წითელი ვერსია
  • 5
  • 7447

დაობებული პასკის „საიდუმლო“

04 მაისი 2021

სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებული ინფორმაცია ტელემედიაში ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი. ამ მხრივ გამონაკლისი არც სააღდგომო დღეები აღმოჩნდა: 1 მაისს, „მთავარი არხის“ 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველთათვის სააღდგომოდ „უვარგისი“ პროდუქციის დარიგების შესახებ უამბეს.


„ვადაგასული შოკოლადები, დაობებული პასკა და რუსული კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქტები - სწორედ ასე გამოიყურება სამგორის გამგეობის მიერ გაგზავნილი სააღდგომო კალათა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან“, - გვიყვება ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში დაობებული პასკის კადრების ფონზე ერთვება.


სიუჟეტში ნაჩვენები სხვა კადრებიდან ასევე ვიგებთ, რომ გამგეობამ სააღდგომო ნობათებთან დაკავშირებით ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტენდერი 123“-თან გააფორმა, რომელსაც ჟურნალისტი მოიხსენიებს, როგორც „ტრენდი 123“. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უზრუნველყო სასაჩუქრე პროდუქციის გადაცემა ბენეფიციარებისთვის, რომელთა რაოდენობა კონკრეტულად სამგორის რაიონში რამდენიმე ათასს შეადგენს.


საგულისხმოა, რომ ბრალდების მტკიცებულების სახით ჟურნალისტმა მაყურებელს მხოლოდ ერთი რესპონდენტი წარუდგინა, თუმცა სიუჟეტის მსვლელობისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჩაწერილი ჰყავს ის ბენეფიციარები, რომლებმაც „უვარგისი“ სააღდგომო კალათა მიიღეს.


„დღეს ჩვენ, რასაკვირველია, ჩავწერეთ ის ბენეფიციარები, რომლებმაც მიიღეს ეს სააღდგომო კალათა და ისინი ამბობენ, რომ ეს არის უბრალოდ დაცინვა მმართველი გუნდის მიერ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებებს“, - აცხადებს ჟურნალისტი და გვთავაზობს ერთი რესპონდენტის კომენტარს, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას არ ახდენს.


სიუჟეტში რესპონდენტი მაგიდაზე ალაგებს პროდუქტებს, რომლებიც, მისივე მტკიცებით, გამგეობამ გადასცა. კადრში ჩანს, რომ პროდუქცია არის გაუხსნელი და შეფუთული, თუმცა რესპონდენტი თითქმის ყველა მათგანზე აცხადებს, რომ უვარგისია. მაგალითად, „საშინელებას“ უწოდებს ქართული ხორცის კონსერვს და უვარგისად ასაღებს ტკბილეულის შეკვრას, რომლებიც მაგიდაზე ასევე გაუხსნელ მდგომარეობაშია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჟურნალისტის მხრიდან „რუსული წარმოების პროდუქტებზე“ ხაზგასმის მიუხედავად, კადრში კარგად ჩანს ქართული კომპანია „კულას“ ხორცის კონსერვი.


გარდა ამისა, სიუჟეტის ყველაზე გამომწვევ ინტრიგად უდავოდ ის გარემოება უნდა ჩაითვალოს, რომ მთელი სიუჟეტის განმავლობაში შეფუთულ მდგომარეობაში რჩება სააღდგომო კალათა და, შესაბამისად, „ტელებრალდების“ მთავარი პროდუქტი - პასკა.


რესპონდენტი რამდენჯერმე აღნიშნავს, „გავჭრი და ნახეთ, როგორი დაობებულიაო“, თუმცა სიუჟეტი ისე მთავრდება, რომ შეფუთული პასკა არც იხსნება და არც იჭრება. შესაბამისად, მაყურებლისთვის გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება დაობებული პასკის წარმომავლობა, რომლის ამსახველი კადრებიც მთელს სიუჟეტს ფონად გასდევს.


„ვინ არის პასუხისმგებელი სოციალურად დაუცველებისთვის გაფუჭებული პროდუქციის გადაცემაზე?“ - ეს კითხვა ჟურნალისტისგან სიუჟეტის დასაწყისშივე დაისვა, თუმცა მაყურებელმა ამ ინფორმაციაში ვერც ერთი პასუხისმგებელი პირის კომენტარი ვერ მოისმინა.


ჟურნალისტი განმარტებებისთვის არც სამგორის რაიონის გამგეობას და არც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ დაკავშირებია. ამის ნაცვლად, სრულიად მოულოდნელად, სიუჟეტში ვხედავთ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრს, რომელიც ტელეკომპანიის რიტორიკას განაგრძობს და აცხადებს, რომ „ტენდერი 123“ მმართველ გუნდთან დაახლოებული კომპანიაა, რომელმაც სოციალურად დაუცველებს ვადაგასული პროდუქტი დაურიგა.


მთლიანობაში, გარდა იმისა, რომ ინფორმაცია გაშუქდა ცალმხრივად და შესაბამისად, არასრულად, სიუჟეტში ჟურნალისტმა ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რაც გამგეობისა და კომპანიის წინააღმდეგ გააჟღერა.


მაყურებლისთვის არასაკმარისი და არადამაჯერებელი იყო სააღდგომო ნობათის მიმღები ათასობით ბენეფიციარიდან მხოლოდ ერთი უკმაყოფილო რესპონდენტის კომენტარის მოსმენა და ისიც ბუნდოვანი პრეტენზიებით, რაც მიზანმიმართული პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.


დაბოლოს: ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე განცხადებით გამოეხმაურა სამგორის რაიონის გამგეობა და მას „სრული სიცრუე და საზოგადოების დეზინფორმირების მორიგი მცდელობა“ უწოდა.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში ნაჩვენები პროდუქტები საერთოდ არ შედის იმ სააღდგომო ნობათის ნაკრებში, რომელიც მოსახლეობას დაურიგეს, თუმცა ამის შესახებ „მთავარი არხის“ მაყურებელმა ინფორმაცია ვერ მიიღო, რადგან ტელეკომპანიას გამგეობის პოზიცია არ გაუშუქებია.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 7447
0 Comments