„ენაჭარტალები“, „ჭორიკნები“, „უვიცები“ - ამ და მსგავსი ეპითეტებით ჟურნალისტებს ხშირად ამკობენ. ახალი მედიის განვითარებამ ტრადიციული მედიის, ტელევიზიის სახეცვლილება გამოიწვია და საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირ ეთერს მაყურებლების ნაწილი სოციალურ ქსელებში ადევნებს თვალს. უკუკავშირიც არ აყოვნებს, მაგრამ თემაზე დისკუსიის ნაცვლად, ძირითადად ჟურნალისტი განიხილება. კომენტარების დიდი ნაწილი ნეგატიური და ხშირად არაეთიკურია. განსაკუთრებით, ცოდნასა და განათლების დონეს იწუნებს მაყურებელი და ჟურნალისტიკას უცოდინრების თავშესაფრად მიიჩნევს.
მე თუ მკითხავთ, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს სხვა პროფესიებშიც, მაგრამ, იმის გამო, რომ ეს საქმე გაცილებით გამჭვირვალეა - ყველა მარცხი თუ შეცდომა ხელისგულზე დევს. თუმცა, სხვა პროფესიებზე ალბათ იმ დარგის სპეციალისტები ილაპარაკებენ, მე ვეცდები ჩემი თვალით დანახული ქართული მედია გაგაცნოთ.
საქართველოში პროფესიას ბრმად ვირჩევთ და ზოგადი წარმოდგენა გვაქვს, ვინ გამოვალთ. ასე ვისწავლეთ ჟურნალისტიკაც - ბევრი თეორია, სემესტრების ბოლოს რამდენიმე საგამოცდო სტატიის დაწერა და ძალიან ცოტა პრაქტიკა. იმ დროს უნივერსიტეტში ტექნიკური ბაზა არ იყო, შესაბამისად, აპარატურა არ გვქონდა. ჰო, კიდევ მეტყველებაც გვასწავლეს, რიტორიკა თუ რაღაც დავარცხნილი სახელი ერქვა. 50-ზე მეტი სტუდენტი წარმოსახვით კამერასთან ვიდექით და სხვადასხვა თემაზე ასევე წარმოსახვითი რეპორტაჟები მიგვყავდა.
მაგრამ ეს ამბის დასაწყისია. სინამდვილეში, ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვისწავლე და არც ცდა დამიკლია. მედიასამართალი, მედიაეთიკა, ჟურნალისტიკის შესავალი, ახალი ამბების ჟურნალისტიკა, - არ იყო ცუდი სილაბუსები და თეორია მართლაც კარგად გვასწავლეს. პრესის ჟურნალისტიკა პრაქტიკული სამუშაოებით ტარდებოდა, აი ტელე-რადიოში მოვიკოჭლებდით.
როცა ტელევიზიაში მივედი, 22 წლის ვიყავი და 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება მქონდა. ბეჭდურ მედიაში ვმუშაობდი რეპორტიორად და დამოუკიდებელ ავტორადაც; დამწყები უკვე აღარ მერქვა. ძირითადად საავტორო სტატიებს ვწერდი და იმის ფუფუნება მქონდა, მასალის მოსამზადებლად რამდენიმე დღე დამეხარჯა. თემა დამემუშავებინა, წყაროები მომეძიებინა, მეფიქრა;
ამ დროს მივიღე შემოთავაზება მეგობრისგან, ტელევიზიაში წამოდიო - მეც დავთანხმდი.
რა ხდება ნიუსრუმში?
რაც ნიუსრუმში ხდება, ჩემი აზრით, ეგაა ერთერთი პასუხი იმაზე, რატომ ვერ ვითარდება ქართული ჟურნალისტიკა და ზოგ შემთხვევაში სახეცვლილ პროპაგანდად გვევლინება.
ნიუსრუმი არის ერთი დიდი ქაოსი, სადაც შედიხარ მაღალ მატერიებზე მსახურების იმედით და ლოზუნგით - „ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე“, მაგრამ გხვდებიან ფრაზით - „მასალა უნდა მქონდეს მალე და ამას როგორ მოიპოვებ, ჩემი საქმე არ არის“.
აქ არავის სცალია იმისთვის, რომ დაგიჯდეს და თუნდაც ნიმუში განახოს, როგორ მზადდება რეპორტაჟი. გაინტერესებს? თუ მოასწრებ - უყურე. ქართულ ტელევიზიებში მთავარი პრობლემა არის ის, რომ რესურსი არ ჰყოფნით - ამბავი ბევრია, კადრი ცოტა, შესაბამისად, ყველა ყველაფერს აკეთებს, რაც ხარისხზე აისახება.
პრობლემაა ასევე ინფორმაციის ინერციით მოპოვება - აქვს სხვა ტელევიზიებს? მინდა მეც. ჩაწერა სხვამ? - ჩაწერე შენც. თუნდაც ეს დანაშაულში ეჭვმიტანილის დედა, ბრალდებული ან პოტენციური მოძალადე იყოს. სხვას თუ აქვს მიცვალებულის სასახლის ახლო კადრი და არღვევს სტანდარტს, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს? არგუმენტი არის მყარი - მაყურებელს აინტერესებს. არადა, ამაზე კვლევა არ ჩატარებულა და დანამდვილებით არავინ იცის, რა აინტერესებს მაყურებელს.
ისევ ჩემს გამოცდილებას რომ დავუბრუნდეთ, 22 წლისა ნიუსრუმში დამწყები ჟურნალისტობისთვის ცოტა ბებერიც კი ვიყავი. იქ სტაჟიორები 18-19 წლისები არიან. სტაჟიორები ჰქვიათ, თორემ გადაღებებზე მიდიან, მერე, რასაც იმახსოვრებენ, ტექსტის სახეს, გაჭირვებით, მაგრამ მაინც აძლევენ და ფაქტია, მასალას დამოუკიდებლად ამზადებენ. ხარისხი და შინაარსი ძირითადად მაშინ მოწმდება, როცა რაღაც გამოუსწორებელი ხდება. მანამდე დრო არ არის.
