წითელი ვერსია
  • 10
  • 18669

„დაბარება“, როგორც ვასალური აზროვნება

06 ივნისი 2023

„მოხდა თუ არა კანცლერის მიერ თქვენი დაბარება და უკავშირდება თუ არა ეს ბრატისლავაში თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს?“ - ჰკითხა 6 ივნისს „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა ქუთაისში, განახლებული სტადიონის გახსნის შემდეგ.


ერთი დღით ადრე, 5 ივნისს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერი გერმანიაში დაიბარეს. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს 9 ივნისს ბერლინში უნდა შეხვდეს."


მიუხედავად ინფორმაციის ფორმულირების აშკარა დამახინჯებისა, ჩვენ გადავამოწმეთ გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური ვებ-გვერდი, რათა გვეპოვა კანცლერის მიერ რომელიმე სახელმწიფოს "დაბარების" თუნდაც ერთი შემთხვევა.


მსგავსი ფორმულირება არ იძებნება არც ევროპული მედიასაშუალებების სტატიებში.


არც „მთავარ არხს“ და არც „ტვ პირველს“ არ უხსენებიათ რაიმე დოკუმენტი, რომელიც ღარიბაშვილის "დაბარებაზე" მიანიშნებდა.


თავად ირაკლი ღარიბაშვილმა 6 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის მიწვევით იგეგმება ვიზიტი ბერლინში და მადლობა გადაუხადა ოლაფ შოლცს საქართველოს ღია მხარდაჭერისთვის.


შესაბამისად, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ ფაქტებს დამახინჯებული ინტერპრეტაციით ავრცელებენ;


და ამასთანავე, როგორც ჩანს, გათვლას აკეთებენ ასაკოვან ტელემაყურებელთა იმ კატეგორიაზე, რომელსაც საბჭოთა წარსულიდან მოყოლებული, სტერეოტიპების ნიადაგზე უნდა გასჩენოდა პროვინციელი სატრაპის "მოსკოვის ცეკაში" დაბარების ასოციაცია.


ქართული საზოგადოების ახალგაზრდა თაობის, ისევე როგორც ევროპული მედიისთვის, სრულიად შეუძლებელი იქნება სიტყვა "დაბარებიდან" აზრის გამოტანა, რადგან ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა კონცეპტუალურად გამორიცხავს არათუ პატრონყმულ კომუნიკაციას, არამედ მსგავს ვასალურ აზროვნებასაც, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი აქვს ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების რედაქციაში.


დავით კობახიძე
  • 10
  • 18669
0 Comments