წითელი ვერსია
  • 9
  • 10693

აბა ომი გინდა? - ქარდ-ნიუსი მედიამანიპულაციის სამსახურში

16 სექტემბერი 2022

„როგორც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს“, - 14 სექტემბერს ინტერნეტგამოცემებმა „ტაბულამ“ და „ნეტგაზეთმა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ერთი და იგივე ფრაზით ე.წ. ქარდი/პოსტერი გაავრცელეს.


აღნიშნულ პოსტებს ფეისბუკ-აუდიტორიის მრავალრიცხოვანი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის, უდიდესი ნაწილი - მკვეთრად უარყოფითი (შეურაცხმყოფელიც).


„ანუ იმის თქმა გინდა, რომ უკრაინა რუსეთის ისეთივე ისტორიული მხარეა, როგორც საქართველოსთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო?“


„არა, უფრო იმას ამბობს, რომ ჩვენ არავის არ დავესხმებით თავს და არავისთან გვაქვს სადავო არაფერიო. ისინი ცალკე სახელმწიფოები არიან და ჩვენ ცალკეო. ფაქტიურად აღიარებაა“, - წერდნენ აღშფოთებული მოქალაქეები კომენტარებში.


რა თქვა სინამდვილეში ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ „ღამის კურიერის“ ეთერში თავიდან ბოლომდე?


“ქართულ საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს და იმის მოტივაციაც აქვთ, რომ სადაც სამშობლოს და ქვეყანას სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს. ამიტომ, იმის თქმა, რომ ნებისმიერ საზოგადოებას ომი არ უნდა, შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის. თუ საჭიროა ომი, უნდა იომო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები - ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით. ასევე, რას მოუტანს ეს ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც საზოგადოებაც ითვალისწინებს - თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში - ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არამარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.


როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ერთმა ფრაზამ კონტექსტის გარეშე სრულიად შეცვალა რესპონდენტის ნათქვამის შინაარსი და მაყურებელს/მკითხველს არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნა.


ინფორმაციისთვის:


საერთაშორისო მედიაში ე.წ. Card News-ის, როგორც გამოსახვის საშუალების გამოყენება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება.


პოპულარული ტენდენცია ქართულმა მედიამაც აიტაცა - ის მობილური პლატფორმების წაკითხვისუნარიანობას ზრდის და აღქმასაც ამარტივებს. ფოტოებზე მცირე წინადადებები და მსხვილი ფონტი თვალის დაღლის ასარიდებლად კარგი საშუალებაა. ემოციები და კომუნიკაცია კი მახვილგონივრული წერის და შესაბამისი გრაფიკის გამოყენებით ხორციელდება.


მაგრამ,


არცთუ იშვიათად და უსაფუძვლოდ, დასავლურ მედიაში მას მანიპულაციის შესანიშნავ საშუალებადაც მოიაზრებენ.


ნატა მინდელი
  • 9
  • 10693
0 Comments