წითელი ვერსია
  • 2
  • 5425

თავზარდამცემი ამბები... საზღვარგარეთიდან

11 თებერვალი 2021

ქართულ ონლაინგამოცემებში მრავლად ვხვდებით სტატიებს იმდენად თავზარდამცემი სათაურებით, რომ, როცა პირველი „შოკი“ გადაგვივლის, გვიჩნდება სტატიის წაკითხვის სურვილი − თუნდაც მხოლოდ იმის დასაზუსტებლად, სად მოხდა უბედურება და დაზარალებულთა შორის ვინმე ახლობელიც ხომ არ არის.


თავისთავად, ინტრიგის შემცველი სათაური თუ სიუჟეტის წარდგენისას ტელეწამყვანის „სენსაციური ტექსტი“ დღეს უკვე ჩვეულებრივ ჟურნალისტურ ხრიკად იქცა და, თუ ამ ხერხის გამოყენება ეთიკის ფარგლებს არ სცდება, ჟურნალისტს, ალბათ, ვერც ვუსაყვედურებთ.

მაგრამ ზოგი მედიასაშუალება (ძირითადად, სწორედ ონლაინგამოცემები) მკითხველის მოსაზიდად ხშირად მიზანმიმართულ პროვოკაციასაც არ ერიდება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ზოგჯერ მიზნის მისაღწევად სათაურიდან ერთადერთი „ცვლადის“, ანუ ამ შემთხვევაში ადგილის გარემოების „ამოგდებაც“ კმარა, რის შემდეგაც მკითხველს უჩნდება ვარაუდი, რომ წერილში მის ქვეყანაში მომხდარი უბედურებაა აღწერილი.


ავიღოთ თუნდაც ეს სათაური: „ახალგაზრდა მედდამ საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში 8 ჩვილი მოკლა“. როგორ მიხვდეს მკითხველი, სად მოხდა ეს ტრაგედია? რაკი მოქმედების ადგილი მითითებული არ არის, ალბათ, საქართველოში. ასე ფიქრობს მკითხველი და სათაურის ავტორმა ეს შესანიშნავად იცის. მას ხომ ქვეყნის, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის, მითითება შემთხვევით არ გამორჩენია. პირიქით, ასე სავსებით შეგნებულად მოიქცა მკითხველის მოსაზიდად.


აი, კიდევ ერთი „საინტერესო“ მაგალითი: „ოჯახის წევრებმა 24 წლის გოგო და მისი შეყვარებული მათთვის მოწყობილ შერიგების წვეულებაზე მოკლეს – შემზარავი ტრაგედიის დეტალები“. ამ სათაურში 15 სიტყვაა, მაგრამ, არცერთი არ მიგვანიშნებს, რომ ტრაგედია საქართველოს გარეთ, კერძოდ, თურქეთში დატრიალდა.


მსგავსი მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება. „16 წლის ბიჭმა დედა, 4-4 წლის და-ძმა და ბებია-ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ვიდეოკადრები სახლიდან“ ან კიდევ „შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა“ და ა.შ.


თანაც, ამგვარი სათაურებით გამოქვეყნებული წერილები, როგორც წესი, მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე, ან სხვა ისეთ მძიმე დანაშაულებზე მოგვითხრობენ, რომელთა გაშუქებისას მედიას ისედაც დიდი სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებს.


ამ ტიპის სათაურების გამოყენება, ბანალური „რეიტინგის დევნის“ გარდა, შეიძლება სხვა მიზანსაც ისახავდეს და გათვლილი იყოს, მაგალითად, იმაზე, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს კრიმინალისგან დაუცველობის განცდა ან, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობდეს მოქალაქის, მოქალაქეთა ჯგუფისა თუ მთელი ინსტიტუტის დისკრედიტაციას.


მაგალითად, 5 თებერვალს „ალიამ“ და ასევე, რამდენიმე სხვა ონლაინგამოცემამ (ntv.ge; tia.ge; geoambebi.com და სხვ.) გამოაქვეყნეს მასალა, რომლის სათაურიც გვაუწყებს, რომ „მღვდელმა 6 კვირის ბავშვი მოკლა“.


ტექსტში კი ვკითხულობთ: „უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს: '6 კვირის ბავშვი მოკლა მღვდელმა ნათლობისას, რადგან სამჯერ ჩააყვინთინა წყალში. გვამის გაკვეთის შემდეგ ჩვილს 110 გრამი წყალი აღმოაჩნდა ფილტვებში.“


ამ მასალას „სტატიას“ მხოლოდ პირობითად თუ დავარქმევთ. ეს ბაია პატარაის ფეისბუკპოსტის გავრცელება უფროა, მაგრამ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მედიასაშუალებებმა არ დააზუსტეს, სად მოხდა ტრაგედია, ხოლო თუ ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, მკითხველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებლად იგულისხმებს, რომ „მღვდელმა ბავშვი საქართველოში მოკლა“.


მართლაც, უცხოური სააგენტოდან გადმოტანილი ფოტოს ქვეშ მხოლოდ ინგლისური ენის მცოდნე და განსაკუთრებით დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს წარწერას, საიდანაც ირკვევა, რომ ჩვილი რუმინეთში დაღუპულა.


ცხადია, კერძო პირი ბევრად უფრო თავისუფალია პირად გვერდზე ინფორმაციის ფორმულირებაში, მაგრამ, როცა ამ ინფორმაციას მედია „აიტაცებს“, იგი ვალდებულია მისი ტირაჟირება უკვე მედიაში მიღებული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით განახორციელოს.


რა იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილმდებარეობის „დავიწყების“ მიზეზი − „რეიტინგი ნებისმიერ ფასად“ თუ კიდევ ერთი, თუნდაც „ირიბი“ დარტყმის განხორციელების სურვილი საქართველოს ეკლესიაზე (რომლის წინააღმდეგაც ბოლო რამდენიმე კვირაა, განსაკუთრებით გამძაფრდა ორგანიზებული საინფორმაციო შეტევა), ალბათ, მხოლოდ ზემოხსენებული მედიასაშუალებების მესვეურებმა იციან.


ასეა თუ ისე, ცხადია, რომ დროსა და სივრცეში დაკარგული ამგვარი სათაურები აშკარად აბნევს და თრგუნავს ქართველ მკითხველსა თუ მაყურებელს.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 2
  • 5425
0 Comments