წითელი ვერსია
  • 11
  • 3199

ძალადობის კადრები ტელეეთერში

22 მაისი 2021

ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, თუმცა ქართულ ტელემედიაში საკმაოდ ხშირად ვხედავთ უკიდურესი აგრესიისა და ძალადობის ამსახველ კადრებს.


ამასთან, რეიტინგის თვალსაზრისით ძალადობის ეპიზოდების ჩვენება მედიასაშუალებისთვის შესაძლოა მომგებიანი იყოს, თუმცა პროფესიული ეთიკის ჭრილში მხოლოდ რეიტინგის არგუმენტით მოქმედება შესაძლოა ძალადობის სცენების ტირაჟირებაშიც კი გადაიზარდოს.


სწორედ ამგვარი მაგალითები იხილა 20 და 21 მაისს ტელემაყურებელმა სიუჟეტებში, რომლებიც ბათუმში მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებით გამოვლენილ თაღლითურ სქემასა და დაზარალებულების პროტესტს ეხებოდა.


უფრო კონკრეტულად, 20 მაისს, „მთავარი არხისა“ და „რუსთავი2“-ის 21:00 საათის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტები, საიდანაც ვიგებთ რომ ბათუმის მცხოვრებლები საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ.


ტელეკომპანიების ცნობით, საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მეზღვაურებმა ბათუმში ერთ-ერთ დასაქმების ოფისს მიმართეს, გარკვეული თანხა გადაიხადეს და გემებზე დასაქმების პირობაც მიიღეს.


როგორც სიუჟეტებიდან ირკვევა, მოგვიანებით პასუხისმგებელი პირები მიიმალნენ, მოტყუებული მეზღვაურების ოჯახის წევრებმა კი ჯერ პოლიციის შენობასთან გამართეს საპროტესტო აქცია, ხოლო შემდეგ კომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს და ბოლოს რამდენიმე დაზარალებული, თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ოფისშიც შეიჭრა.


ძალადობა სწორედ ოფისში მოხდა, სადაც ერთ-ერთი დაზარალებული ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა ქალს, რომელიც აცხადებდა რომ ის მხოლოდ თარჯიმანია და ამ პროცესში თავადაც დაზარალდა.


აღსანიშნავია, რომ მწვავე ინციდენტის ამსახველი კადრები, სადაც შეურაცხმყოფელი ლექსიკაც ისმის, ტელემაუწყებლებმა მაყურებელს ყოველგვარი ვიზუალური დაფარვის გარეშე შესთავაზეს, რაც შესაძლოა დამატებითი მატრავმირებელი ფაქტორი გახდეს ქალისთვის, რომელზეც პირდაპირ ეთერში ღიად იძალადეს და რომლის დანაშაულიც ჯერ საერთოდ არ არის დადგენილი.


საგულისხმოა ისიც, რომ ემოციურად დამთრგუნველი კადრები, რომელიც მაყურებელშიც შესაბამის ფონსა და განწყობას ქმნის, „მთავარი არხის“ სიუჟეტში რამდენჯერმე მეორდება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ ვიდეომასალა ტელეკომპანიის ვეგბგვერდსა და ფეისბუკის გვერდზეც აიტვირთა.


ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, 21 მაისის საინფორმაციო გამოშვებებში ეს თემა ტელეკომპანიებმა - „იმედმა“, „ფორმულამ“ და ტვ „პირველმაც“ გააშუქეს და აღნიშნული კადრები ასევე ვიზუალური დაფარვის გარეშე აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტი უკვე ახალი ამბავი აღარ იყო. იგივე კადრები იხილა მაყურებელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მაესტროს“ ეთერებშიც.


ცნობისთვის: „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთ მგრძნობიარე სცენებს, რომლებიც ძალადობას, სახიფათო ქცევას ან ანტისოციალურ ქმედებას უკავშირდება;


ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს და ასევე, მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელიც ამართლებს ან იწონებს ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ.


ხათუნა კიღურაძე
  • 11
  • 3199
0 Comments