წითელი ვერსია
  • 4
  • 5907

„ახალი ამბავი“ 6 თვის შემდეგ

17 ივლისი 2023

17 ივლისს სააგენტო „იმედინიუსის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Right Watch-ის 2023 წლის ანგარიშის შესახებ.


სააგენტოს ინფორმაცია იწყება ასეთი ფორმულირებით:


„ანგარიშში სხვადასხვა ასპექტით გაკრიტიკებულია ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, თუმცა განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკა არის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ".


ამავე ინფორმაციის სატელევიზიო ვერსია კი უფრო ლაკონურად ჟღერდა:


"სხვადასხვა მიმართულებით გაკრიტიკებულია ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები".


გავრცელებულ სიახლეში მთავარი აქცენტი კეთდება ანგარიშში აშშ-ის კრიტიკასა და მასში "სისტემური რასიზმის ფაქტების" დაფიქსირებაზე.


თუმცა,


Human Right Watch-ის 2023 წლის ანგარიში გამოქვეყნდა არა ახლა, არამედ 6 თვის წინ, 2023 წლის იანვარში და შესაბამისად, სწორედ ამ დროს გაშუქდა სხვა ქართული მედიასაშუალებების მიერ.


რა მიზეზმა განაპირობა ამ ინფორმაციის ნახევარწლიანი დაგვიანებით გავრცელება, „იმედს“ არ დაუკონკრეტებია, ისევე როგორც, არ დაუზუსტებია ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი.


გაურკვეველია, გავრცელებულ ინფორმაციაში რატომ არ არის ნახსენები ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, რათა ქართველ მაყურებელს, მართალია 6 თვის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, გაეგო ორგანიზაციის აზრი უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში.


ასევე გაუგებარი დარჩა, რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ აშშ-ზე და არა მაგალითად, სუდანზე, მონღოლეთზე, რუსეთზე, ავსტრალიაზე ან ბრაზილიაზე.


„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტოვებს გაურკვევლობას მაყურებელში და აჩენს ეჭვს, რომ არხის სარედაქციო ჯგუფი გაუაზრებლად ავრცელებს ძველ ინფორმაციას; ან ცდილობს ანგარიშში საქართველოს კრიტიკის ნაწილის გადაფარვას, იმ სახელმწიფოს კრიტიკით, რომლის ოფიციალური პირებიც ზოგჯერ თბილისს ადამიანის უფლების დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.


დავით კობახიძე
  • 4
  • 5907
0 Comments