წითელი ვერსია
  • 1008
  • 6225

თეთრი, ლურჯი და წითელი

15 ივლისი 2023

12 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი ლაგოდეხიდან, სახელწოდებით „საკალათბურთო ბადეები რუსეთის დროშის ფერებში“.


კადრებში ჩანს ერთ-ერთი ეზოს სპორტულ მოედანზე დამონტაჟებული საკალათბურთო ბადე, რომელიც თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებშია გაფორმებული.


სიუჟეტში ითქვა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს კავშირი ამ ბადეების შესყიდვასთან და ეს არის კერძო ინიციატივა, თუმცა ამის მიუხედავად, ტელეარხმა მაინც გაშალა თემა რუსული დროშის მსგავსი ფერების გარშემო და სპორტული ბადის ფერები „მზაკვრულ პოლიტიკას“ დაუკავშირა.


„ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მიზანმიმართულად ხდება, რადგან თვითონ ხელისუფლება არის რუსული“ - თქვა წამყვანმა.


ამის შემდეგ მოვისმინეთ უცნობი ქალბატონის კომენტარი, რომელიც შეეცადა მეტი კონკრეტიკა შეეტანა სიუჟეტიდან აზრის გამოტანაში დაბნეული მაყურებლისთვის:


„თითქოს უწყინარი დამთხვევაა, მაგრამ სახელმწიფო ასეთ უწყინარ დამთხვევებს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან მიუღებელი არ გახდეს მისაღები და ქვეცნობიერად არ მოხდეს ადამიანების ზომბირება“ - განაცხადა სიუჟეტის იდუმალმა ექსპერტმა.


ანუ, რუსეთის დროშის მსგავსი ფერების კომბინაციამ შესაძლოა დააზომბიროს საზოგადოება.


„ფორმულამ“ ეს განმარტება ჩათვალა კალათბურთის ბადის ფერების აქტუალურობის იმდენად მნიშვნელოვან არგუმენტად, რომ ეთერში გაშვება გადაწყვიტა.


აღსანიშნავია, რომ „ფერებით ქვეცნობიერი ზომბირების თეორია“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსკლუზიური მიგნება არ არის.


იგივე საფრთხე ჯერ კიდევ ერთი წლის დაინახეს რუსეთში. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მასობრივი ისტერიის ფორმა მიიღო ლურჯი და ყვითელი ფერების კომბინაციებზე ნადირობამ. პოლიციის განყოფილებაში ხვდებოდნენ არა მხოლოდ უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმული ზრდასული მოქალაქეები, არამედ ლურჯ-ყვითელა კიკინებიანი ან შესაბამისი ფერის ბუშტებიანი ბავშვებიც.


დავუშვათ, თეთრი, ლურჯი და წითელი ფერების კომბინაცია მართლაც იწვევს ზომბირებას და ადამიანების რუსეთუმეებად გადაქცევას, რა ლოგიკით აკავშირებს ტელეარხი ამ ფერებში გადაწყვეტილ კალათბურთის ბადეს ხელისუფლებასთან, მაშინ როცა თავად იმეორებს, რომ ბადე ხელისუფლებას არ შეუსყიდია? თუ მოქალაქემ ან სამეზობლომ გადაწყვიტა ბადის შეძენა (სხვათაშორის, ლაგოდეხის ბადის მსგავსი ბადეები იყიდება „ამაზონზე“ ZJMAMA-ს ბრენდით) და მისი განთავსება მოედანზე, რა უნდა მოემოქმედა ხელისუფლებას?


თუ თეთრი, ლურჯი და წითელი ფერების კომბინაციის შეზღუდვაა საჭირო, გასათვალისწინებელია, რომ იგივე ფერებია აშშ-ის, საფრანგეთის და ნიდერლანდების დროშებზე, ასევე პეპსის ბოთლებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ემბლემაზეც.



P.S. “ფორმულას” რედაქციას ცოტა მეტი ერუდიცია რომ გამოეჩინა, თავად მიხვდებოდა, რომ თეთრი, ლურჯი და წითელი, NBA-ს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფერებია.


დავით კობახიძე
  • 1008
  • 6225
0 Comments