წითელი ვერსია
  • 4
  • 4008

დანაშაული და საზოგადოების პასუხისმგებლობა

26 აგვისტო 2020

კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ზოგჯერ პრობლემების მთელი კომპლექსით არის განპირობებული, სადაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სახელმწიფოს, ისე მთლიანად საზოგადოებას.


მსგავსი დანაშაული, ხშირ შემთხვევაში, ოჯახური კონფლიქტის დროს ხდება, რასაც შეიძლება წინ უძღოდეს მრავალწლიანი ძალადობის ფაქტები, რომელსაც, ასევე წლების განმავლობაში, ბევრი თვითმხილველი შეიძლება ჰყავდეს.


სავარაუდოდ, სწორედ ასეთი დანაშაული მოხდა 24 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მამამ 11 წლის შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ტრაგედია და მასთან დაკავშირებული მოვლენები ქართული მედიის მთავარ თემად იქცა, თუმცა, ამ უმძიმესი ამბის პარალელურად, ტელეკომპანიების ნაწილმა მომხდარის ტენდენციურად გაშუქება მაინც მოახერხა.


ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიის სიუჟეტებში ძირითადი პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება. ეს ტელეკომპანიები, ტრაგედიის პოლიტიზირების ხარჯზე, სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას და სამართალდამცავი სისტემის უუნაროდ წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა ამ პროცესში ფაქტობრივად იკარგება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და პრობლემა მხოლოდ ცალმხრივად შუქდება.


რა თქმა უნდა, პოლიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა დროულად დაინახოს მძიმე დანაშაულის საფრთხე, რომელიც ოჯახში შეიძლება მოხდეს და ვალდებულია პრევენციული ზომებიც გაატაროს, თუმცა ოპოზიციური არხების „კრიტიკულ სიუჟეტებში“, როგორც წესი, არავინ საუბრობს მეზობლების, ნათესავების და ოჯახის სხვა წევრების პასუხისმგებლობებზე, რომლებიც, როგორც კომენტარებიდან ვიგებთ, ძალადობის არაერთი ფაქტის თვითმხილველები ყოფილან, თუმცა პოლიციას ამის შესახებ არ ატყობინებდნენ.


ამ შემთხვევაში მაყურებელი ზოგჯერ ვერ იგებს, როგორ შეუძლია პოლიციას პრევენციული ზომების მიღება, თუკი პრობლემისა და მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ მას არავინ შეატყობინებს.


ამ კუთხით, განსაკუთრებით საგულისხმოა ერთ-ერთი მეზობლის პოზიცია, რომელიც სწორედ მკვლელობის დღეს უკავშირდება - „მთავარი არხის“ სიუჟეტში ემიგრაციაში მყოფი გარდაცვლილი მოზარდის და ამბობს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მას მეზობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ოჯახიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა და ურჩია პოლიციისთვის შეეტყობინებინა.


სიუჟეტში ყურადღება არ არის გამახვილებული მეზობლის ამ უცნაურ ქმედებაზე, რომელმაც სატელეფონო ზარი არა პოლიციაში, არამედ უცხოეთში განახორციელა.


ამავე სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ემიგრაციაში მყოფმა დამ საქართველოში მცხოვრებ დას დაურეკა და საბოლოოდ, პოლიციას პრობლემის შესახებ სწორედ ამ უკანასკნელმა შეატყობინა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.


მიუხედავად ამისა, ტრაგედიის გაშუქებისას „მთავარი არხი“ საზოგადოებრივი გულგრილობის პრობლემას ნაკლებ ყურადღებას უთმობს ან საერთოდ არ ეხება და მანიპულაციური ხერხებით ცდილობს საზოგადოების გაღიზიანება მხოლოდ პოლიციისკენ მიმართოს.


მაგალითად, ერთ-ერთ სიუჟეტში ვხედავთ, თუ როგორ მიდის ჟურნალისტი თერჯოლის რაიონული პოლიციის თანამშრომლებთან, როგორც თავად აღნიშნავს, იმის გასარკვევად, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ოჯახში, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალადობის ფაქტებს რეგულარულად ჰქონდა ადგილი. უშუალოდ ადგილზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტი შეკითხვას სხვა ფორმულირებით, „უკვე გარკვეულის“ პოზიციიდან სვამს: „რა რეაგირებას ახდენდით სამართალდამცავები, როდესაც იცოდით, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა...პოლიცია რას აკეთებდით მაშინ, როცა მამა სცემდა შვილებს, სცემდა მეუღლეს და სცემდა მთლიანად ყველას“.


აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი სამართალდამცავებისგან განმარტებებს იმ დროს მოითხოვს, როცა ტრაგედიასთან დაკავშირებით უკვე გავრცელებულია შინგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ „აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 4008
0 Comments