წითელი ვერსია
  • 0
  • 2980

„მთვრალი აგიტატორის“ ამბავი მთავარ არხზე

14 სექტემბერი 2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტელემედიაში გახშირდა სიუჟეტები, სადაც მაყურებელს მტკიცებით ტონში მოუთხრობენ არჩევნების გაყალბებისთვის მზადების შესახებ, თუმცა ხშირად ამ სიუჟეტებში შეფასებები ფაქტებად არის წარმოჩენილი, ხოლო თავად გავრცელებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეფასებებსა და კომენტარებს აკეთებენ, არავითარი მტკიცებულებით არ არის გამყარებული.


სწორედ ასეთი მაგალითები ვიხილეთ 14 სექტემბერს „მთავარი არხის“ დილის საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც მაყურებელს აუწყეს, რომ ხელისუფლება გორში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამისთვის მხარდამჭერებს, მუქარისა და შანტაჟის გამოყენებით, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევს.


ამ მძიმე ბრალდების დასადასტურებლად კი მედიამ მაყურებელს შესთავაზა ადგილობრივი მცხოვრების კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ქუჩაში იპოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ფიქრობს, რომ ისინი, სავარაუდოდ (?!), მმართველი გუნდის „ნასვამმა აგიტატორმა“ დაკარგა.


სიუჟეტიდან გაურკვეველია, რას ეფუძნება ვერსია „მთვრალი აგიტატორის“ შესახებ ან ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს პირადობის მოწმობებს ართმევს.


სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი პირი, რომელსაც პირადობის მოწმობა წაართვეს და ასევე, არ ყოფილა იდენტიფიცირებული არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ხსენებული დოკუმენტი ეკუთვნოდა.


ამის ნაცვლად, მაყურებელი კადრში ხედავს მხოლოდ ერთ ფოტოსურათს, სადაც ნაჩვენებია მიწაზე დაყრილი პირადობის დამადასტურებელი რამდენიმე ძველი მოწმობა, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო წლების წინ გასცემდა.


საგულისხმოა, რომ ჟურნალისტთან საუბრისას ტატიანა ცერცვაძე, რომელმაც „მთავარი არხის“ მტკიცებით პირადობის მოწმობები იპოვა, თავადაც აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პირადობის მოწმობები ძველია.


„ბალახზე ეყარა პირადობები, ეს იყო ძველი ტიპის პირადობები, ალბათ, 20-დან 30-მდე, ყურადღება მიიქცია იმან, რომ პირადობები იყო, სურათი გადავუღე და წავედი, არც პოლიცია გამომიძახებია და არაფერი“ - ამბობს რესპონდენტი, რომლის კომენტარი პოლიტიკური ხასიათის განცხადებებსაც შეიცავს. კერძოდ, ტატიანა ცერცვაძე არ არის დარწმუნებული, რომ „საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება“.


რესპონდენტის ეს ფრაზა გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა თავადაც იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე, თუმცა ჟურნალისტს არც კი უცდია კრიტიკულად შეემოწმებინა ინფორმაციის წყარო და მის მიერ მოწოდებული ცნობები.


ნაცვლად ამისა, მან შემოგვთავაზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კომენტარები, სადაც აქცენტი კვლავ „ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ კოორდინატორზე“ და „არჩევნების გაყალბებაზე“ გაკეთდა.


სიუჟეტში გაჟღერდა კონკრეტული ბრალდებებიც - კერძოდ, ჟურნალისტი გვაუწყებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების განცხადებით, არჩევნების გაყალბება გორში „საკუთარ თავზე აქვს აღებული“ გორის მერის მოადგილეს თამაზ შიოშვილს, რომელსაც არჩევნების შემდეგ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას პირდებიან.


თავის მხრივ, თამაზ შიოშვილმა სატელეფონო კომენტარში ამ ბრალდებებს „სასაცილო“ და „აბსურდული“ უწოდა, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ეს დოკუმენტები „ნაგავში იპოვეს“.


საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი შეეცადა სიუჟეტში ფორმალურად ორივე მხარის პოზიცია წარმოედგინა, მტკიცებითი ფორმით გავრცელებულმა ბრალდებამ ნათლად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, ხოლო მაყურებელმა ინფორმაციის ნაცვლად, ფაქტობრივად, მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებები მოისმინა.


ინტრიგად დარჩა ისიც, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული პირადობის მოწმობები და სად არის ამჟამად ეს დოკუმენტაცია. ამის გარკვევა ინფორმაციას აშკარად მეტ დამაჯერებლობას შესძენდა და ტატიანა ცერცვაძის ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა „მთვრალი კოორდინატორის“ ვინაობაც გარკვეულიყო, თუმცა ტელეკომპანია დილის საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ, აღნიშნულ თემას აღარ დაბრუნებია.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2980
0 Comments