წითელი ვერსია
  • 0
  • 2276

არასწორი ინფორმაცია ტრუსკავეცზე

02 ოქტომბერი 2021

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქართული მედია კიდევ უფრო პოლარიზებული ხდება, რის შედეგადაც იზრდება გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და სასურველი ინტერპრეტაციების ფაქტად გავრცელების შემთხვევები. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როცა საარჩევნო პროცესების გაშუქება ე. წ. ფორსმაჟორულ საინფორმაციო ფონზე მიმდინარეობს.


სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა მედია და, განსაკუთრებით ტელემედია 1 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მისი განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ, რასაც მალე ვიდეოსელფებიც მოჰყვა, რომლებიც, ექსპრეზიდენტის თქმით, მან ბათუმში გადაიღო.


ამის შემდეგ ტელემედიის ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციური განწყობით გამოირჩევა, დაბეჯითებით გვარწმუნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, სხვა მედიასაშუალებები კი იუწყებოდნენ, რომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის უკრაინაში იმყოფება.


სწორედ ასეთ ვითარებაში გავრცელდა ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში იდენტური შინაარსის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად არა საქართველოში, არამედ კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.


„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება... პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია“ - ეს ინფორმაცია „ქრონიკისა“ და „კურიერის“ საინფორმაციო გამოშვებებში გავრცელდა, როგორც მათ მიერ მოპოვებული ექსკლუზივი.


აღნიშნული ცნობა ასევე გამოქვეყნდა „რუსთავი2“-ის ვებგვერდსა და „იმედინიუსზე“, მალე კი იგივე ტექსტი ვიხილეთ POS TV-ის ვებგვერდზეც, სადაც ინფორმაციის წყაროდ „იმედი“ არის მითითებული.


მოგვიანებით, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების კადრები გაავრცელა, ნათელი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი ტრუსკავეცში არ იმყოფებოდა და აღნიშნულმა ტელეარხებმა მკითხველსა და მაყურებელს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2276
0 Comments