წითელი ვერსია
  • 6
  • 2343

თავისუფლების ილუზია გონზოს ელემენტებით

03 თებერვალი 2023

საქართველოში მედია თვითრეგულირებადია.


ამ რთული სიტყვის მიღმა მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების დაცვა იგულისხმება, რასაც მედია თავად უზრუნველყოფს.


ამგვარ მოდელში ყველაფერი მარტივ ლოგიკას მიჰყვება, რომლის მიხედვით, მედია საზოგადოების ინტერესების დამცველი და მისი „მოდარაჯე ძაღლია“. ის თავისუფალია პოლიტიკური, ფინანსური და სახელისუფლებო გავლენებისგან და მეთვალყურეობს, რომ გავლენიანმა ჯგუფებმა გადაჭარბებულად არ გამოიყენონ ძალაუფლება და არ დააზიანონ საზოგადოების ინტერესები.


სამაუწყებლო მედიის, ანუ რადიო-ტელევიზიების პროფესიული სტანდარტები ერთ დოკუმენტშია თავმოყრილი და მას „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ ეწოდება, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს არის მიღებული.


კოდექსის მიხედვით:


- ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.


- პოლიტიკური, ან ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი საკითხები არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.


- დაუშვებელია საინფორმაციო პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების, ან სხვა ინტერესთა ჯგუფების მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.


და ასევე,


- მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი, რათა თავიდან აიცილოს ცალმხრივი ინტერპრეტაცია.


***


ეს კი ქართული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების და ჟურნალისტების ფრაზებია:


- „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულის აჩრდილები - შიდაპარტიული ომი რადიკალი რეტროგრადების გამარჯვებით დასრულდა („იმედი“)


- „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ფანტაზიას და პოპულიზმს საზღვარი არ აქვს („იმედი“)


- რადიკალები ტინი კოქსის წინააღმდეგ („იმედი“)


- კორუფციის აღქმის ინდექსის ოფიციალურმა მონაცემებმა საქართველოს ხელისუფლება გააშიშვლა („ტვ პირველი“)


- კირიენკოს ვიზიტი თუ შედგა, ეს ნიშნავს, საქართველო როგორც სახელმწიფო, მოიშალა („მთავარი არხი“)


- საქართველო კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას ქართველების ხელით ვერ გადაიტანს („მთავარი არხი“)


- „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად დაუნდობლად ანადგურებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ამას საზოგადოების თვალწინ აკეთებს („მთავარი არხი“)


- "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულმა მანქანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, პროპაგანდა ნამდვილად არის "ქართული ოცნების" ხელწერა („მთავარი არხი“)


- სააკაშვილს ან სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ, ან სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვებენ („ტვ პირველი")


- პრეზიდენტმა დღეს "ქართული ოცნება" კუთხეში მიაყენა...სალომე ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებას" განკითხვის დღე მოუწყო („ტვ პირველი“)


- "ქართული ოცნება" შარშია („ტვ პირველი“)


***


ჟურნალისტიკის ისტორია იცნობს უკიდურესად რადიკალურ და სუბიექტურ მიმართულებას, ე.წ. გონზო ჟურნალისტიკას, რომელიც უარს ამბობს ტრადიციული მედიის ყველა პრეტენზიაზე - ობიექტურობის იდეალებზე, სიზუსტეზე, სანდოობაზე. გონზო ჟურნალისტები ამბებს ყვებიან ისე, როგორც განიცდიან. ყვებიან მაგარ-მაგარი სიტყვებითა და ეპითეტებით.


ამ მიმართულების კერპი და ფუძემდებელი ჰანტერ თომპსონი ფაქტსა და გამონაგონს ერთმანეთში ურევდა და იღებდა აგრესიულ, ბრაზიან პროზას, რომელიც ჟურნალ „როლინგ სთოუნზში“ ქვეყნდებოდა. თომპსონი ნამდვილად იყო ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტი, თუმცა მისთვის ერთნაირად მიუღებელი იყო ნებისმიერი ავტორიტეტი თუ ძალაუფლება. მას არ ჰქონია პრეტენზია საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებაზე, თუმცა არასდროს ატყუებდა მკითხველს და შენიღბვის გარეშე ახერხებდა საკუთარი შეხედულებების და ქცევის დემონსტრირებას.


ზემოთ მოყვანილი ფრაზები აშკარად არ გამოდგება გონზო მედიის მაგალითად, ეს უფრო პოლიტიკური პარტიების სამაუწყებლო ტრიბუნაა გონზოს ელემენტებით.


ეს პოლიტტექნოლოგია, თავისუფლების და კრიტიკულობის ილუზიის შექმნით, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, ჟურნალისტებს კი, თავისუფლების ნაცვლად, თვითგამოხატვის სივრცეს ცალმხრივად, მხოლოდ სასურველი პოლიტიკური მიმართულებით უხსნის.


ლელა კურდღელაშვილი
  • 6
  • 2343
0 Comments