წითელი ვერსია
  • 8
  • 10698

„როგორც წავა გადაცემა, იმის მიხედვით წავა...“

30 ივლისი 2022

28 ივლისს, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილსა და გადაცემის წამყვანს შორის შელაპარაკება და სტუმრის მიერ სტუდიის დატოვება, ფართო განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელში.


შეფასებები არაერთგვაროვანი იყო, - ერთნი ამბობდნენ, რომ რესპონდენტს უნდა მოეცადა და მშვიდად დალოდებოდა, როდის შეიყვანდნენ ეთერში; სხვები ინგა გრიგოლიას აკრიტიკებდნენ, როყიო პასუხის და სხვისი დროის უპატივისმცემლობის გამო.


„50 წუთია ვიცდი“ - იყო თამარ ჩერგოლეიშვილის პრეტენზია, რომელიც სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას შევიდა, საკუთარი დროის პატივისცემა მოითხოვა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წავიდოდა; რაზეც წამყვანის რეაქციამ არ დააყოვნა - „წაბრძანდით, კი ბატონო...“


დროის პატივისცემა, ვინ ვინ და, ჟურნალისტმა ნამდვილად უნდა იცოდეს. შეუძლებელია ეს არ სცოდნოდა დიდი ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ინგა გრიგოლიას. იგივე ითქმის თამარ ჩერგოლეიშვილზე, რომელსაც არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ ტელევიზიაში ყველაფერი წუთი-წუთზე ვერ აეწყობა და გადაცემის ძირითადი დროისთვის გადაცილება არცთუ ისე იშვიათია.


თუმცა დროის მენეჯმენტთან დაკავშირებული პრეტენზია პირველად გაისმა წამყვანის მიმართ, თანაც პირდაპირ ეთერში: – „რაღაცნაირად ისე დავიგეგმოთ ხოლმე, რომ ადამიანებმა თავისი სიცოცხლის ძვირფასი წუთები არ კარგონ“ .


როგორ შეხვდა ამას წამყვანი, რომელიც „ჟურნალისტიკის მეტრად“ მიიჩნევა გარკვეულ წრეებში?


„უკაცრავად, მაგრამ, როგორც წავა გადაცემა, იმის მიხედვით წავა...“ ანუ დროის არასწორი მენეჯმენტის გამო შექმნილ უხერხულ სიტუაციაზე მობოდიშების ნაცვლად, იმის გამო შეწუხდა, რომ პირდაპირ ეთერში მისცეს შენიშვნა, რაზეც მიუთითებს ფრაზა: - „ახლა ფიქრობთ, რომ პირდაპირ ეთერში საქმეები უნდა მირჩიოთ?“


გამოდის, მისთვის პრეტენზია, შენიშვნა ან განსხვავებული პოზიცია „საქმის გარჩევაა“ და უფრო მეტიც - ღიად (პირდაპირ ეთერში) არავინ უნდა თქვას ამის შესახებ.


წამყვანი არათუ შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, პირიქით, - სტუმარს მიუთითა კარისკენ და თვითონ სტუდიაში მყოფ რესპონდენტთან გააგრძელა ინტერვიუ. გრიგოლიამ ამით თქვა, რომ მის გადაცემაში თამაშის წესებს თავად აწესებს და რაც არ უნდა შეეშალოს, ან არასწორად გააკეთოს, პასუხისმგებლობას არ იღებს.


უნდა დალოდებოდა თუ არა რესპონდენტი მისთვის განკუთვნილ დროს, ან უნდა შევარდნილიყო თუ არა ეთერში? უმრავლესობა ალბათ ასე არ მოიქცეოდა. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც „ტელევიზორში გამოჩენის გამო“ ყველაფრის ატანა არ სურთ და პატივს სცემენ დროის რეჟიმში ჩასმულ საქმიანობას, რომელიც სხვების საქმეებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და პატივსაცემია. იგივე შეიძლება ითქვას ექიმის მიერ პაციენტის დროის პატივისცემაზე, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა დღეს ბევრ კლინიკაში. დროის დეფიციტის პრობლემა ყველა თანამედროვე ადამიანს აწუხებს.


ინცინდენტის მეორე დღეს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც ველოდი, რომელიც გაუგებრობისთვის ბოდიშს მოიხდიდა და რაღაც ფორმით გამოასწორებდა შექმნილ უხერხულობას, მაგრამ არხმა დუმილი ამჯობინა.


როდესაც მედია, კრიტიკაზე პოლიტიკოსების რეაქციას აკრიტიკებს, თავადაც იმ სტანდარტით უნდა მოიქცეს, რასაც სხვისგან ითხოვს. სულ ესაა.


ანა კორსანტია
  • 8
  • 10698
0 Comments