წითელი ვერსია
  • 11
  • 4271

ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს... სტატიებს

20 ივლისი 2023

ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ფარგლებში, იუსტიციის ფედერალურმა დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების - „აკერმანის“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალის“ (GP International) საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიშები გამოაქვეყნა.


დოკუმენტებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სააკაშვილის სასარგებლოდ, მედიის მიმართულებით განხორციელებული ლობისტური აქტივობა.


კომპანიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ათ გვერდზე მეტი ეთმობა მედიამენეჯერების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების სიას, რომლებთანაც კომპანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და გეგმავდნენ მიხეილ სააკაშვილის ისტორიის ისე გაშუქებას, რომ იგი წარმოჩენილიყო როგორც წამების მსხვერპლი და უკანონო პატიმრობაში მყოფი პროდასავლელი ლიდერი.


ამ მოლაპარაკებების დიდი ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა:


როგორც წესი, კომუნიკაციიდან რამდენიმე დღეში, დასავლური მედიასაშუალებები გვთავაზობდნენ ინტერვიუს, სტატიას ან სიუჟეტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელთა პათოსიც მთლიანად ემთხვევა სააკაშვილის ოჯახისა და მხარდამჭერების პოზიციას მისი პატიმრობის კანონიერებასთან და ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.


მეტიც, - გასული 6 თვის განმავლობაში ქართული ოპოზიციური მედია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ღიად გულშემატკივრობს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დასავლური მედიის თითოეულ მასალას სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც მისთვის ხელსაყრელი პოზიცია იყო დაფიქსირებული;


თუმცა ქართულ აუდიტორიას, ბუნებრივია, არავინ არაფერს ეუბნებოდა იმის შესახებ, თუ რა მექანიზმით და საშუალებებით ჩამოყალიბდა ეს პოზიცია.


შესაბამისად, მკითხველსა თუ მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები თავისთავად ინტერესდებოდნენ სააკაშვილის თემით და მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციაც „ბუნებრივად გამომდინარობდა“ სიუჟეტის თუ სტატიის მომზადებისას ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევისგან.


ასეა თუ ისე, მთელ ამ საერთაშორისო კამპანიაში ყველაზე უფრო მეტად ქართული საზოგადოება დაზარალდა, რადგან იგი ორმაგი საინფორმაციო ბომბარდირების ქვეშ აღმოჩნდა:


ერთის მხრივ, მასზე გავლენას ახდენდა უშუალოდ დასავლური მედია, ხოლო მეორეს მხრივ, დასავლური მედიის ავტორიტეტს ამოფარებული ქართული მედიასაშუალებები დამატებით პროპაგანდისტულ წნეხს ახორციელებდნენ საკუთარ აუდიტორიაზე, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით.


მაგრამ ამ სქემას აღმოაჩნდა ერთი „სუსტი წერტილი“, რაც საზოგადოების ინფორმირების უაღრესად ეფექტიანი საშუალებაა:


ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ლობისტური კომპანია, რომელიც დავალებებს უცხო ქვეყნიდან (ანუ, ამ შემთხვევაში საქართველოდან) იღებს, ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის დეტალური ანგარიში.


სწორედ ეს ანგარიშები წარმოადგინეს ამ დღეებში კომპანია „აკერმანმა“ და GP International-მა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავშიფროთ მათ მიერ მედიაში განხორციელებული ლობისტური საქმიანობის თითოეული ნაბიჯი და მათი შედეგები.


მაგალითისთვის, განვიხილოთ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა:


GP International-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 11 იანვარს კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდა „ფორბსის“ ავტორს, მელიქ კაილანს და ესაუბრა მას სააკაშვილის შესახებ "ოფინიონის" გამოქვეყნების თაობაზე.


ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 18 იანვარს „ფორბსში“ გამოქვეყნდა კაილანის მასალა შემდეგი სათაურით: „იმისთვის რომ პუტინმა კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს, დასავლეთმა უნდა გადაარჩინოს სააკაშვილი“.


ბუნებრივია, „ფორბსის“ მასალა მაშინვე „აიტაცეს“ სააკაშვილის გულშემატკივარმა ქართულმა მედიასაშუალებებმა.


მაგალითად, „მთავარი არხი“ საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე უკითხავდა მაყურებელს კაილანის სტატიას, თუმცა ამ მაყურებელმა რასაკვირველია, არაფერი იცოდა, ვისი ზარით და როგორ დაიგეგმა აღნიშნული მასალის გამოქვეყნება.


ან ავიღოთ ყველაზე რეზონანსული შემთხვევა:


10 თებერვალს CNN-მა შემოგვთავაზა ინტერვიუ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატთან, მასიმო დ’ანჯელოსთან. ინტერვიუს მსვლელობის დროს ეთერში ასევე გავიდა „გონების დაკარგვის სკანდალური კადრები“ კლინიკის პალატიდან, სადაც ექსპრეზიდენტი ამჟამად სასჯელს იხდის. კადრები ტელეკომპანიას თავად ადვოკატმა მიაწოდა და ქართულმა მედიამაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მდგომარეობით „თვით სიენენი დაინტერესდა“.


