წითელი ვერსია
  • 0
  • 3097

„დაანონსებული შიმშილის“ ქრონიკები

08 ოქტომბერი 2020

მსოფლიო პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები „ხელსაყრელი” გარემოება აღმოჩნდა ქართული მედიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ცდილობს, გლობალური კრიზისი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მოარგოს და მაყურებელში პანიკის გზით საერთო უიმედობის განცდა შექმნას.


დაანონსებული შიმშილის ზამთარი“, - ასე დაასათაურეს სიუჟეტი მსოფლიო ბანკის „ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბიულეტენის” შესახებ, რომელიც 7 ოქტომბერს, ტვ „პირველის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში სიღარიბე რეკორდულად გაიზრდება... კორონავირუსის დაწყების მომენტში კრიზისში ჩაფლული საქართველო ამ კრიზისიდან ისევ ვერ ამოვიდა... დაწესებულმა შეზღუდვებმა უამრავი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დატოვა, ხალხი შიმშილის ზღვარზეა, თუმცა ხელისუფლებას ალტერნატიული გეგმა არ აქვს...“


იგივე შინაარსს შეიცავს სიუჟეტში გამოყენებული კომენტარები. რესპონდენტები, რომელთა ნაწილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან, გლობალური პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ რყევებს პოლიტიკურად აფასებენ და აუდიტორიას არწმუნებენ, რომ ყველაფერი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.


სიუჟეტში, ასევე, ვისმენთ დარგის სპეციალისტის შეფასებას, თუმცა, მისი კომენტარის სპეციფიკა პროფესიულ სტანდარტთან აშკარად შეუსაბამოა. ეკონომისტი შიმშილის პარალელურად, სიკვდილიანობის ზრდასაც აანონსებს და აცხადებს, რომ „ჩაკეტილობამ და შეზღუდვებმა, უამრავი გვერდითი, უარყოფითი შედეგი მოგვიტანა, რომელიც სინამდვილეში სიკვდილიანობას ზრდის“.

„ჩვენ ხალხის საკმაო რაოდენობა სიკვდილისთვის გავწირეთ“,- ვისმენთ მის დრამატულ, თუმცა უსაფუძვლო დასკვნას იმ ფონზე, როცა ამავე სიუჟეტში, პრემირ-მინისტრზე დაყრდნობით ჟურნალისტი სკეპტიკურად, მაგრამ მაინც ამბობს, რომ „თუ მოქალაქეებს გაუჭირდებათ, იქნება დახმარების ახალი პაკეტი“.


რაც ყველაზე მთავარია, სიუჟეტში მაყურებელს არავინ აწვდის ინფორმაციას თავად მსოფლიო ბანკის იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც ჟურნალისტის მთავარი წყაროა და რის საფუძველზეც საზოგადოებას მოახლოებული შიმშილის შესახებ აუწყეს. მაყურებელი ვერ იგებს, სად და როდის გამოქვეყნდა აღნიშნული ინფორმაცია ან რას სწავლობს და რა მონაცემებს ეყრდნობა რეალურად მსოფლიო ბანკის „ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბიულეტენი”.


ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ბანკის 2020 წლის შემოდგომის გამოცემაა, 7 ოქტომბერს გასაჯაროვდა. ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური რეცესია მსოფლიო პანდემიითაა გამოწვეული და ეს ვითარება სიღარიბეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს, ხოლო „აღდგენის ტემპი დამოკიდებული იქნება პანდემიის ხანგრძლივობაზე, ვაქცინის ხელმისაწვდომობასა და განაწილებაზე, ასევე, გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების გაუმჯობესების ხარისხზე“.


მიუხედავა იმისა, რომ დოკუმენტში საუბარია საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სადაც მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს 6%-იან ვარდნას, ხოლო მომავალი წლისთვის 4%-იან ზრდას ვარაუდობს, აქვე, ასევე, ხაზგასმულია „სახელმწიფოს მტკიცე ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ, რაც შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით“.


ეს დამაიმედებელი გზავნილები ტვ „პირველის“ სიუჟეტში ვერ მოხვდა, ისევე, როგორც ამ ტელევიზიის მაყურებელმა ვერ შეიტყო იმის შესახებ, რომ ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებით და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, საქართველოს პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში დაეხმაროს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 3097
0 Comments