წითელი ვერსია
  • 3
  • 2104

„ნადირობა“ მკითხველზე უცენზურო სათაურით

27 მაისი 2021

მასალის პოპულარობის გაზრდის მიზნით „სკანდალური“ და ზოგჯერ შინაარსთან აცდენილი სათაურის შერჩევა ქართულ მედიაში კარგა ხანია სიახლე აღარ არის, თუმცა ბოლო პერიოდში ქართულ ონლაინმედიაში იმდენად „უცნაური“ სათაურები გამოჩნდა, რომ რთულია მათ მხოლოდ სკანდალური ვუწოდოთ.


„კობა ხაბაზის მასტერკლასი მიხეილ სააკაშვილის უკანალის ლოკვაში – რამდენი იწვალა ბელადის საჯდომის ასალოკად“ - ასეთი სათაურით „გაანიუსა“ 24 მაისს „მარშალპრესმა“ (mpn.ge) ნაციონალური მოძრაობის წევრის, კობა ხაბაზის ერთ-ერთი ფეისბუკსტატუსი.


ამ სათაურში, გარდა მკითხველის მოზიდვის მიზნით გამოყენებული „სკანდალური ლექსიკისა“, ასევე ცხადად ჩანს რედაქციის პოზიცია და დამოკიდებულებაც კონკრეტულად პოსტის ავტორის მიმართ, თუმცა სარედაქციო პოლიტიკის „შიშველი დემონსტრირება“ სიახლედ ქართულ მედიაში ასევე ვერ ჩაითვლება.


„სიახლე“ აქ შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ თუ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით პოლარიზებული მედიასაშუალებების ნაწილი ცდილობს სარედაქციო პოზიცია მედიასტანდარტებისა და ეთიკის მეტ-ნაკლები დაცვით გამოხატოს, აქ მედია სათაურშივე დემონსტრაციულად ამბობს უარს ეთიკაზე და პოლიტიკურად მიუღებელი ჯგუფებისა თუ ადამიანების მიმართ ბილწსიტყვაობას, ჟარგონსა და ცინიზმს იყენებს.


„23 000 ლარი დღეში მხოლოდ სცენისთვის – რა მაყუთი იშოვება 'პატრიოტიზმში” - ასეთია იმავე დღეს (24 მაისს), მარშალპრესის" მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის სათაური, სადაც მკითხველს ინფორმაციის ნაცვლად სათაურიდანვე ჟარგონული ფორმით ჩამოყალიბებული განწყობა და პოზიცია მიეწოდება.


ზოგადად, აღნიშნული გამოცემა აშკარად გამოირჩევა მსგავსი ტიპის სათაურებით; ამასთან, ესა თუ ის მასალა ხშირად კონკრეტული პოლიტიკოსების თუ სხვა ცნობილი პირების ფეისბუკპოსტებზე, სატელევიზიო გამოსვლებზე, კომენტარებსა და ციტატებზეა აგებული, ხოლო გამოცემა მხოლოდ სათაურს (ანუ იგივე შეფასებას) გვთავაზობს. მაგალითად: „მიშას ჩიტუნები სხვანაირად აჭიკჭიკდნენ – 'ნაციონალური მოძრაობა' გადაფურთხებულის ალოკვას აპირებს“.


აღსანიშნავია, რომ თუ კონკრეტული ცნობილი ფეისბუკმომხმარებლის პოსტი უცენზურო ლექსიკას შეიცავს, ამგავრი პოსტი, ქართული ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის, და მათ შორის „მარშალპრესისთვისაც“ განსაკუთრებით საყურადღებო ხდება და ეს ლექსიკა სათაურშივე იკავებს „საპატიო ადგილს“, თუმცა, „მარშალპრესს“ უცენზურო სათაურების შექმნა არც, ერთი შეხედვით, ანალიტიკური მასალებისთვის არ უჭირს.


მაგალითისთვის გამოდგება თუნდაც 22 მაისს გამოქვეყნებული მასალა, სათაურით - „ვის უფრო დიდი აქვს - მელია და სააკაშვილი ერთმანეთს ატოლებენ - რატომ აჩმორებს მიშა ნიკანორს“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 2104
0 Comments