წითელი ვერსია
  • 21
  • 9442

„ყვავი ისე მოხარშე, ორთქლი არ გამოუვიდეს“

12 მაისი 2022

თუ აქამდე მჩხიბავების, ვარსკვლავთმრიცხველებისა და ყველა ჯურის მუცლით-მეზღაპრეების სწორუპოვარ სპეციალისტად გია ჯაჯანიძე ითვლებოდა, 10 მაისს „რუსთავი 2“-ის „ღამის პრაიმ შოუმ“ სატელევიზიო ფენტეზის ჟანრში თავისი პირველი წონიანი სიტყვა თქვა. რეიტინგებისთვის ბრძოლა საერთოეროვნულმა მაუწყებელმა შუა საუკუნეებში დაბრუნებით გადაწყვიტა.


გადაცემის ინსპირაცია, როგორც თავად წამყვანებმა აღნიშნეს, ავჭალის სასაფლაოზე ნაპოვნი, ხეზე ჩამოკიდებული ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ქინძისთავგაყრილი სურათები იყო.


მომღერალ-მსახიობ-მოდელიერი წამყვანები, თითქმის ერთი საათის განმავლობაში სრული სერიოზულობით არკვევდნენ ჯადოების ეტიმოლოგიას და მისგან თავდაცვის საშუალებებს.


ეს ნამდვილად არ იყო შოუსთვის დადგმული თამაში - ყველა რესპონდენტს სერიოზული და შეშფოთებული სახე ჰქონდა; ბნელ ძალასთან შეხების საკუთარი ისტორია ყველამ გაგვიზიარა, ისევე როგორც, სტუდიაში მიწვეულმა, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა ადამიანებმა, მათ შორის ირმა სოხაძემ, თამარ ივერმა და სხვებმა.


საქართველოში რა-გინდა-რა ტიპის ექსპერტ-მარკშეიდერი ხომ არ გვაკლია, მაგრამ გადაცემის წყალობით აღმოვაჩინე, რომ მაგიაშიც ასეთივე წარმატებული ვყოფილვართ: გვყავს არაერთი მაღალი დონის ეზოთერიკოსი, პარაფსიქოლოგ-ექსტრასენსი და მთლად სასაფლაოების „უსტაბაში“ ნეკრომაგი!


ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ შესაბამისი დიაგნოსტირება-სკანირების შემდეგ არაერთი „შეპყრობილი“ საკუთარი „მეთოდიკით“ განკურნა.


ზოგიერთის ამბიცია კი იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარი ცოდნის და უპირატესობის დასამტკიცებლად, გადაცემის მსვლელობისას ლამის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.


ასე მოხდა მაგალითად, როცა ერთ-ერთმა პარაფსიქოლოგმა სკანდინავიურ მითოსში ხსენებულ ე.წ. რუნებს, კოლხური წარმომავლობა დააბრალა. მისივე თქმით, ღმერთი ოდინის სახელი მომდინარეობს სიტყვა „ოდითგან“, თავად „რუნი“ კი - „რუს“ („ცოდნის წყარო“) და „ნასგან“ (მეგრულ სიმღერებში ნახსენები „ოდოვ ნანასგან“, ანუ დედამიწისგან).


პარაფსიქოლოგის მოსაზრების გამო სასტიკად აღშფოთდა ღვაწლმოსილი ნეკრომაგი, რომელიც „ბნელ და ნათელ ძალებს“ ერთნაირი ენთუზიაზმით ემსახურებოდა და, თავისივე განცხადებით, ყველაზე მეტი იცოდა. ეს ქალბატონი მონდომებით ჩაერთო საღვთისმეტყველო კამათშიც, სტუმრად მიწვეულ სასულიერო პირ ლევან ალადაშვილთან, რომელიც ოლიმპიური სიმშვიდით ცდილობდა ამ ჯადოსნური ნისლით მოცულ გაუგებრობაში ჭეშმარიტების ნათელი შეეტანა.


ვირის ტვინების, მგლის ქონის, ტაროს კარტების ტრიალი და რქიანი ეშმაკების მხიარული თავყრილობა აშშ-დან ახლადდაბრუნებულმა მომღერალმა გოგონამ დაასრულა და თქვა, რომ ოკეანისგაღმა, ჯადოებისთვის არავის სცხელა; რადგან ისინი ისეთი მნიშვნელოვანი თემებით არიან დაკავებული, როგორიცაა, მაგალითად, შვილისთვის საუკეთესო კოლეჯის შერჩევა.


ნატა მინდელი
  • 21
  • 9442
0 Comments