წითელი ვერსია
  • 1
  • 4039

„ევროპარლამენტის მიმართვად“ გასაღებული სამი დეპუტატის წერილი

13 ნოემბერი 2020

მედიასაშუალებები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე ცდილობენ დაარწმუნონ მაყურებელი, რომ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“, ამ მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავენ კონკრეტული ფაქტებისა თუ შეფასებების გაზვიადებას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნებისმიერ კრიტიკულ კომენტარს ან განცხადებას ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან, რამაც ოპოზიციურ ტელემედიაში შესაძლოა იმდენად გადაჭარბებული მასშტაბი შეიძინოს, რომ სამი ევროპელი პოლიტიკოსის მიერ ხელმოწერილი განცხადება „ევროპარლამენტის მიმართვადაც“ კი იქცეს.


ამგვარი გადაჭარბებული მასშტაბით გაშუქების მაგალითი აჩვენა „მთავარმა არხმა“ 12 ნოემბერს, როცა 12:00 საათიან გამოშვებაში „ევროპარლამენტის უმკაცრესი გზავნილი“ გაგვაცნო. რეალურად, საუბარი ეხებოდა სამი ლიეტუველი პოლიტიკოსის - ანდრიუს კუბილიუსის, რასა იუკნევიჩიენჩისა და ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ზიგიმანტას პავილიონისის განცხადებას, სადაც ისინი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურნენ. ამასთან, როგორც განცხადების ბოლოს საგანგებოდ არის დაკონკრეტებული, პავილიონისი არა ევროპის, არამედ ლიეტუვის პარლამენტის წევრია.


არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტიდან უმკაცრეს გაფრთხილებას იღებს. ევროპელი დეპუტატები შეშფოთებულები არიან ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლის და ოპოზიციური პარტიების საჩივრების იგნორირების გამო“ - გვამცნო წამყვანმა და მაყურებელს ისიც აუწყა, რომ ოპოზიციაში „ევროპარლამენტის კრიტიკას“ „საქართველოს ხელისუფლებისთვის მორიგ საგანგაშო გზავნილად“ აფასებენ. აღსანიშნავია, რომ დღის მანძილზე, სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში, სამი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებას „მთავარმა“ „ევროპარლამენტის განცხადება“ და „ევროპარლამენტის მიმართვაც“ კი დაარქვა.


საგულისხმოა, რომ დღის განმავლობაში არხმა მხოლოდ ერთხელ აღნიშნა, რომ განცხადებას სულ სამი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა მათი გვარები არც ერთხელ არ დაუკონკრეტებია და მაყურებლისთვის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციაც არ გაუცნია.


ცხადია, ევროპელი პოლიტიკოსებისა და პარტნიორი ქვეყნების დეპუტატების გამოხმაურება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, განცხადება, რომელსაც მხოლოდ სამი დეპუტატი აწერს ხელს და ამ სამიდანაც ერთი არა საერთოევროპული, არამედ ლიეტუვის პარლამენტის წევრია, მთლიანად „ევროპარლამენტის განცხადება“ ან „ევროპარლამენტის მიმართვა“ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. განცხადების მასშტაბისა და სიმძიმის გაზვიადების მიზანი ამ შემთხვევაში კრიტიკის მნიშვნელობის გადაჭარბებაა, თუმცა ამ მანიპულაციის დროს ტელევიზიას, როგორც ჩანს, აბსოლუტურად არ აწუხებს ის გარემოება, რომ ამით მაყურებელი აშკარა შეცდომაში შეჰყავს.


ცნობისთვის: გაზვიადებისა და მანიპულაციის მასშტაბის წარმოსადგენად საკმარისია დავაკონკრეტოთ, რომ ევროპარლამენტში ამჟამად 705 დეპუტატია, ხოლო სამი ლიეტუველი პოლიტიკოსის პირადი მოსაზრება რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს ეს იქედანაც ცხადია, რომ აღნიშნული განცხადება არა ევროპის პარლამენტის, არამედ ევროპარლამენტის სამი წევრისგან შემდგარი ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განმარტებისთვის, ამ ჯგუფის წევრები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩისი და ლიუდას მაჟილისი. ამ უკანასკნელის ხელმოწერა კი აღნიშნულ დოკუმენტს არ ახლავს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 4039
0 Comments