წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 3332

უცნაური წყვილი: „სრულად“ და „სრულიად“

15 იანვარი 2026

ასეთი ფრაზა მოვისმინე ამასწინათ ტელევიზიით: ახალი მწვრთნელის მეთოდმა სრულად შეცვალა გუნდი. ყურში მომხვდა სრულად: „სრულიად“ უნდა ეთქვა-მეთქი, გავიფიქრე. „სრულად შეცვალა გუნდი“ ხომ იმას ნიშნავს, რომ გუნდის ყველა წევრი სხვებით ჩაუნაცვლებია, უკლებლივ ყველა, თანაც მწვრთნელს კი არა – მეთოდს! ცხადია, ფრაზის ავტორი ამას არ გულისხმობდა. საქმისადმი სპორტსმენთა დამოკიდებულება შეიცვალა უკეთესობისკენო, ამის თქმა უნდოდა. ჰოდა, მაშინ სრულად კი არა, სრულიად იყო საჭირო.


მსგავსი ლაფსუსი სხვა დროსაც შემიმჩნევია, მაგრამ პირველად ახლა დავფიქრდი იმაზე, თუ რა მიმართებაა, უფრო ზუსტად, რა მსგავსება-განსხვავებაა „სრულად“-სა და „სრულიად“-ს შორის.


ორივე ერთი ფუძიდან ნაწარმოები ზმნიზედაა, ორივე ერთმანეთის სინონიმებად მოიხსენიება ლექსიკონებში, თუმცა სინტაგმური კავშირების დონეზე განესხვავებიან ერთმანეთს: ორივეს თავ-თავიანთი გამოყენების სფერო აქვს. მაგალითად, „ჯგუფი სრულად (და არა: სრულიად) დაკომპლექტდა“, „გუნდი სრულად (და არა სრულიად) გამოცხადდა ვარჯიშზე“, „თანხა სრულად (და არა: სრულიად) გადაიხადა“, ეს ერთი მხრივ, და: „სკოლის დამთავრების შემდეგ სრულიად (და არა: სრულად) შეიცვალა“, „მას ამ საკითხზე სრულიად (და არა: სრულად) განსხვავებული შეხედულება აქვს“, „მტრედი სრულიად და არა: სრულად) არ უფრთხის ადამიანს“, „თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად (და არა: სრულად) ახალი მიმართულება დაემატა“, „თქვენი მოსაზრება სრულიად (და არა: სრულად) უსაფუძვლოა“, – მეორე მხრივ.


მაგრამ განსხვავებული ვითარება გვაქვს ამ წინადადებაში: „სიბნელეში სრულიად ვერ ვხედავ გზას“. თუ ასე ვიტყვით, ეს იმას ნიშნავს, რომ გზის ვერც ერთ მონაკვეთს ვერ ვხედავ, ხოლო, თუ „სრულიად“ ჩავანაცვლეთ ზმნიზედით „სრულად“, გამოვა, რომ გზის რაღაც ნაწილს ვხედავ, მაგრამ მთელ გზას – ვერა. აქაც ისევე, როგორც სულ პირველ მაგალითში, გამოჩნდა სემანტიკური განსხვავება ამ სიტყვებს შორის, რაც მათ პარონიმებს (მსგავსი ჟღერადობის, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებს) ამსგავსებს (შდრ. მოკვდავი და მომაკვდავი).


ასეთივე ვითარებაა ამ ფრაზებშიც: „ახალი პროგრამის მნიშვნელობას ის სრულად ვერ ითვალისწინებს“, რაც ნიშნავს: ნაწილობრივ ითვალისწინებს, და „ახალი პროგრამის მნიშვნელობას ის სრულიად ვერ ითვალისწინებს“, რაც ნიშნავს: სულ ვერ ითვალისწინებს. ანუ აქაც „სრულად“ და „სრულიად“ პარონიმებს ჰგვანან.


