წითელი ვერსია
  • 76
  • 6129

არასრული რეპორტაჟი საშიშ სათამაშოებზე

24 იანვარი 2023

23 იანვარს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა მაყურებელს ამცნო, რომ საბავშვო სათამაშოების 77 სახეობა ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია.


ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მედიის მიერ ამ თემის გაშუქება ბუნებრივი და აუცილებელია.


„მთავარი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს სათაურით: „სიცოცხლისათვის საშიში სათამაშოები“.


„ქართულ ბაზარზე შემოსული პროდუქტებიდან 70-ზე მეტი სახეობის ნაწარმის რეალიზაცია შეჩერებულია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვების საყვარელი გასართობი, ტოქსიკურ და მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რაც მოზარდების ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს იწვევს. უკვე წლებია, ქვეყანაში პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა სახელმწიფოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოზარდებს დაიცავს საშიში სათამაშოების მავნე ზეგავლენისგან“ - გვითხრა წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას.


სიუჟეტის მიხედვით, „2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე გამოტანილ 77 სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა“.


ჟურნალისტის თქმით, „საბავშვო სათამაშოების 77 სახეობაში მძიმე მეტალების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს.“


მოვისმინეთ ტოქსიკოლოგის, მომხმარებელთა უფლებების დამცველის და პედიატრის მოსაზრებები იმის შესახებ, რა გართულებები მოჰყვება სათამაშოებში აღმოჩენილ მძიმე მეტალებს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და რომელი სათამაშოები შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს.


ჟურნალისტის თქმით: - „ფაქტია, რომ საქართველოს ბაზარზე სიცოცხლისთვის საშიში სათამაშოები იყიდება და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. არსებობს სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, მაგრამ როგორც ჩანს, მასში გაწერილი ნორმები პრაქტიკაში არ სრულდება. მოვაჭრეებს საშიში სათამაშოების გაყიდვიდან ამოღება დაევალათ, თუმცა გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოები დახლებზე და შემდეგ უკვე ბავშვების ხელში არ მოხვდება“.


რეპორტაჟიდან მაყურებელმა შეიტყო, რომ გაყიდვაში არსებული სათამაშოების 15-20 პროცენტი საშიშია, რომ „დენადი გენოციდი“ გვემუქრება, რომ საბაჟო კონტროლი უნდა გამკაცრდეს პროდუქციის ხარისხზე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი არავინაა!


ჟურნალისტიკის 5 W-ს და 1 H-ის პრინციპი ამბობს, რომ რეპორტაჟი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ არ პასუხობს შემდეგ კითხვებს: ვინ? სად? რა? როდის? რატომ? როგორ? (who, where, what, when, why, and how).


„მთავარი არხის“ სიუჟეტიდან კი ვერავინ გაიგო: - ვინ შეამოწმა და ჩაატარა კვლევა? რატომ გადაწყდა კვლევის ჩატარება? რა რაოდენობის პროდუქტი იყო გამოკვლეული და როგორი იყო გამოკვლევის პრინციპი? ასევე, სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება დანარჩენ უსაფრთხო პროდუქტზე?


შესაბამისად, რეპორტაჟი არასრულია, მაყურებელი კი არასწორად ინფორმირებული, რაც საბოლოოდ ისევ ბავშვებს აზიანებს: - არსებობს საშიშროება, რომ მედიის მიერ მიწოდებული ამგვარი ინფორმაციის შემდეგ, მშობელმა ბავშვები, „რევოლუციამდელი ბავშვის“ მსგავსად, სათამაშოს გარეშე დატოვოს.


სრულყოფილი რეპორტაჟის შემთხვევაში მაყურებელი შეიტყობდა, რომ სათამაშოებზე და ნებისმიერ პროდუქტზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო“, რომლის ვებ-გვერდზე დეტალურად არის გაწერილი, როდის, ვის მიერ, რა ფორმით და რატომ გადაწყდა სათამაშოების შემოწმება.


ამავე გვერდზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტყოს, კონკრეტულად რომელი სათამაშოა საშიში და რატომ.


საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის შემთხვევაში, ჟურნალისტი იმასაც ეტყოდა მაყურებელს, რომ „კომპანიებს დაევალათ საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება, მომხმარებლებზე რეალიზებული პროდუქტების უკან დაბრუნება და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მაღაზიაში გამოკრული საინფორმაციო ბანერების, კომპანიის სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მეშვეობით.“


ლაბორატორიული, დოკუმენტური და ტექნიკური კვლევა წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. სათამაშოების ნაწილი საფრთხის შემცველად ჩაითვალა არა მარტო მათი ქიმიური შემადგენლობის, არამედ იმის გამოც, რომ მათ მცირე ნაწილები ძვრებოდა, რაც ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.


დასასრულ, ცოტა უცნაურია, რატომ დაინტერესდა მედია ამ მწვავე პრობლემით იანვრის ბოლოს, მაშინ როცა სააგენტომ ინფორმაცია და გაფრთხილება მავნე სათამაშოების შესახებ ჯერ კიდეგ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოაქვეყნა.


მართებული იქნებოდა, მედიას ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორი თვის თავზე ის შეემოწმებინა, სრულდება თუ არა ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული განკარგულება და ამოიღეს თუ არა გაყიდვიდან მავნე პროდუქცია ბიზნეს-ოპერატორებმა.




ლელა კურდღელაშვილი
  • 76
  • 6129
0 Comments