წითელი ვერსია
  • 4
  • 3810

დანაშაული და არასწორი ინფორმაცია

08 ოქტომბერი 2021

გახმაურებული კრიმინალური შემთხვევების გაშუქებისას ქართული მედია ხშირად მაყურებელს მოვლენათა განვითარების საკუთარ ვერსიას სთავაზობს, რომელიც მოგვიანებით არ დასტურდება, თუმცა მედიასაშუალებები ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ არასწორ ცნობებზე, როგორც წესი, არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ვითარების გარკვევის შემდეგ თემის გაშუქებას ისე განაგრძობენ, რომ საზოგადოებას და იმ ინსტიტუტებს, რომელთაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო რეპუტაციული ზიანი მიადგათ, ბოდიშსაც კი არ უხდიან.


სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა აუდიტორია 7 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ, რომლებიც პოლიციამ წყნეთში აიყვანა.


შეგახსენებთ, რომ ბრალდებულების დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნაში მყოფი ორი პირის ადგილსამყოფელის შესახებ მედიამ საზოგადოებას არაერთი მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.


მაგალითად, 19 სექტემბერს, იმ დღეს, როცა ჯერ კიდევ ძებნაში მყოფ პირებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს.


„ჩვენი ინფორმაციით, ორივე მათგანმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მე-5 დღეა მათ კვალზე ვერ გავიდა“ - აუწყა რეპორტიორმა მაყურებელს 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში.


განსაკუთრებით საგულისხმოა ის ბრალდებები და კონკრეტიკა, რომელიც 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ტვ „პირველმა“ შემოგვთავაზა.


კერძოდ, ტელეკომპანიამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გვაუწყა, რომ დამნაშავეები „დიდი ხანია“ საქართველოში აღარ არიან და ისინი თურქეთში იმყოფებიან.


ამ ცნობაზე დაყრდნობით 13:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა, თავის მხრივ, ვითარება შეაფასა, როგორც „სისტემის კიდევ ერთი კრახი“ და ბრალდებულების მიმალვაში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პოლიცია დაადანაშაულა: „ისინი პოლიციის დაუდევრობით გაიქცნენ ან სამართალდამცველებმა შეუწყვეს ხელი“.


ამავე გამოშვებაში ტელეკომპანიის რეპორტიორმა მაყურებელს ბრალდებულების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების დეტალებიც გააცნო:


„’პირველებისთვის’ ცნობილი ხდება, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს. ისინი თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს“.


მიუხედავად ასეთი დეტალური (დეზ)ინფორმაციისა, 7 ოქტომბერს იმავე მედიასაშუალებებმა ბრალდებულების საქართველოში დაკავების შესახებ მაყურებელს ისე ამცნეს, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ მიერვე გავრცელებული ვერსიების შესახებ არაფერი უთქვამთ, რამაც მაყურებელი მხოლოდ დააბნია, რადგან, როგორც ირკვევა, ძებნილები დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 3810
0 Comments