წითელი ვერსია
  • 3
  • 8630

„შეთქმულების მხილება“ ინფორმაციის გამოტოვების ხარჯზე?

21 სექტემბერი 2023

21 სექტემბერს განათლების მინისტრის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რა შედეგებით დასრულდა მოლაპარაკებები უმაღლეს სასწავლებლებთან და რა მექანიზმებით მოხდება სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა, უმაღლესი სასწავლებლებისთვის კი - დავალიანებების გასტუმრება.


ბრიფინგის შემდეგ „მთავარი არხის" 15-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გვითხრეს:


„განათლების მინისტრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრას ადასტურებს“.


ეკრანზე გაკეთებული წარწერა კი გვამცნობდა: - „ოცნება“ უნივერსიტეტებს აკოტრებს.


ასეთი განაცხადის შემდეგ მაყურებელს გაუჩნდა მოლოდინი, რომ „მთავარის“ ჟურნალისტებმა მინისტრის კონსპირაციული შეხვედრების შესახებ შეიტყვეს და გამოამზეურეს მზაკვრული გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ოცნებამ“ სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა უნივერსიტეტების გაკოტრების ხარჯზე გადაწყვიტა.


მძაფრსიუჟეტიანი ჟურნალისტური გამოძიების ნაცვლად, მოვისმინეთ რეპორტიორის თხრობა იმის შესახებ, რა უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.


მინისტრის თქმით: - „უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს.


კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. ეს დაახლოებით იქნება ვალის ოდენობის 20 პროცენტი, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა..“


ჟურნალისტის თქმით, - „თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს აქვთ შიდა რეგულაციები, რომლის საშუალებითაც სოციალურად დაუცველ სტუდენტს ისედაც უფინანსებენ სწავლის საფასურს“.


რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა, რომ უნივერსიტეტების მიერ „დადებითად“ შეფასებული გადაწყვეტილება ამ უნივერსიტეტების „გაკოტრებას“ ნიშნავდა? - გაუგებარი დარჩა.


რეპორტაჟიდან მაყურებელმა ვერ შეიტყო მნიშვნელოვანი დეტალი ბრიფინგიდან, რომელიც ჟურნალისტის თხრობის ბუნდოვანებას მეტ სიზუსტეს შესძენდა და გასაგებს გახდიდა სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის სპეციფიკას:


მინისტრის თქმით, - ყველა უნივერსიტეტს, სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში, დაემატება სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნება პრობლემა სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით.


ასეთი შეთავაზება გასაგებს ხდის უნივერსიტეტების მზაობას, დათანხმდნენ წინადადებას, რადგან ამით სახელმწიფო მათ არა მხოლოდ უიმედო დავალიანების ნაწილს გაუსტუმრებს, არამედ ბიზნესის სტიმულირებისათვის კვოტებიც დაემატებათ.


ამ მნიშვნელოვანი დეტალის გამოტოვება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთავრობა უნივერსიტეტებს დავალიანების მხოლოდ მცირე ნაწილს გაუსტუმრებს და ათასობით სტუდენტს სტატუსი ბიზნესის დაზარალების ხარჯზე აღუდგება.


ლელა კურდღელაშვილი
  • 3
  • 8630
0 Comments