წითელი ვერსია
  • 0
  • 2448

დეზინფორმაცია კლავს!!!

11 იანვარი 2021

მედიასაშუალებებს შორის დღეს არსებული მძაფრი კონკურენცია თითოეულ მათგანს მაქსიმალური ოპერატიულობისკენ უბიძგებს. ამის გამო, სხვადასხვა ტელეარხი თუ გამოცემა მუდმივად ცდილობს პირველმა მიაწოდოს საზოგადოებას ესა თუ ის მნიშვნელოვანი ცნობა და ამით საკუთარი ცნობადობა და რეიტინგიც გაზარდოს, თუმცა ოპერატიულობის თვითმიზნად გამოცხადება საკუთარ თავში ყოველთვის შეიცავს დაუზუსტებელი ან სულაც ყალბი ინფორმაციის გავრცელების რისკს.


ეს საფრთხე განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც მედიასაშუალებები ცდილობენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ მოვლენებსაც კი დაასწრონ და ისეთ მგრძნობიარე საკითხთან დაკავშირებითაც კი, როგორიც გარდაცვალებაა, დაუზუსტებელ ცნობებს ავრცელებენ.


მსგავსი არაეთიკური ჟურნალისტიკის მოწმე გახდა საზოგადოება 10 იანვარს, როდესაც რამდენიმე ონლაინმედიამ (alia.ge, akhalitaoba.ge. newposts.ge, palitravideo.ge, sputnik.geoegia.com, news.ge, cyc.ge, ntv.ge, artinfo.ge, 2020news.ge და სხვ.) გაავრცელა დეზინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, რომელიც COVID-19-ის გართულების გამო ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.


მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ მომღერლის ოჯახის წევრები და უარყვეს გავრცელებული ცნობა (რის შემდეგაც, ბუნებრივია, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა სააგენტომ შეასწორა ან წაშალა), საზოგადოების დიდი ნაწილი გარკვეული დროით მაინც გაურკვევლობამ მოიცვა: დეზინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რასაც ფართო საზოგადოების მხრიდან მწუხარების გამომხატველი პოსტები და კომენტარები მოჰყვა.


ამ პოსტებისა და კომენტარების ნაწილი სიმართლის გარკვევიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი აქტიური იყო და დამატებით გაურკვევლობას ქმნიდა საზოგადოებაში.


აღსანიშნავია, რომ ქართული მედიის უახლეს ისტორიას ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი ახსოვს. ახლო წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც მსახიობ კახი კავსაძესთან დაკავშირებული შემთხვევაც, როცა ონლაინმედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.


მედიასაშუალებების სურვილი, საზოგადოებისთვის იყვნენ ინფორმაციის პირველწყარო, რასაკვირველია, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა თანამედროვე ეპოქაში, როცა სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ხშირად გვევლინება ინფორმაციის პირველწყაროდ, „ტრადიციულმა“ მედიამ ოპერატიულობასთან ერთად, სასურველია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სიზუსტეს, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების სისწრაფე, არამედ ასევე ამ ინფორმაციის სანდოობა და პროფესიონალური ჟურნალისტიკისგან მკითხველი თუ მაყურებელი უმეტესწილად სწორედ ამ უკანასკნელს ითხოვს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2448
0 Comments