ამრიგად, თანამედროვე ქართულში შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ „სრულად“ და „სრულიად“ სტილისტიკურად, ზოგჯერ კი სემანტიკურადაც განესხვავონ ერთმანეთს.


ზმნიზედა „სრულ-ად“ ცნობილი წესის მიხედვით არის მიღებული ზედსართავ „სრული“-ს ვითარებით ბრუნვაში დასმით, ხოლო „სრულიად“-ში საიდან გაჩნდა „ი“ ძნელი სათქმელია. არადა, ამ „ი“-ს, მართებულად ზის იგი იქ, თუ უმართებულოდ, უკისრია სტილისტიკურად და ზოგჯერ სემანტიკურადაც განასხვავოს ეს სხვაფრივ ესოდენ მსგავსი ზმნიზედები ერთმანეთისგან.


ზოგჯერ ორივეს ჩანაცვლება შეიძლება ერთი და იმავე სხვა სიტყვით, რაც განამტკიცებს აზრს მათი სინონიმობის თაობაზე.


აი, მაგალითად, ეს ორი ფრაზა ავიღოთ: „დავალიანება სრულად დაფარა“ და „სრულიად გაუგებარი რამ თქვა“. ორივე ხაზგასმულ სიტყვას შეიძლება ჩაენაცვლოს ერთი და იგივე სიტყვები – მთლად ან მაღალფარდოვანი „სავსებით“, ისევე, როგორც ორ სინონიმს ანაცვლებს ხოლმე მესამე: „დავალიანება მთლად / სავსებით დაფარა“ და „მთლად / სავსებით გაუგებარი რამ თქვა“.


და კიდევ გვაქვს ზმნიზედა „სრულებით“ – რაზედაც ქეგლ-ი (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი) გვეუბნება, „იგივეა, რაც სრულიადო“. მისი ფუძეა ძველი ქართული სიტყვა „სრულება“, რაც „სისრულეს, დასრულებულობას“ ნიშნავს, და ეს ზმნიზედაც წესის მიხედვით არის მიღებული ამ არსებითი სახელის მოქმედებით ბრუნვაში დასმით (შდრ. დაკვირვება > დაკვირვებით).


ორთოგრაფიულში (1968) არც „სრულად“, არც „სრულიად“, არც „სრულებით“ შეტანილი არ არის. არის მხოლოდ სინტაგმები სრულიად საკავშირო და სრულიად საქართველოს. იმავე ლექსიკონის 1998 წლის გამოცემაში ამ სამთაგან დაუმატებიათ მხოლოდ ახლახან ნახსენები „სრულებით“.


მოკლედ, უცნაურ ზმნიზედებთან გვაქვს საქმე, რასაც დასახელებულ ორთოგრაფიულებში მათი შეუტანლობაც უნდა მოწმობდეს. ყველაზე დიდი უცნაურობა კი მაინც „სრულიად“-ის „-იად“ სუფიქსია, რომელსაც ნორვეგიელი ქართველოლოგის ჰანს ფოგტის (1903-1986) ყურადღებაც მიუპყრია. ერთ ნაშრომში („ბრუნვათა სისტემა ძველ ქართულში“) ის შენიშნავს: ძველ ქართულში ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ზმნიზედებისა, რომლებიც ვერ იხსნება უშუალოდ ბრუნების წესიერი სისტემით. ის ასახელებს ამ ზმნიზედებს იმ ზედსართავებითურთ, რომლებისგანაც ისინი იწარმოებიან: მაგრიად (მაგარი), მდუმრიად (მდუმარე), ნელიად (ნელი), მალიად (მალე), სრულიად (სრული) და სხვ.


დროთა განმავლობაში -იად სუფიქსიანმა ფორმებმა დატოვეს ასპარეზი და დღეს ორიოდე მათგანი, არქაულობის დაღდასმული, უიშვიათესად შეგხვდებათ, უფრო პოეტურ ტექსტებში: ქუჩაში უცებ შემომენათე, თვალი შემავლე უცხოდ, ნელიად (მანანა ჩიტიშვილი); ცას იდუმალი ბინდი აშინებს, მზე გაკრეფილა ჩრდილში მალიად (ჯემალ აჯიაშვილი. თარგმ.).


