წითელი ვერსია
  • 9
  • 9064

ბერბოკის ვიზიტი და ვერშემდგარი „სკანდალი“

24 მარტი 2023

24 მარტის დილა ოპოზიციურმა მედიამ „სენსაციური“ სიახლეებით გახსნა.


გერმანულ გამოცემა „Der Spiegel“-ზე დაყრდნობით, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ იუწყებოდნენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას საფრთხე შეექმნა დასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავის მოძრაობის გამო, რამაც გერმანიის საჰაერო ხომალდი აიძულა, მეორედ დაშვებულიყო.


ეს ინფორმაცია გავრცელდა, როგორც გერმანიის პირველი დიპლომატის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული მავნებლობა.


„ტვ პირველის“ წამყვანი კი 11 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.


ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ფაქტზე, რომ აეროპორტში მხოლოდ გერმანიის და საქართველოს დროშები ფრიალებდა, და საქართველოში ჩამოსულ ბერბოკს ევროკავშირის დროშა არ დაახვედრეს.


დაიხატა კომპლექსური სურათი, რომლის მიხედვითაც, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ჩაშლისა და დისკრედიტაციისთვის.


სურვილის შემთხვევაში, ჟურნალისტი გაარკვევდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მედიას საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


ევროკავშირის დროშის გამოფენა საქართველოს ოფიციალურ უწყებებში წარმოადგენს ქვეყნის მხრიდან ევროინტეგრაციისკენ სვლის დემონსტრირებას. საქართველო რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყოს, ევროკავშირის დროშა სავალდებულო იქნებოდა საქართველოსა და გერმანიის დროშებთან ერთად.


ამ შემთხვევაში ოფიციალური პროტოკოლი არ დარღვეულა, რადგან ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვია არა როგორც ევროკავშირის ინსტიტუციის წარმომადგენელი, არამედ როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.


რაც შეეხება „Der Spiegel“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „საქაერონავიგაციამ“ კატეგორიულად უარყო დასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავის დგომის ფაქტი.


„დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ფოტო publika.ge

დავით კობახიძე
  • 9
  • 9064
0 Comments