წითელი ვერსია
  • 0
  • 3179

სულ სხვა ნანუკა − დეპუტატობის კანდიდატი

08 ოქტომბერი 2020

იოლი არ არის, საქართველოში ჟურნალისტმა ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რითაც საყოველთაო გაკვირვებას გამოიწვევს. „მთავარი არხის“ გადაცემა „სხვა ნანუკას“ წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ეს მოახერხა. მან მართლაც გააკვირვა საზოგადოება, თუმცა გააკვირვა არა იმით, რომ დეპუტატობა გადაწყვიტა (ქართულ პოლიტიკაში ჟურნალისტების გადეპუტატება და პირიქით ადრეც ხდებოდა და, ალბათ, მომავალშიც მოხდება), არამედ იმით, რომ ის ახლა დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატიც არის და, ამასთანავე, ტელეწამყვანადაც რჩება.


ცხადია, რომ, თუ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატი მართლაც აპირებს მთელს წინასაარჩევნო პერიოდში გადაცემის წაყვანას, მას საშუალება ექნება, პირდაპირ თავისი ეთერიდანვე აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. მეტიც, თეორიულად მას შეუძლია პოტენციური ამომრჩეველი ან, სულაც, დეპუტატობის სხვა კანდიდატიც კი მიიწვიოს სტუდიაში და თან სრულად გამოიყენოს წამყვანის პრივილეგია. მას ასევე შეუძლია, მაგალითად, სამტრედიაში „გადაღებაზე“ ჩავიდეს და, პარალელურად, მიკროფონით ხელში პოლიტიკური პიარიც გაიკეთოს.


ნანუკა ჟორჟოლიანს, ეტყობა, არავითარ უხერხულობას არ უქმნის პარტიული და ჟურნალისტური საქმიანობის შეთავსება და მან უკვე დაიწყო კიდეც აქტიური საარჩევნო კამპანია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის აპირებს, მთლიანად თავის პარტიულ წინასაარჩევნო პროპაგანდას დაუქვემდებაროს გადაცემა, რომელიც თავადვე მიჰყავს. ამაზე მიანიშნებს კანდიდატად მისი დასახელების შემდეგ ეთერში გასული „სხვა ნანუკას“ პირველი გადაცემაც, სადაც თემა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ირგვლივ მარნეულში განვითარებული კონფლიქტი იყო, ხოლო სტუმარი − „მთავარი არხის“ კორესპონდენტი მარნეულში ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელიც ხსენებული კონფლიქტის დროს ძალადობის მსხვერპლი გახდა.


ჯეიჰუნი გადაცემაში ჰყვება, თუ როგორი რთული ბავშვობა ჰქონდა, როგორ მუშაობდა ადრეული ასაკიდან, როგორ არჩენდა ოჯახს და აი, საბოლოოდ, გახდა ჟურნალისტი, რათა გააშუქოს სიმართლე, მაგრამ სიმართლის მოსმენა ყველას არ უნდა და ამიტომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვინ გაუსწორდა? რა თქმა უნდა ხელისუფლება. და რატომ მაინცდამაინც ხელისუფლება? პასუხი: აბა, მეტი ვის უნდა აღემართა ხელი ჟურნალისტზე?


ერთი სიტყვით, ეს გადაცემა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების და, ამავე დროს, ამ პარტიის მხარდამჭერი ორი ჟურნალისტის პოლიტიკური პრეზენტაცია, რომელთაგანაც ერთ-ერთმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის.


შემდეგ ნანუკა ერთი სტუდიიდან მეორეში გადადის და ახლა თვითონაა სტუმარი(!). აქ იგი გვევლინება არა ჟურნალისტად, არამედ „სულ სხვა ნანუკად“ − „სრულფასოვან“ დეპუტატობის კანდიდატად. საუბრის თემა: რატომ გადაწყვიტა ნანუკამ დეპუტატობა. პასუხი: დევი ჭანკოტაძეს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავდაპირველად წარადგინა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად და მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანით „ჩაანაცვლა“, უთქვამს თავისი „ადგილმონაცვლისთვის“, ახლა რიგითების ომი იწყებაო. ჟურნალისტმაც, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით ჯარისკაცად წარმოიდგინა თავი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნებამდე „რიგით ჟორჟოლიანს“ სულ სხვა ადგილას მოუწიოს ძალთა მოსინჯვა: საადვოკატო ფირმა „ადვოკოს“ იურისტი ზურაბ ბერიძე აცხადებს, რომ ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლებს ცილისწამების, პატივისა და ღირსების შემლახავი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის.


ადვოკატის განცხადებით, 23 სექტემბერს გადაცემა „სხვა ნანუკაში“ წამყვანი თითქმის 40 წუთის განმავლობაში მიზანმიმართულად და შეგნებულად ცდილობდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ზურაბ ბერიძესა და მის ოჯახზე. ადვოკატი მოითხოვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა საჯაროდ უარყოს მის მიერვე გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებს.


...იურისტებმა, როგორც წესი, იციან თავიანთი უფლებები და, სავარაუდოდ, ზურაბ ბერიძეც შეძლებს სიმართლის დადგენას. საკითხავი ის არის, ვინ დაიცავს იმ ადამიანებს, ვის შესახებაც „მთავარმა არხმა“ და, კერძოდ, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის გადაცემებში არაერთხელ გააჟღერა გადაუმოწმებელი, არაეთიკური ან, სულაც, მცდარი ინფორმაცია?


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 3179
0 Comments