წითელი ვერსია
  • 0
  • 4159

COVID-არითმეტიკის ფორმულა

14 სექტემბერი 2020

მსოფლიო პანდემიის პირობებში, როცა კოვიდინფექციამ ყველა ქვეყნის ხელისუფლება სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა, მმართველი გუნდის მიმართ მხოლოდ კრიტიკით გამორჩეული ქართული ტელეარხები მაქსიმალურად ცდილობენ, ვირუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თუ მოქმედებები მთავრობის მიზანმიმართულ პოლიტიკურ შეთქმულებად გამოაცხადონ.


სიუჟეტებიდან, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით კრიტიკულ არხებზე მზადდება, მაყურებელი ხშირად არაერთგვაროვან და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებსაც კი ისმენს, სადაც, ერთი მხრივ, ხელისუფლებას შეიძლება მოუწოდებდნენ რეგულაციების გამკაცრებისკენ, ხოლო მეორე მხრივ, აკრიტიკებდნენ „ეკონომიკური კოლაფსისთვის“, რაც ძალიან მკაცრ რეგულაციებს შეიძლება მოყვეს.


ამგვარი ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ამ ფორმით კრიტიკას ვიწროჯგუფური ინტერესები უდევს სარჩულად და კორონავირუსის თემას პოლიტიკურად სინამდვილეში სწორედ მედიის „რადიკალურად ოპოზიციური“ ნაწილი იყენებს. ამასთან, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ კამპანიაში ოპოზიციურ მედიას ხშირად ავიწყდება (ან საერთოდ არ აინტერესებს), რომ ასეთი კრიტიკით საზოგადოება, შესაძლოა, ხელისუფლებაზე მეტად დაზიანდეს, რადგან თუ მაყურებელი ოფიციალური ინფორმაციის მიმართ ნდობას დაკარგავს, შეიძლება ვირუსის არსებობა საერთოდ ეჭვქვეშ დააყენოს და სიფრთხილეც შეასუსტოს, რაც დისკრედიტაციაზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანიის პირობებში გამორიცხული სულაც არ არის.


სწორედ ასეთი ხასიათის სიუჟეტი შესთავაზა ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაყურებელს 13 სექტემბერს, საკვირაო გადაცემაში „დროება“.


სიუჟეტის ჩვენებამდე, გადაცემის წამყვანმა წინასიტყვაობაში გვაუწყა, რომ ხელისუფლება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის მკვეთრი ზრდის თავიდან ასაცილებლად ცდილობს, ტესტირება ნაკლები რაოდენობის ადამიანს ჩაუტაროს, თუმცა, თავად სიუჟეტის მთელი შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის წამყვანის სიტყვებთან და საპირისპიროს ამტკიცებს.


რეალურად, სიუჟეტში საუბარია არა ინფიცირებულთა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებაზე, როგორც წამყვანი აღნიშნავს, არამედ პირიქით, ხელოვნურ ზრდაზე. კერძოდ - წამყვანის სიტყვების საპირისპიროდ ჟურნალისტი გვეუბნება, რომ ხელისუფლება ცდილობს... კოვიდინფიცირების რაც შეიძლება მეტი შემთხვევა დააფიქსიროს და ეს ციფრები შემდეგ იმისთვის გამოიყენოს, რომ შეშინებულმა მოსახლეობამ არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავოს.


ცხადია, რომ სიუჟეტის აღნიშნული ორი ნაწილი ერთმანეთს რადიკალურად ეწინააღმდეგება. თუ მაყურებელი დაიჯერებს იმას, რომ, ვირუსთან წარმატებულად მებრძოლი „იმიჯის შესანარჩუნებლად“ ხელისუფლება „ცდილობს, ნაკლები ტესტი ჩაატაროს“, მაშინ, ამავე დროს, როგორ უნდა დაიჯეროს ის, რომ „ხელისუფლება ცდილობს კოვიდინფიცირების რაც შეიძლება მეტი შემთხვევა დააფიქსიროს და ეს ციფრები შემდეგ იმისთვის გამოიყენოს, რომ შეშინებულმა მოსახლეობამ არჩევნებზე მისვლისგან თავი შეიკავოს“?


აქ აშკარაა, რომ, როგორც ჩანს, ტელეკომპანია „ფორმულა“ თავად გაიხლართა რამდენიმე შეთქმულების თეორიაში, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ „ოპოზიციურმა ტელევიზიამ“ არც ერთ მათგანზე არ თქვა უარი და შეეცადა ისინი ერთ სიუჟეტში გაეერთიანებინა, საიდანაც მაყურებელმა ცხადია ვერაფერი გაიგო გარდა იმისა, რომ კონკრეტული ტელევიზია ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი საბაბით მზადაა ხელისუფლების გასაკრიტიკებლად.


ამ ვარაუდის საფუძველს ამტკიცებს ისიც, რომ მთლიანობაში, სიუჟეტი, სახელწოდებით „თეთრ ხალათს ამოფარებული ხელისუფლება“, „ქართული ოცნების“ „ვირუსთან მებრძოლი წარმატებული იმიჯის მსხვრევას“ ეძღვნება, თუმცა, რეალურად მთლიანად ქვეყნის, ანუ საქართველოს და ქართველი ექიმების წარმატებულ იმიჯს უფრო აზიანებს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4159
0 Comments