წითელი ვერსია
  • 0
  • 1224

C ჰეპატიტი და მედია სხვა პოლუსზე

29 ივლისი 2020

ქართული მედიის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ბოლო პერიოდში ძირითადად კრიმინალისა და ზოგადად, „ნეგატიური ამბების“ გაშუქებაზეა ორიენტირებული, ხოლო მედიის მეორე ნაწილი ცდილობს გააკრიტიკოს ის ინტერპრეტაციები, რომლებსაც ოპოზიციური არხები ნეგატიურ ამბებს აძლევენ.


აქედან გამომდინარე, ქართული მედია მთლიანობაში დიდწილად ორიენტირებული გახდა ნეგატიურ ამბებზე და ამ დროს, მკითხველმა ან მაყურებელმა შესაძლოა ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია ვერც კი მიიღოს იმის გამო, რომ მას უბრალოდ არავინ აშუქებს.


მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ 28 ივლისს, C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელიც თბილისში გაიმართა და სადაც, გარკვეულწილად შეჯამდა 2015 წლიდან დღემდე საქართველოში С ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მიმდინარე უნიკალური პროგრამის შედეგები.


ცნობისთვის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 2015 წლიდან, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დახმარებითა და ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ ხელშეწყობით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამა მოქმედებს. მსგავსი პროექტი ჯერ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა - საქართველო კი ამ პროგრამისთვის ქვეყნის მცირე მასშტაბის გათვალისწინებით და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.


აღსანიშნავია, რომ განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა საქართველოში ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს; მკურნალობა დაიწყო 70 ათასმა პაციენტმა, ხოლო მათგან კურსი უკვე წარმატებით დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა, რის შედეგადაც განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.


ამ შედეგების გამო, საქართველო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში აღიარებულ იქნა, როგორც სანიმუშო ქვეყანა C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ვირუსის სრული ელიმინაცია, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მთლიანად დაამარცხა ეს დაავადება. ამავდროულად, ეს იქნება უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის.


ამ გამოწვევებიდან გამომდინარე პროგრამის წარმატებით დასრულება სახელმწიფოს ეროვნული სტრატეგიაა, თუმცა გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა პროგრამას და ინფორმაციას მის შესახებ სასიცოცხლო მნიშვლელობა აქვს ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ოჯახისთვის საქართველოში. აქედან გამომდინარე პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოების მაღალ ინტერესს, რის საშუალებასაც სწორედ С ჰეპატიტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იძლეოდა.


ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც საქართველო შეაფასა როგორც „ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით“.


მიუხედავად ამ მნიშვნელობისა და საზოგადოების ინტერესისა, ინფორმაცია ღონისძიებისა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საერთოდ ვერ მოხვდა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედიის საინფორმაციო გამოშვებებში, მხოლოდ დღის გამოშვებებში გაშუქდა „იმედისა“ და „რუსთავი-2“-ის ეთერში, საღამოს შემაჯამებელ გამოშვებაში კი დრო მას მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1224
0 Comments