წითელი ვერსია
  • 5
  • 2050

შოუ ბაზარზე და პირიქით

24 სექტემბერი 2024

ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო.


ყველა არხმა თავისი მიმდინარე თუ ახალი პროექტები და გადაცემები დიდი ხანია, დააანონსა.


ამ პროცესს ისევ ყურადღებით ჩავუჯექი - იქნებ რომელიმემ რაიმე საინტერესო კულტურულ-სახელოვნებო-შემეცნებითი გადაცემა წამოიწყო-მეთქი.


ცხადია, წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო მედიაც სპეციფიკურ რეჟიმში მუშაობს და ეს მის შინაარსზეც აისახება, ამიტომ, დიდი მოლოდინი არც მქონია, თუმცა, იმედი კიდევ უფრო მეტად გამიცრუვდა.


ერთ საინტერესო ფაქტსაც დავაკვირდი: თითქმის ყველა არხზე მეგა-შოუების ბუმია.


ტელეარხები თითქოს ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან, ვინ უფრო მასშტაბური და პომპეზური შოუთი მოიწონებს თავს მაყურებლის წინაშე; ამაში მას ხელს არც წინასაარჩევნო გარემო უშლის; პირიქითაც კი - ალბათ არხების მესვეურთა ჩანაფიქრიც ესაა, რომ პოლიტიკური ბატალიებით დაძაბულ და გადაღლილ მაყურებელს გასართობად და თავშესაქცევად სწორედ ამგვარი პროექტები შესთავაზონ.


თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მით უფრო, რომ ზოგიერთი შოუ მართლაც მაღალი ხარისხით იქმნება და მაყურებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ დიდი დრო და ფინანსური რესურსი ეთმობათ. ბიზნესმენებიც არ იშურებენ რეკლამის განთავსებას.


მოკლედ, როგორც იტყვიან, ყველაფერი საათივითაა აწყობილი - ბაზარი ითხოვს შოუს და შოუც აკმაყოფილებს ბაზარს.


თუმცა, ამ „იდილიაში“ სულ უფრო ნაკლები დრო რჩება კულტურისათვის/ხელოვნებისთვის.


ტელეარხებს ისევ არაფერი აქვთ მაყურებლისთვის შესათავაზებლად. თეატრის შესახებ ორიოდე გადაცემიდან, მთელ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი პროექტიღაა დარჩენილი (ტვ „აჭარა“ - გადაცემა „სცენა“).


პოეზიისა და ლიტერატურის შესახებ მხოლოდ დილის თუ შუადღის ეთერებში საუბრობენ, ისიც გაკვრით, ძირითადად მარკეტინგული მიზნით - რეკლამა გაუკეთონ ამა თუ იმ საგამომცემლო პროექტს თუ წიგნს;


ზოგჯერ ეს ამბავი ისეთ კომიკურ სახესაც იღებს, რომ წიგნიცა და მისი ავტორიც მისი პოლიტიკური მრწამსის მიხედვითაა შერჩეული და ბუნებრივია, ეს ვერ ქმნის მთელი პროცესის სრულ სურათს.


აღარაფერს ვამბობ კინოზე/მხატვრობაზე/თანამედროვე ხელოვნებაზე, რომელთა შესახებაც ჩვენს არხებზე ისეთი მდუმარებაა, თითქოს ისინი ჩვენს ქვეყანაში არც არსებობდეს და არც იქმნებოდეს (არ ვგულისხმობ თემატურ სიუჟეტებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებების ბოლო ეპიზოდში გადის ხოლმე).


სულ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივ ყველაზე ობიექტური და საინტერესო ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებია, სადაც პროფესიული პატიოსნებით იცავენ ეთიკას და მეტ-ნაკლებად სრულყოფილად წარმოაჩენენ პროცესებს. ჩვენი პოლარიზებული საზოგადოებისთვის/მაყურებლისთვის ამგვარი მიდგომა უკიდურესად საშური და მნიშვნელოვანია.


რაც შეეხება მეგა-შოუებს (მუსიკალური, გასართობი, კულინარიული) - ახალ სატელევიზიო სეზონზე ისინი კვლავ ხელშეუხებელნი აღმოჩნდნენ.


თანამედროვე პრაგმატულ სამყაროში, ცხადია, მასობრივ/მეინსტრიმულ კულტურას ჭეშმარიტი ხელოვნება ძნელად გაუწევს კონკურენციას, თუმცა, ამ საბაბით მისი მთლიანად მარგინალიზება წარმოუდგენელი სიბრიყვე და მავნებლობაც კი მგონია. იმ ბიუჯეტით, რომელიც ამ შოუებიდან შემოსული თანხით ივსება, ნებისმიერ არხს შეუძლია, თუნდაც ერთი, მაღალი ხარისხის კულტურულ-სახელოვნებო გადაცემა შექმნას და შესთავაზოს მაყურებელს.


მით უფრო, რომ ღრმად მწამს, ამ აქტით ის მაყურებელს კი არ დაკარგავს, არამედ უფრო მეტად შეიძენს.


ნინია სადღობელაშვილი
  • 5
  • 2050
0 Comments