წითელი ვერსია
  • 14
  • 14792

შეიძლება თუ არა „იმედმა“ დაივიწყოს სააკაშვილი?

28 ნოემბერი 2023

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კომენტარი სთხოვა მიხეილ სააკაშვილის მორიგ რეზონანსულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა.


შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა 2007 წლის ნოემბრის აქციები რუსეთის მიერ მართულ პროცესად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადა.


2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იმჟამად ოპოზიციაში მყოფი სალომე ზურაბიშვილიც იყო.


აქედან გამომდინარე, ჟურნალისტის კითხვა სრულიად ბუნებრივად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხსენებამ ძალიან გააღიზიანა და „იმედის“ ჟურნალისტს ასეთი საყვედურით მიმართა:


„შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე, დაივიწყოთ თქვენ სააკაშვილი?“


თანამედროვე ქართული მედიის ანალიზის კონტექსტში, საინტერესოა შევაფასოთ ეს კითხვა-პასუხი და გავარკვიოთ, რამდენად ბუნებრივი (ან პირიქით - არაბუნებრივია) მედიის ერთი ნაწილის „განსაკუთრებული ყურადღება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიმართ.


აქ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვუპასუხოთ კითხვას: - არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის წარსული?


2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა. თუმცა ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც დღემდე ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებად რჩება და მუდმივად ცდილობს მმართველობის სადავეების დაბრუნებას, ვერ ჩაითვლება ისტორიად, რომელსაც ქვეყნის აწმყოსთან და მომავალთან არავითარი კავშირი აღარ გააჩნია.


ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის ჯერჯერობით არ არის წარსული და ამის მიზეზი არის არა ის, რომ რომელიმე ტელეკომპანია ხელოვნურად „ტოვებს“ მას აწმყოში, არამედ თავად ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის პოლიტიკური გეგმები.


ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში მედია მათ, უპირველეს ყოვლისა, ჰკითხავს სწორედ წარსულზე და არა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ინვესტიციების მოზიდვა ან ეკონომიკური განვითარების დაჩქარება.


ამასთან, მნიშვნელოვანი (და ძალიან მნიშვნელოვანი) არის ის გარემოებაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი დღემდე არ აღიარებენ იმ დანაშაულს, რომელთა გამოც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად სასჯელს იხდის.


ერთ-ერთი მათგანი სწორედ 7 ნოემბრის საქმეა და სასამართლო პროცესზე ბოლო ჩართვის დროს ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არათუ არ ნანობს, არამედ პირიქით, აბსოლუტურად მართებულად მიაჩნია საზოგადოებრივი პროტესტის დათრგუნვა და ოპოზიციური მედიის დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს.


ამ ფონზე, ბუნებრივია, არ შეიძლება გაგვიკვირდეს ტელეკომპანია „იმედის“ პოზიცია, რაც მედიასაშუალების მესვეურებს არაერთხელ ოფიციალურად აქვთ გაცხადებული:


კერძოდ, - „იმედი“ ღიად აფიქსირებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ამ პარტიის წარსული საქმიანობის შესახებ, იმ მიზნით, რომ არ დაუშვას მისი ხელისუფლების სათავეში დაბრუნება.


არის თუ არა ამგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მედიის დანიშნულებასთან ან ეთიკასთან?


თუ ვთანხმდებით, რომ მედიის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ მას სრული უფლება აქვს და ვალდებულებაც კი, არ დაივიწყოს და არ დაგვავიწყოს წარსული.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 14
  • 14792
0 Comments