ძველ ტექსტებში კი გვხვდება როგორც „მაგრამ“, ასევე „მაგრიად“, როგორც „ნელა“, ასევე „ნელიად“, როგორც „სრულად“, ასევე „სრულიად“...


მნიშვნელობა ამათ ერთი ჰქონდათ. სულხან-საბას ლექსიკონში „ნელა“ და „ნელიად“ ერთნაირად არის განმარტებული: „ნელა – საამოვნოდ, გინა წყნარივით (წყნარასავით)“; ნელიად – საამოვნოდ, წყნარად“.


მაგრამ სტილისტიკური განსხვავება მათ შორის უთუოდ იქნებოდა. -იად სუფიქსიანი, ეტყობა, უფრო არქაული ფორმა იყო. მაგრამ ამ სტილისტიკურ განსხვავებას დღევანდელი მკითხველი ძველ ტექსტებში, ცხადია, ვერ იგრძნობს.


ამ ზმნიზედათა ერთადერთი წყვილი შემორჩა დღევანდელ ქართულს და თანაც სრულფასოვნად, ორივე აქტიურად მონაწილეობს ფრაზებში, რომლებიც სტილისტიკურად ნეიტრალური ფორმით გადმოსცემენ სათქმელს, ესენია ჩვენი ამ ბლოგის მთავარი „პერსონაჟები“ – სრულად“ და „სრულიად“.


* * *

ზემოთ ვთქვით, „სრულად“ და „სრულიად“ მოქმედების სფეროებს ერთმანეთში ინაწილებენ-თქო. რისი დათვლაც შეიძლება, იქ „სრულად“ გამოიყენება; რისი დათვლაც არ შეიძლება, მასზე თითქოს უპრიანია „სრულიად“ ითქვას, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის: „ერთი განყოფილება სრულად დაექვემდებარა მეორეს“, – აქ არაფრის დათვლა არ შეიძლება, მაგრამ „სრულად დაექვემდებარა“ საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზეოლოგიზმია.


არსებობენ უარყოფითნაწილაკიანი კონსტრუქციები, სადაც არავის ეშლება „სრულად“ თქვას თუ „სრულიად“: „სრულიად არ მოველოდი მისგან ამას“ (არავინ იტყვის: „სრულად არ მოველოდი“), „თქვენი მეგობარი სრულიად ვერ იტანს შეპასუხებას“ (არავინ ამბობს: „სრულად ვერ იტანს“)... და სხვა მრავალი. აქ შეცდომის დაშვება შეუძლებელია.


მოდით, ეს ფრაზებიც განვიხილოთ:


„გაუქმებულ ბილეთებში გადახდილი თანხა სრულად ანაზღაურდება“ და „გაუქმებულ ბილეთებში გადახდილი თანხა სრულიად ანაზღაურდება“. სწორია პირველი (თანხის დათვლა შესაძლებელია!). მეორე სტილისტიკურად გაუმართავია, თუმცა გასაგებია (ვხვდებით!) ამით რისი თქმა უნდათ.


მაგრამ „გაუქმებულ ბილეთებში გადახდილი თანხის ანაზღაურებას სრულიად არ მოველოდი“ და „სრულად არ მოველოდი“ სტილისტიკურად ორივე გამართულია, ოღონდ სხვადასხვა რამეს ნიშნავს, რაც ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. (ამის მსგავსი მაგალითი ზემოთაც გვქონდა).


მოკლედ, „სრულსა“ და „სრულიადს“ შორის „ტერიტორიების“ გადანაწილების პროცესი ჯერ დამთავრებულად ვერ ჩაითვლება და ზემოთ დასახელებულ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში მათი შეუტანლობის მიზეზი შეიძლება, სწორედ, ეს იყოს.



ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 3332
0 Comments