წითელი ვერსია
  • 0
  • 2131

„სენსაციურად სკანდალური“ სათაურები

07 აგვისტო 2021

„მწვავე“ სათაური და ანონსი ქართულ მედიაში კვლავაც რჩება აუდიტორიის მოზიდვისა და მანიპულირების ერთ-ერთ მთავარ ხერხად. ამასთან, ამ ხერხს მედიის ნაწილი ისეთ შემთხვევებშიც კი იყენებს, როცა საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ხოლო თავად ინფორმაციაში რეალურად სკანდალური არაფერია. ამ დროს სათაურში დაანონსებულ „ცუდ ამბავზე“ სიუჟეტში ან სტატიაში შესაძლოა საერთოდ არაფერი იყოს ნათქვამი.


სწორედ ამგვარი - ანონსისა და ინფორმაციის ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი სიუჟეტი მიუძღვნა „მთავარმა არხმა“ 5 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ევროკომისიის მორიგ ანგარიშს უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ.


სიუჟეტი სახელწოდებით „საფრთხე საქართველოსთვის“ არხმა ფეისბუკგვერდზე ამგვარად წარადგინა: „შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს“, გადაცემის წამყვანმა კი შესავალ ტექსტში მაყურებელს ასევე აუწყა, რომ „კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილების ავტორი ევროკავშირია, რომელიც დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების დაყენებას არ გამორიცხავს.“


ამ „ხმამაღალი“ წარდგენისა და დასათაურების მიუხედავად, ვრცელ სიუჟეტში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის შესახებ სრულიად არაფერი იყო ნათქვამი. მეტიც, სიუჟეტის ნახევარზე მეტი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ“ 5 აგვისტოს განცხადებას და მასზე გამოხმაურებებს დაეთმო, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ არც თავად ჟურნალისტს უთქვამს რამე და არც რესპონდენტებისთვის უკითხავს.


რეალურად, ერთადერთი კითხვა, რომელიც სიუჟეტში მოვისმინეთ და ასე თუ ისე შეიძლება დავუკავშიროთ მის სათაურს, ასეთი იყო: „დაიმსახურებს თუ არა ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობებისა და შარლ მიშელის დოკუმენტის გადახედვის გამო საქართველო სანქციებს?“


თუმცა, ამ კითხვის პასუხადაც კი „მთავარი არხის“ რესპონდენტები - ქართველი ანალიტიკოსები, რომელთა პოლიტიკური მიუკერძოებლობაც, თავის მხრივ, სულაც არ არის უდავო - მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში საუბრობენ ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე და ევროკომისიის ანგარიშის შინაარსზე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ უვიზო მიმოსვლას რამე საფრთხე ემუქრება.


სიუჟეტში სანქციებზე საუბარი არ სურს ამერიკელ რესპონდენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ წარმომადგენელს დანიელ ფრიდსაც: „მე შეშფოთებული ვარ ამ სანქციებზე საუბრით, ჩვენ არ გვსურს ამაზე ფიქრი, რადგან საქართველო ჩვენი მეგობარია. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი რამ, რასაც ჰქვია მაგნიტსკის სია და არსებობს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს და ამერიკას ადრე გამოუყენებია ასეთი სანქციები, მაგრამ მე არ მსურს ამაზე საუბარი საქართველოსთან მიმართებაში“ - ამბობს ფრიდი, თუმცა რესპონდენტისთვის სასაუბროდაც კი არასასურველ სანქციებში, როგორც ვხედავთ, იგი არა ევროკავშირის, არამედ აშშ-ის სანქციებს გულისხმობს.


რაც შეეხება თავად ევროკომისიის ანგარიშს, რომელზე „დაყრდნობითაც“ „მთავარმა არხმა“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება იწინასწარმეტყველა, მასში ასევე არაფერია ნათქვამი უვიზო რეჟიმის გადახედვაზე.


დოკუმენტში ასახულია მონიტორინგის პერიოდში მიღწეული შედეგები, ისევე, როგორც ევროკომისიის მიერ დანახული გამოწვევები და ნათქვამია, რომ „მთლიანობაში საქართველო განაგრძობს ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებას“, რაც შეიძლება განვლილი პერიოდის ზოგად შეფასებად ჩაითვალოს.


ამგვარად, დაანონსებული „სენსაციურად სკანდალური“ ცუდი ამბის შესახებ მაყურებელმა „მთავარი არხის“ ვრცელ სიუჟეტში ერთი წინადადებაც კი ვერ მოისმინა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა არა მხოლოდ ის, თუ რას ემყარებოდა ვარაუდი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, არამედ ისიც, თუ საერთოდ რა კავშირი ჰქონდა ანონსსა და წარდგენას უშუალოდ სიუჟეტთან.


ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ ისაა, რომ ამგვარი წარდგენა და დასათაურება შეიძლება ემსახურებოდეს აუდიტორიაში კონკრეტული განწყობების ჩამოყალიბებას იმის გათვალისწინებით, რომ ფეისბუკმომხმარებელთა ნაწილი სოციალურ ქსელში ზოგჯერ მხოლოდ ინფორმაციის სათაურსა და წარდგენას ეცნობა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2131
0 Comments