წითელი ვერსია
  • 4
  • 3413

დაუსაბუთებელი შანტაჟი

12 ოქტომბერი 2020

არჩევნების მოახლოებისას, ოპოზიციური მედიასაშუალებები მკვეთრად ააქტიურებენ ხელისუფლების კრიტიკას, თუმცა ამ კრიტიკის დროს მაყურებელი ხშირად გადაუმოწმებულ ინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ისმენს, რის გამოც ამ არხებზე გაშუქებული ზოგიერთი ამბავი დეზინფორმაციის შთაბეჭდილებას ტოვებს და მითების ტირაჟირებას ემსგავსება.


ასეთი ამბავი მოისმინა მაყურებელმა 12 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც კრიტიკა მმართველი გუნდის საარჩევნო კოორდინატორების წინააღმდეგ იყო მიმართული.


როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გვაუწყებს, არჩევნებში ხმების მოპოვების მიზნით, „აგრესიულ ქმედებებზე ხელისუფლების აგიტატორებიც გადავიდნენ“. მისივე მტკიცებით, „ოცნების სამიზნე ამჯერად ყველაზე ღარიბი - სოციალურად დაუცველი ფენა გახდა, რომლებსაც ხელისუფლების კოორდინატორები ისედაც მინიმალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ“.


ჟურნალისტი გვარწმუნებს, რომ „უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელისუფლება შიმშილისთვის გაწირავს, თუ მათი ხმა ოპოზიციის კანდიდატებისკენ წავა“ და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების ეს ულტიმატუმი ოჯახებმა უკვე მიიღეს, თუმცა საკუთარი არჩევანის შეცვლას მუქარის მიუხედავად მაინც არ აპირებენ“.


ასეთი მძიმე ბრალდების დასაბუთებისთვის „მთავარის“ მიერ მომზადებული მასალა მოიცავს მხოლოდ ერთი რესპონდენტის კომენტარს, რომელიც ვერც „მუქარისა და აგრესიის“ და ვერც „ულტიმატუმის“ ბრალდებას ვერ ამყარებს.


ქალბატონი, რომელსაც ტელეკომპანია წარმოგვიდგენს, როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირს და ოპოზიციის მხარდამჭერს, შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს:


ძალიან აგრესიულად დაიწყეს საუბარი, რომ გიკეთებენო კორპუსსო, გიმაგრებენო, ამას აკეთებენო, იმას აკეთებენო. იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი ქმედებებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ მათ დამაშანტაჟეს“.


როგორც ვხედავთ, ამ კომენტარიდან გაუგებარია რაში მდგომარეობს შანტაჟი, თუმცა რესპონდენტი ამას არ აკონკრეტებს და არც ჟურნალისტი ცდილობს მეტი ინფორმაციის მოპოვებას, რის გამოც, აღნიშნული ბრალდება აშკარად საეჭვოდ და არადამაჯერებლად ჟღერს.


გარდა ამისა, ინფორმაციას აუდიტორია იღებს ცალმხრივად, რაც, თავისთავად ზღუდავს ობიექტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ტელეკომპანია არც სხვა ოჯახების წარმომადგენელთა პოზიციას გვაცნობს, რომლებსაც, როგორც წამყვანი დასაწყისშივე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა ასევე წაუყენეს ანალოგიური ულტიმატუმი.


ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მთლიანობაში სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ინფორმაცია რეალურად არა პრობლემის წარმოსაჩენად, არამედ მმართველი გუნდისა და კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოორდინატორების დისკრედიტაციის მიზნით მომზადდა, რაც პროფესიული სტანდარტებისთვის აშკარად შეუსაბამოა.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 3413
0 Comments