წითელი ვერსია
  • 0
  • 1471

„ქველმოქმედება დასრულებულია“?

26 ივნისი 2020

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა ახალი ამბები ყველა მონაწილე მხარესთან გადაამოწმოს და ისე მიაწოდოს საზოგადოებას, რადგან ცალმხრივი გაშუქება ინფორმირების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს მაყურებელში ან საერთოდ შეცდომაში შეყავს იგი. მიუხედავად ამისა, მედიაში მაინც ხშირად ვაწყდებით ამბავს, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე აკლია.


სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტი იხილა ტელეკომპანია „პირველის“ მაყურებელმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 25 ივნისს, საიდანაც გავიგეთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც „ყველა თეატრის ყველა მსახიობს“ წლების განმავლობაში აფინანსებდა, „ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯერ დაფინანსება გაანახევრა, შემდეგ უფრო შეამცირა, ახლა კი სულ შეწყვიტა“.


„ქველმოქმედება დასრულებულია“ - ამბობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და აცხადებს, რომ მსახიობებს უჭირთ იმის ახსნა, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ივანიშვილმა, როდესაც მცირე ნაწილს დაფინანსება დაუტოვა, დანარჩენებს კი შეუწყვიტა“. თუმცა, მსახიობებთან ჩაწერილი სატელეფონო კომენტარების შინაარსს ამ პათოსთან საერთო არაფერი აქვს. რესპონდენტები ღიად აცხადებენ, რომ დახმარების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ.


„თითქმის 20 წელი გვქონდა ეს დახმარება, საქმის კურსში ჩაგვაყენეს, რომ შემცირდებოდა. სამი-ოთხი წელი გრძელდებოდა ეს შემცირება და ვიცოდით წინასწარ, რომ აღარ იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ამდენი წელი, ძალიან ცუდ პერიოდში ვიღებდი თანხას,“ - განუცხადა მსახიობმა მარინე კახიანმა „პირველებს“.


სიუჟეტის ავტორი ასევე გვატყობინებს, რომ სტიპენდიას აღარ უხდიან 91 წლის მსახიობს, თამარ სხირტლაძეს, თუმცა ამავე დროს, იგივე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ საპენსიო ასაკის მსახიობებს დახმარება არ შეწყვეტიათ.


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისთვის ფინანსური დახმარების განაწილების მექანიზმი ცნობილია - სიუჟეტში თავად აღნიშნავს, რომ მსახიობებზე „ქართუ ფონდიდან“ თეატრების ანგარიშებზე დარიცხული თანხები ნაწილდებოდა, მაყურებელმა, საბოლოო ჯამში, ვერ მიიღო ინფორმაცია ამ ორი მთავარი ფიგურანტის პოზიციის შესახებ. ჟურნალისტს არც „ქართუ ფონდში“ და არც თეატრების მენეჯმენტში არ გაურკვევია, რატომ „დასრულდა ქველმოქმედება“.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1471
0 Comments