არ არის საკმარისი ტექნიკა. ლეპტოპი გინდა? უნდა მოიპოვო და მოასწრო. რად უნდა ტექსტს ამდენი ფიქრი? გზაში ვერ მოიფიქრე? მერე შენც თავს უხერხულად გრძნობ, ვიღაცას აფერხებ, პროცესს ანელებ. აქ არავის სჭირდება დამატებითი ინიციატივები. აკეთებ სტანდარტულად ისე, როგორც ნიუსრუმის სხვა წევრები. აღებულია ქცევის ერთი მოდელი და ყველა მიჰყვება მას.
რაზეა შენი სიუჟეტი? საკონსტიტუციო ცვლილებებზე? მოიცა, კონსტიტუციის წაკითხვას აპირებ? მასე რას მოასწრებ? მიხვალ რესპონდენტთან და გეტყვის, რა არის და რა იცვლება. შენ ხომ კონსტიტუციონალისტი არ ხარ. თან მაქსიმუმ 30 წამი გჭირდება - გარიგებს უკვე წამყვანი ჟურნალისტი, სახეზე გრიმდადებული და შენც თანხმდები იმიტომ, რომ არ გინდა ამოვარდილი იყო ტემპიდან. არ გინდა იყო ადამიანი, რომელიც ამ საყოველთაო სტანდარტს ვერ ერგება.
ქართული ტელეჟურნალისტიკისათვის, თემის ცოდნაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური მომზადებაა. ვინც სწრაფად გაიქცევა, რესპონდენტს დროულად ეკვეთება და ვისი მიკროფონიც კადრში კარგად ჩანს, წარმატებაც მას ხვდება წილად, მნიშვნელოვან ინტერვიუზეც მას გაუშვებენ და კითხვებსაც გზადაგზა მოიფიქრებენ ეგ და პროდიუსერი. მთავარია, პროდიუსერსაც ეცალოს.
ნიუსრუმში დილა იწყება ცხრა საათზე, ან ათის ნახევარზე და მთავრდება საღამოს ცხრაზე ან ათზე, გამოშვების დასრულების მიხედვით. თუ რამე მნიშვნელოვან თემაზე მუშაობთ, შეიძლება სულაც გამთენიისას დაბრუნდეთ სახლში. ეს ხდება ყოველდღე კვირაში ხუთი ან ექვსი დღის განმავლობაში. როცა სახლში მიდიხართ, თავს იწესრიგებთ და ისევ მეორე დღისთვის ემზადებით. წაკითხვით, მაქსიმუმ ათიოდე გვერდი მოასწროთ, ისიც, დიდი ალბათობით, მხატვრული ლიტერატურა. ან სულაც გინდათ ფილმი ნახოთ. ასე მუშაობთ წლები და იზრდებით ტელევიზიაში;
ჟურნალისტები თემას ამუშავებენ მანქანაში, ქუჩაში, რესპონდენტის პირისპირ ექსპრომტად, ან კითხვები მოაქვთ წინა რესპონდენტისგან. ამის მაგალითი ბოლო დღეებშიც ნათლად გამოჩნდა - სწრაფ ტესტებზე საუბრისას მედიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა ერთერთი რესპონდენტის, გიორგი ვაშაძის მიწოდებულ ინფორმაციას და როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კონტრშეკითხვებს სვამდნენ, - კონკრეტულად რა ტიპის ტესტებს გულისხმობდნენ ჟურნალისტები, მათ პასუხი აღარ ჰქონდათ. ამიტომაც, გამართავდა ვაშაძე დღისით ბრიფინგს, წამოვიდოდნენ ჟურნალისტები იქიდან, გამოიტანდნენ ახალ კითხვას, საღამოს პასუხობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ირჩეოდა შემდეგ ეს თემა გვიან ღამემდე სოციალურ ქსელში და დილით ისევ იგივე იწყებოდა - ტესტები, ტესტები, ტესტები ჩქარა!
ესაა ქართული ჟურნალისტიკა, - ცოტას უნივერსიტეტში ისწავლი, ცოტას გზაში, ცოტას ნიუსრუმში და ამასობაში, წლებიც გადის. მერე კიდევ, იტყვი, რომ 15 წელია მედიაში მუშაობ და გამოცდილებაც გაქვს. კონვეიერული წესით მომზადებული რეპორტაჟების რაოდენობასაც თუ დავითვლით, აბა ვინღა მოგედავებათ?
ჟურნალისტიკა პირადი გადმოსახედიდან
14 აპრილი 2020„ენაჭარტალები“, „ჭორიკნები“, „უვიცები“ - ამ და მსგავსი ეპითეტებით ჟურნალისტებს ხშირად ამკობენ. ახალი მედიის განვითარებამ ტრადიციული მედიის, ტელევიზიის სახეცვლილება გამოიწვია და საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირ ეთერს მაყურებლების ნაწილი სოციალურ ქსელებში ადევნებს თვალს. უკუკავშირიც არ აყოვნებს, მაგრამ თემაზე დისკუსიის ნაცვლად, ძირითადად ჟურნალისტი განიხილება. კომენტარების დიდი ნაწილი ნეგატიური და ხშირად არაეთიკურია. განსაკუთრებით, ცოდნასა და განათლების დონეს იწუნებს მაყურებელი და ჟურნალისტიკას უცოდინრების თავშესაფრად მიიჩნევს.