წითელი ვერსია
  • 26
  • 2850

ასტრონომია VS ასტროლოგია „ფორმულაზე“

13 ივლისი 2022

როგორც ამბობენ, ასტროლოგია და ქირომანტია ადამიანებს კაშკაშას და შესაძლებლობებით სავსეს ხდის; ფაქტობრივად „კომუნიზმია“ თავისი საუკეთესო ფორმით, რადგან ყველას აქვს დაბადების დღე და ხაზები ხელისგულზე.


ეს ამბავი ქართულმა მედიამ კარგად გააცნობიერა და თავის მაყურებელს სისტემატურად ანებივრებს მისტიკური თემებით და ვარსკვლავთმრიცხველ-ქურუმებით.


13 ივლისს „ფორმულას“ დილის გადაცემის ყურადღება ამჯერად ასტრონომიულმა მოვლენამ - სუპერმთვარეობამ მიიპყრო: როცა მთვარე დედამიწის ორბიტაზე ბრუნვისას ყველაზე ახლო წერტილს, პერიგიას უახლოვდება და შეუიარაღებელი თვალითაც კი, უფრო დიდი და მკაფიო ჩანს.


როგორც „ფორმულაზე“ გვაუწყეს, მთვარის „ენერგეტიკა ამ დროს უფრო ძლიერი და საყურადღებოა და ეს ძალა საკუთარი სურვილების ასრულებისთვის, წარმატების შანსების გაზრდისთვის უნდა გამოვიყენოთ“.


პრაქტიკული რჩევებისთვის წამყვანებმა ასტროლოგ-ეზოთერიკოსს მიმართეს.


ინტერვიუს ცენტრალური, ფაქტობრივად ერთადერთი კითხვა იყო - როგორ მოქმედებს სუპერმთვარე ადამიანებზე, რადგან წამყვანების ნაცნობები თავს უჩვეულოდ - მოთენთილად გრძნობენ.


ასტროლოგმა კომპეტენტურად დაადასტურა რომ, რადგან მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იკავებს, ადამიანებში შფოთი და გაღიზიანება იმატებს; მოიხმო სტატისტიკაც (გაურკვეველი წყაროდან), რომ ამ დროს იზრდება ავარიული შემთხვევების რიცხვი. უფრო მეტიც: მოვლენა აქტუალურია თვით სახელმწიფოების დონეზე, გლობალური მასშტაბით, რადგან მთვარე ყველაზე „ცოცხალი“, „ემოციური“ მნათობია ადამიანებისთვის.


მანვე გაგვათვითცნობიერა რომ, რადგან მთვარე თხის რქის ზოდიაქოში იმყოფება, შესაბამისი რიტუალები უნდა ჩატარდეს; თხის რქა სიმბოლურად უკავშირდება ყანწს, „ჯადოსნურ სასმისს“ და აქედან გამომდინარე, საქართველოში სადღეგრძელოს თქმის უხსოვარ ტრადიციას.


ასტროლოგიური „გაიდლაინებით“ გვირჩიეს, 22:37 წუთზე ფანჯრის რაფაზე წყლიანი ან ღვინიანი ჭიქის, სასურველია, ყანწის მოთავსება, „ჯადოსნური“ სიტყვების („ეს წყალი მომიტანს..“) წაბუტბუტება და გადახუხვა. ასევე სამკაულების და საფულეების ჩვენება მთვარისთვის, ისევე როგორც ამას ჩვენი ბებია-ბაბუები და წინაპრები აკეთებდნენ...


გადაცემის დანარჩენი ნაწილი 12 ზოდიაქოს მიმოხილვას დაეთმო, წამყვანები ცმუკავდნენ - ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, რა ბედს უმზადებდა საკუთარი ჰოროსკოპი.



რას იტყოდა ასტრონომი, სტუდიაში რომ მოეწვიათ:


სუპერმთვარეობა, როგორც მოვლენა, იშვიათი არ არის - ყოველ 14 თვეში ერთხელ ხდება;


თავად ტერმინი ასტროლოგ რიჩარდ ნოლს ეკუთვნის, რომელიც პირველად 1979 წელს გამოიყენა. ნოლი, მისტიციზმით და ეზოთერიზმით გატაცებულ თაყვანისმცემლებთან ერთად ამტკიცებდა, რომ მოვლენას ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე. მიუხედავად ამისა, მეცნიერულად ეს ვერ დაასაბუთა და დღემდე ეს თეორია არაერთხელ უარყვეს, მათ შორის NASA-მ.


ასტრონომი სავარაუდოდ იტყოდა, რომ არსებობს უფრო საინტერესო ასტრონომიული მოვლენები და სამეცნიერო აღმოჩენები, რომელიც ქართული მედიის ყურადღების მიღმა რჩება.



ფეისბუკ-გამოხმაურება ბოლოსიტყვაობის მაგივრად:


აი მართლა, ეს *****, ასტრონომიის ტრიუმფის, ჯეიმს ვების ტელესკოპის ფოტოების ფონზე მაინც არ შეიძლება, რომ ასტრონომი მოიწვიოთ სტუდიაში, რომელიც აუხსნის ადამიანებს, რა არის სუპერმთვარე?


ნატა მინდელი
  • 26
  • 2850
0 Comments