წითელი ვერსია
  • 0
  • 4301

„სკოლის მერხიდან ევროპულ უნივერსიტეტში“

01 მაისი 2022

„რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ“ - ამ სათაურით შესთავაზა „კურიერმა“ მაყურებელს ვრცელი რეპორტაჟი 29 აპრილს.


თუმცა სინამდვილეში, მაყურებელმა მოისმინა არა რეზოლუციის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები, შესაბამისი ციტირებით, არამედ შეფასებები, რომელიც ამ ტექსტის ირგვლივ გააკეთეს პოლიტიკოსებმა - ევროსაბჭოს და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.


რეპორტაჟის მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა შეისწავლეს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ტენდენცია და დაასკვნეს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში უწყვეტი პროგრესია. ამასთანავე, დასახელდა მთავარი საფრთხეც, რომელმაც პროგრესს, შესაძლოა პრობლემა შეუქმნას - პოლიტიკური პოლარიზაცია.


პოლარიზაციის დასაძლევად ევროსაბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მისცა ქართულ მხარეს. თუმცა, რეპორტაჟის ავტორის მიერ არ იყო ციტირებული და დაკონკრეტებული არც ერთი მათგანი.


შესაბამისად, „კურიერის“ მაყურებლისათვის გაუგებარი დარჩა, რაზე აკეთებდნენ აქცენტს სტრასბურგში გამართული დებატებისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები.


ამასთან, რეპორტაჟში ვერ მოხვდა ვერცერთი კრიტიკული შენიშვნა რეზოლუციის ტექსტიდან, რომლებიც, მაგალითად, - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედ კანონს, პოლარიზებულ მედიაგარემოს შეეხება.


სამაგიეროდ, წამყვანების და ავტორის მიერ რამდენჯერმე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რაც „ქვეყანას აძლევს შანსს ევროსაბჭოს მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის დიალოგის ეტაპზე გადავიდეს“.


რადგან შანსზეა საუბარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტმონიტორინგის დიალოგის ეტაპზე გადასვლა კარგი ამბავია, თუმცა რას გულისხმობს აღნიშნული ეტაპი? - აუდიტორიამ ამის შესახებ ვერაფერი შეიტყო.


წამყვანის თქმით, ეს დაახლოებით „სკოლის მერხიდან ევროპულ უნივერსიტეტში გადასვლის“ ტოლფასია. ასეთივე აღფრთოვანება გამოხატეს მმართველი პარტიის წევრებმაც.


ასეთ დროს, მაყურებელს ისღა დარჩენია, სიტყვაზე ენდოს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს; და დაელოდოს, რომ ევროპულ უნივერსიტეტში მოხვედრას ქართულ პოლიტიკურ საკლასო ოთახში არსებული პოლარიზაცია ხელს არ შეუშლის.




ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 4301
0 Comments