წითელი ვერსია
  • 1
  • 4251

შარლ მიშელი - ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

15 მარტი 2021

საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და, მოგვიანებით, მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტები ჩვენს მედიაში მეტად ტენდენციურად გაშუქდა.


საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში ევროპელმა პოლიტიკოსებმა შუამავლის ფუნქცია იტვირთეს, თუმცა ცალკეულ მედიასაშუალებებათა განსხვავებული ინტერპრეტაციების ფონზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხეირიანად მაინც ვერ გაიგო, კერძოდ რომელი ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისს, ვის შეხვდნენ და რას გვთავაზობენ ისინი დაძაბული პოლიტიკური ვითარების მოსაგვარებლად.


დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულმა მედიამ დიდად არ შეიწუხა თავი იმის დასადგენად, რა თანამდებობა უკავია და ვის წარმოადგენს შარლ მიშელი. მაგალითად, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, „იმედისთვის“ და ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიშელი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა, „მთავარი არხისთვის“, ტვ „პირველისთვის“ , „მაესტროსთვის“ და რამდენიმე სხვა მედიასაშუალებისთვის (On.ge და სხვ.) მიშელი „პარალელურად“ ევროსაბჭოს თავმჯდომარეც არის.


რაც შეეხება ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“, აქ იგი ევროსაბჭოს თავმჯდომარედ და, ამავე დროს, ევროკავშირის პრეზიდენტადაც წარმოგვიდგინეს.


თითქოს უმნიშვნელო ნიუანსია - მით უმეტეს, რომ საქართველოში ევროკავშირის საბჭო და ევროპის საბჭო პოლიტიკოსებსაც კი ხშირად ერევათ ერთმანეთში. არადა, ეს ორი განსხვავებული ორგანიზაციებია განსხვავებული ამოცანებითა და ფუნქციებით.


ევროპის საბჭო (ან, შემოკლებით, ევროსაბჭო) ევროპის 47 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაზე და გაძლიერებაზე. საქართველო ევროსაბჭოს წევრია 1999 წლიდან, ხოლო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეც იყო.


რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს, ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმღები უმაღლესი ორგანო უშუალოდ ევროკავშირში და, შესაბამისად, მასში წარმოდგენილი არიან მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.


შარლ მიშელი არის არა ევროპის საბჭოს, არამედ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, რაც მის ვიზიტს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს და ეს „ნიუანსი“ მედიისთვის, წესით, საგულისხმო ინფორმაცია უნდა ყოფილიყო.


თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიზებულ ქართულ მედიას უმაღლესი დონის ვიზიტების გაშუქებისას ის უფრო აინტერესებს, როგორმე ეს სტუმრობა თავისი „ფავორიტი“ პარტიის დღის წესრიგს მოარგოს და მისი რიტორიკა ევროპის ავტორიტეტით „გაამყაროს“.


მაგალითად, ტვ „პირველი“ ვიზიტის პირველივე დღიდან ირწმუნებოდა, მიშელი საქართველოში ხელისუფლებისთვის „ყურის ასაწევად“ ჩამოვიდაო:


„ერთ-ერთი პირველი, რომელსაც უმძიმესი კრიტიკის მოსმენა პირისპირ მოუწევს, იქნება სალომე ზურაბიშვილი; დიპლომატიური გზავნილების პირისპირ აღმოჩნდება ირაკლი ღარიბაშვილიც და მწვავე კრიტიკას ვერ გადაურჩებიან, ასევე, ‘ქართული ოცნების’ სხვა ლიდერები“ − გვაუწყებდა ტელეკომპანია 28 თებერვალს.


სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა პროსახელისუფლებო მედია, სადაც აქცენტი ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართულ მოწოდებებზე კეთდებოდა.


ინტერპრეტაციათა ამ წინააღმდეგობაში საზოგადოებამ ვერც კი შეიტყო, რომ მიშელის ვიზიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავებამდე კარგა ხნით ადრე იყო დაგეგმილი და, საერთოდ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ეწვია (საქართველოს გარდა, ის მოლდოვასა და უკრაინაშიც ჩავიდა).


აქედან გამომდინარე, მიშელის შუამავლობა კონკრეტული მომენტისთვის შექმნილ სიტუაციაში გამოვლენილ კეთილ ნებად უფრო უნდა შევაფასოთ, ვიდრე მისი ვიზიტის ძირითად მიზნად.


აღსანიშნავია, რომ „ინტერპრეტაციების კონფლიქტი“ გაგრძელდა უშუალოდ შუამავლობის პროცესთან დაკავშირებითაც. მაგალითად, 13 მარტს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გვაუწყა, რომ „მიშელის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩარჩო-შეთანხმება გაფორმდა“.


სხვათა შორის, იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპელი პოლიტიკოსების შუამდგომლობით მსჯელობენ, ოპოზიციურმა მედიამ უკვე არაერთხელ უწოდა „შეთანხმება“, რითაც არა მხოლოდ შეცდომაში შეიყვანა აუდიტორია, არამედ, ფაქტობრივად, „დაასრულა“ კიდეც მოლაპარაკების პროცესი, რადგან თუ შეთანხმება მიღწეულია, გაუგებარია, რაღაზე მსჯელობენ და კამათობენ მხარეები.


თუმცა, გაუგებრობა სხვაც ბევრია. მაგალითად, ერთ-ერთი სააგენტოს მასალიდან ვიგებთ, თითქოს კრისტიან დანიელსონის თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი. შემდეგ მოყვანილია თავად დანიელსონის ციტატა, სადაც ტერმინი „პოლიტპატიმრები“ ნახსენებიც არ არის.


გამოდის, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, სააგენტომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას პატიმრობისადმი თავისი (ან ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ თავსმოხვეული) დამოკიდებულება შუამავალს „მიაწერა“.


მოგვიანებით, საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია აიტაცეს სხვა ინტერნეტგამოცემებმაც. ამიტომ მკითხველს, რომელიც ტექსტს ბოლომდე არ ჩაიკითხავს, უდავოდ შეექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ევროპელი შუამავლებიც „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენიებენ იმ პირებს, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის ვიზიტების გაშუქების შინაარსი და პათოსი ქართულ მედიაში ღრმად ფესვგადგმულ პოლარიზაციასა და მასთან დაკავშირებულ კონიუნქტურას ემსხვერპლა, ზარალით კი, როგორც ყოველთვის, საზოგადოებამ, ანუ მკითხველმა და მაყურებელმა იზარალა.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 1
  • 4251
0 Comments