად ბერა ივანიშვილს მიუძღვნა და მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იგი ამაზონის ტყეების აღსადგენად გადარიცხული მილიონი დოლარისთვის და პირადად ბერა ივანიშვილის სინდისის ტვირთად შერაცხა „უღარიბესი ოჯახების თავზე ჩამონგრეული სახლები, მავთულხლართებით წართმეული მიწები, ოკუპანტებისგან გატაცებული ადამიანები“ და ასევე, შაქარაშვილის, სარალიძის, მაჩალიკაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეები, მონოლოგის მეტი დრამატიზებისთვის შიშველი თოჯინის გამოყენებით უხამსი წარმოდგენაც მოაწყო.


ამ წარმოდგენის დროს მაყურებელმა ეკრანზე იხილა, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული თოჯინა ჩახდილი შარვლით, რომელიც წამყვანმა მაყურებლისკენ უკანალით მიატრიალა, ობიექტივთან ახლოს მიიტანა და ბერა ივანიშვილს მიმართა, დაფიქრებულიყო, თუ რას აგონებს თოჯინა ასეთ მდგომარეობაში.


მაინც ვერ ხვდები? მე აგიხსნი. ეს არის მამაშენის უ[ტ]რაკო ხელისუფლება. უუნარო ხელისუფლება, რომელსაც არაფრის გაკეთების, არაფრის შექმნის, არაფრის შენარჩუნების... უკვე გაკეთებულის შენარჩუნების [ტ]რაკიც კი არ აქვს,“ - წამყვანმა თავადვე უპასუხა ბერას მიმართ დასმულ შეკითხვას და წარმოდგენა განაგრძო.


გთავაზობთ რამდენიმე ციტატას მონოლოგის ამ კონკრეტული ეპიზოდიდან და აქვე, ბოდიშს ვუხდით მკითხველს უცენზურო ლექსიკის ციტირებისთვის:


უარესიც, შეხედე, არც [ყ]ვერები აქვს. ბერა, ეს არის მამაშენის უ[ყ]ვერებო, დაკოდილი, იმპოტენტი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ძალა და პოტენციალი არ გააჩნია. რომელიც აი, ასე სამარცხვინოდ, გაშიშვლებული, ჩახდილი დგას მთელი მსოფლიოს თვალწინ და საჩვენებელიც კი არაფერი არ აქვს, ხელი მაინც აიფაროს ამ უპატრონომ. ხელი მაინც აიფარე, აი ასე, გვეგონოს მაინც, რომ რამე გაბია“.


„ბანკის ძარცვის ოპერაციამ, ბერა, განსაკუთრებით შიშვლად გამოაჩინა მამაშენის ოცნების მთელი აი ეს ვულგარული უსუსურობა. მამაშენის ხელისუფლებამ, ბერა, ერთ შეიარაღებულ ტიპს ახმარინა და აი, ასეთ მდგომარეობაში დაატოვებინა საკუთარი თავი და ამაში კიდევ მილიონები გადაიხადა, სხვისი ჯიბიდან, რა თქმა უნდა“.


ასეთი იყო „გაბულოგი“ 25 ოქტომბერს. მედიასტანდარტებზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არაფერს ვიტყვით. სავარაუდოდ, აქ საქმე სხვა კლასიფიკაციის დარღვევასთან, შეიძლება დანაშაულთანაც კი გვქონდეს, რომელიც მედიის საზღვრებს ნამდვილად სცდება, თუმცა რომელი დისციპლინის საზღვრებში იჭრება, ეს ალბათ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.


ხათუნა კიღურაძე
  • 13
  • 12478
0 Comments