წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2545

თვისება და ხარისხი

31 ოქტომბერი 2025

ვერ გამიგია, რატომ წერენ და ამბობენ ესოდენ ხშირად სწორი „თვის--ბრიობის“ ნაცვლად არასწორ „თვის--ბრიობას“?! ის ხომ „თვის--ბიდან“ არის ნაწარმოები! რატომ უნდა გარდაიქმნას აქ „ე“ ხმოვანი „-ობა“ სუფიქსის დამატების შედეგად „ო“ ხმოვნად?! „კაც--ბრიობის“ ზეგავლენით ხომ არ ხდება ეს? ძალიან ხშირად ხმარებული ამ სიტყვის – „კაცობრიობის“ – ჟღერადობა ხომ არ გვაქვს ჩარჩენილი ყურში და ამის ბრალი ხომ არ არის, „თვისობრიობაც“ რომ სწორი გვგონია?


არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, რით აიხსნება ეს. ზუსტად ის ვიცი, რომ ეს მცდარი ფორმა დიდი ხანია, შეიძლება ითქვას, „იმთავითვე“ ძალიან იყო გავრცელებული და დღემდე გამოიყენება მართებულის გვერდით.


ეს იქიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ „ქართული ენის რვატომეულის მე-4 ტომში, რომელიც 1955 წელს გამოიცა, ორივე ეს ფორმაა შეტანილი, ოღონდ განმარტებული მხოლოდ „თვისებრიობაა“, „თვისობრიობას“ კი ასეთი მინაწერი ახლავს: „იგივეა, რაც თ ვ ი ს ე ბ რ ი ო ბ ა“. ამით ლექსიკონის შემდგენლები მიგვანიშნებენ: სწორია „თვისებრიობა“, მაგრამ, რა ვქნათ, „თვისობრიობასაც“ წერენ და ამბობენო.


ვარლამ თოფურიასა და ივანე გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ 1968 წლის და ამავე ლექსიკონის 1998 წლის მეორე შევსებულ გამოცემაში მართებულ ფორმად ერთმნიშვნელოვნად „თვისებრიობაა“ მიჩნეული.


* * *


რაც აქამდე ვთქვით, ეს ამ ბლოგის ძირითადი სათქმელის შესავლად ჩავთვალოთ და ახლა მთავარ სათქმელზე გადავიდეთ, ოღონდ ჯერ ვნახოთ როგორ განიმარტება თვისება და თვისებრიობა. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 1986 წლის გამოცემაში (ერთტომეულში) ვკითხულობთ:


„თვისება – ვისიმე, რისამე დამახასიათებელი ნიშანი“.

თვისებრიობა – ისეთი არსებითი ნიშან-თვისება, თავისებურება, რაც ერთ საგანს ან მოვლენას განასხვავებს მეორისაგან“.


ჰოდა, აი ეს „თვისებრიობა“ გვჭირდება განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კანონის ფორმულირებისას, ჰეგელმა რომ ჩამოაყალიბა და რაოდენობრიობის თვისებრიობაში გადასვლად რომ იწოდება ქართულად.


მაგრამ ამის მაგივრად ამ კანონს ხშირად ასე მოიხსენიებენ: „რაოდენობის გადასვლა ხარისხში / ან: ხარისხობრიობაში. ზოგჯერ დაეჭვდებიან კიდეც ამგვარად ფორმულირებული კანონის „კანონობაში“ და სინანულით დასძენენ: „სამწუხაროდ, რაოდენობა ყოველთვის როდი გადადის ხარისხშიო“ (აქ ხარისხში უკეთეს, უფრო მაღალ ხარისხს გულისხმობენ, ცხადია!). უნდა დავეთანხმოთ მას, ვინც ამის გამო წუხილს გამოთქვამს! მეტიც შეიძლება ითქვას: რაოდენობის გამოკიდება ხშირად ხარისხს აუარესებს.


ვიდრე გავერკვეოდეთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ჯერ ვნახოთ როგორ განმარტავს ხარისხს ლექსიკონი: „ხარისხი – რისამე შედარებითი ღირსება“, გვაუწყებს ქეგლ-ი. იქვე შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ „ხარისხიანი“ „კარგის“ სინონიმი ყოფილა.


