წითელი ვერსია
  • 0
  • 4890

სამმაგი დეზინფორმაცია მაქსიმ შევჩენკოს ვიზიტთან დაკავშირებით

24 დეკემბერი 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედიასაშუალებები და, განსაკუთრებით, „მთავარი არხი“ ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დღევანდელი ხელისუფლება როგორმე „პრორუსულ ძალად“ წარმოაჩინონ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 22 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს საქართველოში შემოსვლის ირგვლივ ოპოზიციურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი, სადაც მაყურებელი, ფაქტობრივად, სამმაგი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.


ხელისუფლებისადმი აგრესიისა და უნდობლობის გაღვივების მიზნით „მთავარმა არხმა“ ჯერ კიდევ 21 დეკემბერს მიაწოდა საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია, თითქოს შევჩენკო საქართველოში კარანტინის წესებისა და, საერთოდ, „ყველა კანონის გვერდის ავლით“ შემოვიდა და რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, რადგან თავის დროზე საქართველოში მოქმედი ოკუპაციის კანონის დარღვევით იმყოფებოდა სოხუმსა და ცხინვალში.


ეს დეზინფორმაცია მალევე გამოაშკარავდა: გაირკვა, რომ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შევჩენკოს ხელს ვერ შეუშლიდა, რადგან სოხუმსა და ცხინვალში მისი ბოლო ვიზიტიდან უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ, იმავე სამართლებრივი დოკუმენტის თანახმად, კანონდარღვევას ვადა გაუვიდა; რაც შეეხება ეპიდემიური უსაფრთხოების წესებს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა მაყურებელს დაუმალეს (ან თავადაც არ იცოდნენ), რომ საქმიანი მოწვევის არსებობისა და, შესაბამისად, საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში ქვეყანაში შემოსვლა განსხვავებული, გამარტივებული პროცედურით ხდება.


იურიდიულ გარემოებათა გარკვევას ხელი არ შეუშლია „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველისთვის“, 22 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებში გაემეორებინათ ბრალდებები „კანონის გვერდის ავლით“ შევჩენკოს ქვეყანაში „შემოყვანის“ თაობაზე, თუმცა მთავარი დეზინფორმაცია, რომელიც ამ არხებმა საზოგადოებას მოახვიეს თავს, უშუალოდ შევჩენკოს პიროვნების შეფასებაში მდგომარეობს.


ვინ დაპატიჟა საქართველოში კრემლის პროპაგანდისტი?“ − ასეთია ტვ „პირველის“ კითხვა, რომელიც უკვე შეიცავს განმარტებას, რომ შევჩენკო, არც მეტი, არც ნაკლები, თვით კრემლის პროპაგანდისტი ყოფილა, ხოლო „მთავარი არხი“ კიდევ უფრო შორს მიდის და აკონკრეტებს, რომ შევჩენკო არა მხოლოდ „კრემლის პროპაგანდისტი“, არამედ „პუტინთან დაახლოებული პირი“ და „ანტიქართული განწყობებით გამორჩეული ჟურნალისტია“ და „ქართველი ხალხის სიძულვილი და ვლადიმირ პუტინის სიყვარული“ ახასიათებს.


ეს და სხვა შეფასებები ზემოხსენებულმა ტელეკომპანიებმა გამოიყენეს, როგორც უტყუარი მოცემულობა, რომლის შეფასებაც ოპოზიციის ლიდერებს სთხოვეს და მათ, ფაქტობრივად, ხელისუფლების დაუსაბუთებელი კრიტიკისა და ლანძღვის კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცეს.


მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, არც „მთავარ არხს“, და არც ტვ „პირველს“ მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია არავითარი მტკიცებულება, სტატია ან განცხადება იმის საილუსტრაციოდ, რომ მაქსიმ შევჩენკოს „გამოკვეთილად ანტიქართული პოზიცია“ უკავია, „ქართველი ხალხის სიძულვილით გამოირჩევა“ ან „კრემლის პროპაგანდისტია“ და ეს, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს; რადგან ჟურნალისტი შევჩენკო ნამდვილად არ გამოირჩევა „ქართველი ხალხის სიძულვილით“ და მას არც „კრემლის პროპაგანდისტად“ იცნობენ.


მეტიც: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებისგან განსხვავებით, 2012 წლის შემდეგ შევჩენკოს რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით გაცილებით უფრო კონსტრუქციული და, შეიძლება ითქვას, პოზიტიურიც კი გახდა და ამ კონტექსტში უდავოდ ყურადსაღებია, რომ 2019 წლის ზაფხულში, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა „გავრილოვის სკანდალის“ გამო, შევჩენკომ საჯაროდ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი საქართველოს ისტორიის არასწორი ინტერპრეტირებისთვის.


რაც შეეხება „კრემლის პროპაგანდისტობას“, რუსეთის პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება შევჩენკოს მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულება „საპენსიო რეფორმისა“ და პუტინისთვის პრინციპული სხვა საკითხების მიმართ, რაც ვერაფრით ვერ „ეწერება“ „კრემლის პროპაგანდისტის“ ვერსიაში.


ეს ყველაფერი, ცხადია, არ გვაძლევს საფუძველს, რომ შევჩენკოს იდეალიზება მოვახდინოთ ან ის „საქართველოს პატრიოტად“ წარმოვიდგინოთ. ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს.


საზოგადოებისთვის არც იმ ილუზიის ჩანერგვა იქნებოდა სწორი, თითქოს შევჩენკოსთან „მოლაპარაკებით“ შეიცვლება კრემლის რიტორიკა კონფლიქტების საკითხში. რუსეთის მასმედიასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმ შევჩენკო უდავოდ საინტერესო ფიგურაა, რომელიც სამშობლოში საკმაო გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს; მაგრამ ის (ქართული ოპოზიციური არხების მტკიცების მიუხედავად) არამც და არამც არ წარმოადგენს არც რუსეთის მთავრობას, არც ამ ქვეყნის მმართველ პარტიას.


იმ დროს, როცა ქვეყნები კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილია, ამგვარ ვიზიტებს მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს, რადგან ხშირად ისინი ინფორმაციის გაცვლის, ერთმანეთის პოზიციების გაცნობისა და კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა, რაც კონფლიქტის მართვისა და, სამომავლოდ, მისი მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა.


მიუხედავად ამისა, რადიკალურად ოპოზიციურმა ქართულმა მედიამ შევჩენკოს ვიზიტი იმისთვის კი არ გამოიყენა, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია რუსეთის მედიაში ამჟამად არსებულ ტენდენციებზე ან, თუნდაც, იმაზე, რამ გამოიწვია ცვლილება თავად შევჩენკოს რიტორიკაში საქართველოს მიმართ, არამედ დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ყალბი სკანდალის გზა აირჩია.


ზვიად ავალიანი
  • 0
  • 4890
1 Comments

Bokuchava Sosoo

ბიჭოს, ამ ლოგიკით შევჩენკო საქართველოს მეგობარი ყოფილა:)))))დიდი მადლობა ხელისუფლებას :))))