თუმცა ქართული აუდიტორიისთვის არც ამჯერად უთქვამს ვინმეს, რომ მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ „სკანდალური კადრებისა“ და „სპეცეფექტების“ ჩათვლით, იმავე ლობისტური კომპანიის მიერ იყო დაგეგმილი და ამ აქტივობის დამადასტურებელი მიმოწერების შესახებ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ვგებულობთ.


შეგვიძლია გავიხსენოთ ენ ეპლბაუმის რეზონანსული ოფინიონი „ატლანტიკში“, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა და სადაც ავტორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ქართული დემოკრატიის ხარისხი ზუსტად ისევე უარესდება, როგორც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“ და რომ „პუტინის მტერი (სააკაშვილი) საბჭოური ტრადიციის ტრაგიკული აღსასრულისთვის არის განწირული“.


„მთავარმა არხმა“ იმავე დღეს გვაცნობა, რომ „ატლანტიკში“ სააკაშვილის შესახებ სტატია გამოქვეყნდა და ამჯერადაც გულმოდგინედ გაგვაცნო წერილის შინაარსი, თუმცა აქამდე არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, 26 იანვარს ლობისტური კომპანიის წარმომადგენლები პირადად ესაუბრნენ ეპლბაუმს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.


სხვათა შორის, ენ ეპლბაუმი საქართველოში კარგად ცნობილი პოლონელი ევროპარლამენტარის, რადოსლავ სიკორსკის მეუღლეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ევროპარლამენტში. ორიოდე თვის წინ მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს პირდაპირ მოუწოდა სააკაშვილის შეწყალებისკენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლობისტურ კომპანიას ეპლბაუმის დასარწმუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირდებოდა.


და ბოლოს,


გლობალური მედია-კამპანია ალბათ არ იქნებოდა სრულყოფილი, BBC-ის ავტორიტეტის გარეშე.


როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს აქტიურ კომუნიკაციაში იყო BBC-ის რუსული სამსახურის წარმომადგენელ ნინა ახმეტელთან, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ, 7 თებერვალს, BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სააკაშვილის შესახებ. ავტორი სათაურიდან გვაცნობებს, რომ სასამართლომ არ დაიჯერა სააკაშვილის ავადმყოფობა და იგი პატიმრობაში დატოვა, ხოლო ტექსტში გაშუქებულია სააკაშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.


მოგვიანებით, 17 თებერვალს BBC 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტიც სააკაშვილზე, სადაც დასმულია კითხვა - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კრემლის მსხვერპლი?


როგორც ვხედავთ, BBC-ის მასალები ერთგვარად მაინც გამოირჩევა სხვა მედიების გაშუქებისგან იმით, რომ აქ ნაკლებია პროპაგანდის ელემენტი, თუმცა ლობისტური კომპანიის აქტივობის კვალი და მათ მიერ შექმნილი „საინფორმაციო ტრენდის“ გავლენა აქაც აშკარად იკითხება.


BBC-ის სიუჟეტის შესახებ ქართველმა მაყურებელმა ისევ "მთავარი არხისგან" შეიტყო.


ჩამოთვლილი შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მედია-კამპანიისა, რომელიც ლობისტური ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იყო წარმოებული.


საგულისხმოა ისიც, რომ ეს კამპანია დღესაც მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, არც ახლო მომავალში შეწყდება.


აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეს ამ კამპანიის შესახებ და მედიაში (მათ შორის - უცხოურ მედიაში) გასული ნებისმიერი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სასამართლო პროცესების შესახებ სწორედ ამ ცოდნის პრიზმაში გაატაროს.


ლობისტური კომპანიების მიერ მედიასთან განხორციელებული კომუნიკაციების სია ნამდვილად შთამბეჭდავია და მოიცავს ისეთ გამოცემებს, როგორიცაა - Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, AFP, Washington Post, New York Times, Reuters, Voice of America, Radio Free Europe, The Hill, Guardian, Associated Press, The Times, Foreign Policy და სხვ.


ცხადია, ლობისტების მიერ წამოწყებული ყველა მოლაპარაკება წარმატებული ვერ იქნებოდა, თუმცა ეს სია, სადაც დეტალურადაა გაწერილი - თუ როდის, ვისთან და რა მიზნით შედგა კომუნიკაცია, დაკვირვებულ მკითხველს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს კიდევ არაერთი შემთხვევა, როცა კომპანიის წარმომადგენლის ზარს ან წერილს მედიის წარმომადგენელთან, რამდენიმე დღეში მოყვა „სასურველი შინაარსის“ მასალა შესაბამის მედიაში.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 11
  • 4271
0 Comments