თუ შევადარებთ ხარისხისა და თვისების განმარტებებს ერთმანეთს (თვისების განმარტება ზემოთ გვაქვს დამოწმებული), მათ შორის ვერავითარ მსგავსებას ვერ აღმოვაჩენთ. მაშინ რატომ ენაცვლება „თვისებას“ ზოგჯერ... ზოგჯერ კი არა და, ერთობ ხშირადაც, „ხარისხი“? თანაც, არა მარტო ზემოთ დამოწმებულ ფრაზაში, არამედ სხვა გამოთქმებშიც?

პასუხი: ეს უცხო ენების გავლენით ხდება.


თვისებისა და ხარისხის აღსანიშნავად ყველა ენას როდი მოეპოვება ცალ-ცალკე სიტყვები. ვერც რუსული, ვერც ინგლისური, ვერც გერმანული და ვერც ფრანგული თვისებასა და ხარისხს ლექსიკურად ვერ განასხვავებს. რუსულად ორივე – თვისებაცა და ხარისხიც – არის качество, დანარჩენ სამ ენაში კი მათ აღსანიშნავად ლათინური წარმომავლობის „კვალიტეტი“ – the quality, die Qualität და la qualité გამოიყენება.


ქართულში „ხარისხი“ „თვისების“ ან „თვისებრიობის“ ნაცვლად, ცხადია, უცხო ენების, პირველ ყოვლისა რუსულის გავლენით ჩნდება. განვითარების ის ძირითადი კანონი, ზემოთ რომ გავიხსენეთ, რუსულად ასე ჟღერს: Закон перехода количества в качество.


იქნებ სულ ერთია აქ ქართულად „ხარისხს“ ან „ხარისხობრიობას“ ვიტყვით თუ „თვისებას“ ან „თვისებრიობას“? არამც და არამც!


კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ იმის საჩვენებლად, რომ ამ ფრაზაში „კაჩესტვო“ არც ხარისხია და არც ხარისხობრიობა.


იმის მიხედვით, წყლის ტემპერატურა დაიკლებს თუ მოიმატებს, რაღაც მომენტში წყალი სხვა თვისებრიობაში გადავა: ან ყინულად იქცევა, ან ორთქლად. ესენი წყლისგან განსხვავებული თვისებების მატარებელნი არიან. ანუ წყლის ტემპერატურის რაოდენობრივ ცვლილებასთან ერთად რაღაც მომენტში წყალმა თვისებები იცვალა, რაოდენობრივმა ცვლილებამ თვისებრივი ცვლილებები გამოიწვია.


ხომ ცხადია, რომ აქ ხარისხი სულ არაფერ შუაშია. ყინული და ორთქლი წყლის უკეთეს ან უარეს ხარისხში გადასვლა ხომ არ არის! თავის ადგილას (თავ-თავიანთ „საქმეში“!) სამივე ძალიან საჭირო და გამოსადეგია. მოკლედ, ყინული და ორთქლი წყლის უკეთეს ან უარეს ხარისხში გადასვლას კი არ ნიშნავს, არამედ აქ თხევადი ნივთიერების სხვა თვისებრიობაში გადასვლასთან გვაქვს საქმე.


მოკლედ, ამ ორი ცნებისთვის – თვისებისა და ხარისხისთვის – ცალ-ცალკე სიტყვები რომ მოგვეპოვება (ლექსიკურადაც რომ განვასხვავებთ მათ ერთმანეთისგან), ეს ენის ღირსებაა, გნებავთ – სიმდიდრეა, რაც თავიდან გვაცილებს ორაზროვნებით გამოწვეულ ბუნდოვანებას.


მაგრამ უთუოდ იმასაც მიხვდებოდით, რომ, „კაჩესტვოსა“ და მისი ინგლისურ-გერმანულ-ფრანგული შესატყვისების ქართულად გადმოსატანად როდის ხარისხი უნდა გამოვიყენოთ და როდის თვისება, ეს ზოგიერთი ფრაზის თარგმნისას არც ისე ადვილი გასარკვევი იქნება.


რა ვუყოთ, ცოტაოდენი დისკომფორტის გამო ენას ხომ ვერ გავაღარიბებთ!

ლევან ბრეგაძე
  • 0
  • 2545
0 Comments