წითელი ვერსია
  • 11
  • 6825

"შარლი ებდოს" ეფექტი?

30 ივლისი 2023

შეიძლება თუ არა გამოხატვის თავისუფლება მივიდეს რელიგიის დემონსტრაციულ შეურაცხყოფამდე და თუ ის აქამდე მივიდა, როგორი უნდა იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია?


თანამედროვე მსოფლიოში ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება, დანიასა და შვედეთში განვითარებული მოვლენების ფონზე.


გასულ კვირაში კოპენჰაგენში ზედიზედ რამდენიმე აქცია გაიმართა, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები დემონსტრაციულად წვავდნენ მუსლიმთათვის წმინდა წიგნს - ყურანს და ამას ისლამური ქვეყნების საელჩოების წინ აკეთებდნენ.


მანამდე ერთი თვით ადრე, ერაყული წარმოშობის ემიგრანტმა სალვან მომიკამ ყურანი ასევე დემონსტრაციულად (მეჩეთის წინ) დაწვა შვედეთის დედაქალაქში, რაც სტოკჰოლმისთვის უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე წელს. იანვარში ყურანი სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ დაწვეს, აქციის ორგანიზატორი კი დანიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი რასმუს პალუდანი იყო.


ამ ფაქტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავე რეაქცია მოყვა მთელ ისლამურ სამყაროში;


შეგახსენებთ, რომ იანვარში თურქეთის საელჩოს წინ გამართულმა აქციამ ლამის მსოფლიოს გეოპოლიტიკური სურათი შეცვალა - თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურანის დაწვის აქციაზე ნებართვის გაცემა ისლამოფობიის წახალისებად შეაფასა და განაცხადა, რომ ამის გამო თურქეთი არ დათანხმდებოდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.


არანაკლები პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია მიმდინარე ზაფხულში შვედეთსა და დანიაში გამართულმა აქციებმა.


თურქეთმა, ირანმა, ალჟირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დიპლომატიური პროტესტი გამოხატეს და მკაცრად დაგმეს ისლამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს შეურაცხყოფის დაშვება, ერაყის დედაქალაქში კი დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად, დანიისა და შვედეთის საელჩოებში შეჭრა და შენობის გადაწვაც კი სცადეს.


მთავარი პრეტენზია, რასაც ისლამური ქვეყნები ევროპელებს უყენებენ, აქციების ჩატარებაზე ნებართვის გაცემაა, რაც ისლამურ სამყაროში აღიქმება, როგორც ხელისუფლების არჩევანი და ირიბი წახალისება.


თუმცა შვედეთისა და დანიის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი აქციები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.


ამასთან, ოფიციალური პირები ემიჯნებიან აქციის შინაარსს და ხაზს უსვამენ, რომ აქციები არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას. ამ განცხადებებმა დიპლომატიური სკანდალის ჩაცხრობა და საზოგადოებრივი მღელვარების განმუხტვა ვერ მოახერხა.


მაგალითად, შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა მეჩეთის წინ ყურანის დაწვის დაშვებაზე განაცხადა, რომ სტოკჰოლმის პოლიციის გადაწყვეტილება კანონიერი, თუმცა არამიზანშეწონილი იყო; რამდენიმე დღის წინ კი შეშფოთება გამოთქვა იმ შედეგების გამო, რაც მომავალში დაგეგმილ, ანალოგიურ აქციებს შეიძლება მოყვეს.


„ამჟამად პოლიციაში არაერთი განცხადებაა შესული ანალოგიური აქციის გამართვის მოთხოვნით. თუ ისინი დაკმაყოფილდება, ჩვენ აღმოვჩნდებით სერიოზული საფრთხეების რისკის წინაშე. მე ძალიან შეშფოთებული ვარ ამ საფრთხეების გამო“ - თქვა შვედეთის პრემიერმა, თუმცა არ განუმარტავს, როგორ წარმოუდგენია ამ საფრთხეების თავიდან აცილება ან, გეგმავს თუ არა შვედეთი ასეთ აქციებზე ნებართვის გაცემის სტრატეგიის გადახედვას.


ასეთივე შეშფოთება იგრძნობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარის, ჟოზეფ ბორელის 26 ივნისის განცხადებაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ყურანის დაწვის აქციები აშკარა პროვოკაციაა და ევროკავშირისთვის მიუღებელია რელიგიური ზიზღი და შეუწყნარებლობა.


„ჩვენ გავაგრძელებთ სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერას, თუმცა ყველაფერი, რაც კანონიერია, ეთიკური არ არის" - ამბობს ევროპელი დიპლომატი.


არც ეს განცხადება გვაძლევს პასუხს კითხვაზე: - როგორ უნდა მოხდეს იმ რისკების და საფრთხეების თავიდან აცილება, რაც ამგვარ აქციებს მოსდევს?


აქვე შევიძლია გავიხსენოთ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის ტრაგიკული ისტორიაც, რომელიც 2015 წელს მოხდა.


ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილება, მუსლიმთათვის საკრალური ფიგურის - მუჰამედის კარიკატურიზებასთან დაკავშირებით, ჯდებოდა სიტყვისა და გამოხატვის ევროპულ სტანდარტში, თუმცა იმავე ევროპაში დაისვა კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა გამოხატვის (თავის)უფლების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ამან შეიძლება ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას ბევრ ადამიანს და ხელი შეუწყოს აგრესიის პროვოცირებას?


ევროპულ დედაქალაქებში ყურანის დაწვის გახშირებული ფაქტების გამო კონფლიქტი ჯერჯერობით პოლიტიკურ და დიპლომატიურ სიბრტყეში რჩება, თუმცა, თუ ყურადღებით წავიკითხავთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას, აშკარაა, რომ მას ეშინია, საბოლოო ჯამში ამ აქციებმა „შარლი ებდოს ეფექტი“ არ გამოიწვიოს და უმართავ აგრესიაში არ გადაიზარდოს; მითუმეტეს იმ მუქარების ფონზე, რის შესახებაც აქციების ორგანიზატორები საუბრობენ.


პასუხი კითხვაზე - ჯდება თუ არა ყურანის საჯაროდ, მეჩეთის წინ დაწვა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, და უნდა იყოს თუ არა ის შეზღუდული საზოგადოების მიერ? - ჯერ კიდევ არ არსებობს.


ფოტო EPA, BBC

ზვიად ლიპარტელიანი
  • 11
  • 6825
0 Comments