წითელი ვერსია
  • 7
  • 2263

არის თუ არა ტვ „პირველის“ სიუჟეტი ქსენოფობიური?

05 აგვისტო 2022

4 აგვისტოს ტვ „პირველის“ მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტი ბათუმის ცენტრში არსებულ კაფეში შედის, იქ მომუშავე პერსონალს ქართულად უსვამს შეკითხვებს და აღმოაჩენს, რომ მათ არ იციან ქართული. პერსონალი რუსულად მიმართავს ჟურნალისტს, რომ არ ესმის ქართული, მოუწოდებს გათიშოს კამერა და ხელისკვრით ატოვებინებს კაფეს.


სიუჟეტის კადრებში ვხედავთ ქართულ წარწერას ფასადზე, კაფეში კი რუსულენოვან წარწერებს და პერსონალის მიერ წარმოდგენილ ორენოვან მენიუს.


კადრში ჩნდება ადგილზე გამოძახებული პატრულიც, რომელიც კერძო სივრცეში შეჭრის გამო, კაფეს მფლობელმა გამოიძახა.


ჟურნალისტი პატრულს მიმართავს არა კანონდარღვევის აღმოსაფხვრელად, არამედ შეკითხვით:


„თქვენ არ გაქვთ პროტესტი ამაზე? პროტესტი არ გიჩნდებათ ამაზე?“


თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ არღვევს კანონს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ან კანონს ოკუპაციის შესახებ, ან კანონს სახელმწიფო ენის შესახებ, მაშინ მისი საქმიანობა კანონგარეშე არ არის.


რაც არ უნდა ნეგატიური პირადი დამოკიდებულება ჰქონდეს ჟურნალისტს რუსული ენის მიმართ, თუ კანონი დარღვეული არ არის, სიუჟეტი ითვლება ქსენოფობიურად და ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.


მსგავსი სიუჟეტის მომზადება გამართლებულია, თუ ის კონკრეტულ კანონდარღვევებს ავლენს და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მიუთითებს. სხვა შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჟურნალისტის პირად პოზიციას და სტანდარტის დარღვევას წარმოადგენს.


მითუმეტეს, რომ მაყურებელმა ვერაფერი გაიგო, კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან კაფეს პერსონალი, ან როდის შემოვიდნენ ქვეყანაში.


ჟურნალისტის მიერ ემოციურად ნათქვამი ფრაზა: - „საკუთარ ქვეყანაში რუსებმა უნდა გამოგვაგდონ?“, ადასტურებს, რომ სიუჟეტი მომზადდა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით, რამაც საზოგადოების ქსენოფობიურად განწყობილ ნაწილზე შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს და იმ ფონზე, როცა საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხე საკმაოდ მაღალია, კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია.


მედიასაც ისევე აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც სახელმწიფოს ნებისმიერ შტოს და მთლიანად საზოგადოებას.


თუ ევროპული სახელმწიფოს შექმნა გვსურს, დროა ამ პასუხისმგებლობებსა და სტანდარტებზეც ვისაუბროთ.


ანა კორსანტია
  • 7
  • 2263
0 Comments