წითელი ვერსია
  • 0
  • 1616

დევნა კომენტარისთვის

09 სექტემბერი 2020

რესპონდენტისგან სასურველი კომენტარის მოპოვების მცდელობისას მაყურებელს ტელეეკრანზე არაერთხელ უნახავს ჟურნალისტების სირბილი, ყვირილი და ერთმანეთთან ჩხუბიც კი. ზოგჯერ კი ეს მცდელობა რესპონდენტის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დევნის სახესაც კი იღებს.


სწორედ ამგვარი ეპიზოდი იხილა მაყურებელმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროცესზე ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას მისვლის დღეს. მოწმის კომენტარის ჩაწერა მედიამ სასამართლოს ეზოში სცადა. ჟურნალისტების მიერ ფაქტობრივად ყვირილით და ერთობლივად დასმული კითხვებიდან რესპონდენტმა მხოლოდ ორიოდეს უპასუხა და სასამართლოს შენობისკენ გაემართა, თუმცა, მედიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებისგან თავის დასაღწევად და შენობაში შესასვლელად მას ბადრაგის ფიზიკური დახმარება დასჭირდა. ფიზიკური ძალის გამოყენება გახდა საჭირო სასამართლოს კარის დასახურადაც. ძალით დახურულ კარში შესულ მოწმეს კი ჟურნალისტების სასოწარკვეთილი ხმა დაედევნა: „ანა, რატომ არ გვასუხობ?“...


ცხადია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას რესპონდენტი ვერც შესვლამდე მოასწრებდა და ამ მიზნით არც შენობიდან გამობრუნდებოდა, მაგრამ მედიამ მაინც საჭიროდ ჩათვალა მისი დევნა ბოლო წამამდე გაეგრძელებინა და შემდეგ დევნის კადრები ეთერში არაერთხელ გაეშვა.


აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული მოწმის მიმართ ერთგვარი ფსიქოლოგიური დევნის სახე მიიღო მედიაში ისეთი დამთრგუნველი გამონათქვამების დამკვიდრებამაც, როგორიცაა: „საბედისწერო წვეულების ორგანიზატორი“, „ტრაგიკული დაბადების დღის იუბილარი“ და ა.შ..


თუ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გაშუქების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, ეს „ტელეფრაზები“ ალბათ, მომავალშიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაკავშირებული საზოგადოებრივ ცნობიერებაში ანა გაბეჩავას სახელთან.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 1616
0 Comments