წითელი ვერსია
  • 0
  • 4478

სამაუწყებლო ბადიდან გამქრალი პროტესტი

22 აგვისტო 2020

თუ თვალს გადავავლებთ 2020 წლის მოვლენებს, ისტორიული მნიშვნელობის პანდემიის გარდა, შევამჩნევთ იმასაც, რომ წელს მსოფლიო ასევე ისტორიული მნიშვნელობის საპროტესტო ტალღებმა მოიცვა. თანაც, თუ უწინ მსგავსი ფორმისა და მასშტაბის პროტესტს, ძირითადად, განვითარებად სახელმწიფოებში ვხედავდით, სადაც საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და სხვა ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებათა დასამკვიდრებლად იბრძოდა, დღეს სახალხო მღელვარების ეპიცენტრმა განვითარებულ დემოკრატიებში გადაინაცვლა, უპირველეს ყოვლისა კი − ამერიკის შეერთებულ შტატებში.


მაგრამ ქართული მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს 25 მაისს, აშშ-ში პოლიციის მიერ ფერადკანიანი ეჭვმიტანილის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ მასობრივ მღელვარებას, ამ მოვლენის წინააღმდეგ მიმართულ „კონტრსაპროტესტო“ მოძრაობას და, საერთოდ, აშშ-ში მიმდინარე სოციო-პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ პროცესებს.


ეს მით უფრო საკვირველია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული მედია და, კერძოდ, ტელემედია ძალიან აქტიურობს თუნდაც იმავე ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გაშუქების მხრივ. მეტიც: ზოგი არხი, მაგალითად „მთავარი“ და ტვ „პირველი“ არათუ აშუქებს, არამედ „მონაწილეობს“ კიდეც ამ პროცესში და „ეხმარება“ ბელარუსის მოსახლეობას დემოკრატიული განვითარების გზაზე სიარულში.


ეს არხები, ცხადია, არც საკუთარ, შიდაპოლიტიკურ ინტერესებს ივიწყებენ. მაგალითად, „მთავარმა“ უკვე მოასწრო მინსკში საპროტესტო აქციის დარბევის შედარება საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებთან და ამით პარალელები გაავლო ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის. უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საზღვარგარეთ მიმდინარე აქციებისადმი ამგვარი გამძაფრებული ინტერესის ფონზე, ბუნებრივია, განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ქართული მედიის სამაუწყებლო ბადიდან ბოლო ხანს, ფაქტობრივად, გაქრა ბელარუსში მიმდინარე აქციებზე მეტად თუ არა, მასზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამერიკული პროტესტი.


არადა, აშშ-ში მიმდინარე აქციების უგულებელყოფის ფონზე ქართველ მაყურებელს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით წონასწორობიდან გამოსული სამოქალაქო მშვიდობა აღდგა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. სინამდვილეში პროცესი არ დასრულებულა, ხოლო რაც შეეხება მის მნიშვნელობას, ამერიკულ პროტესტს სამომავლოდ ძლიერი ზეგავლენა ექნება არა მხოლოდ უშუალოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ ამ ქვეყნის მასშტაბისა და გავლენის გათვალისწინებით, მთელი მსოფლიოს მომავალზეც. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ ვეღარ ვხედავთ ქართული ტელეარხების სამაუწყებლო ბადეში ესოდენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს?


ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ის არის, რომ ქართული ტელემედია ლამის ნებისმიერ მოვლენას (მათ შორის მასობრივ პოლიტიკურ პროცესებსაც) სკანდალური შოუს სტილში აშუქებს. ეს თავდაპირველად მაყურებელს იზიდავს, მაგრამ სიღრმისეული პოლიტიკური და სოციალური ასპექტების ანალიზის გარეშე ერთი და იმავე, თუნდაც მძაფრსიუჟეტიანი სურათის ყურება მაყურებელს მალევე ჰბეზრდება და უკვე სხვა, ახალ სურათსა და „შოუს“ ითხოვს. ამ გაგებით, მედიის „გადართვა“ ახალ-ახალ სკანდალურ სიუჟეტებზე თითქოს ლოგიკურიცაა, თუმცა ეს არ არის ამერიკული პროტესტის ძუნწად გაშუქებისა და, საბოლოოდ, სრული იგნორირების ერთადერთი მიზეზი.


არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიზეზია იდეოლოგიური თვითცენზურა, რომელიც ჩვენს მედიაში აშკარად შეინიშნება.


„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაახლოებული მედიასაშუალებები, რომლებიც თავს პროდასავლურ ფლანგზე მოიაზრებენ და რომლებიც დღემდე მნიშვნელოვანწილად ინარჩუნებენ გავლენას საინფორმაციო დღის წესრიგზე, ათწლეულების მანძილზე არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას, რომ აშშ იდეალური სახელმწიფოა, სადაც დემოკრატიულმა პროცესებმა და თავისუფლებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ პრობლემები აღარ დარჩა.


მედიაში ფართოდ დამკვიდრებული ეს არცთუ სწორი ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც პროდასავლურობასთან და არც სტრატეგიულ პარტნიორობასთან, სწორედ აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პოლიტიკურმა პროტესტმა შეარყია. წელს ყველამ დაინახა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე არ არის იდეალური „აღთქმული მიწა“ და იგი თავადაც არაერთი პრობლემის წინაშე დგას. თავად ამერიკელებისთვის ეს ისედაც ცხადი მოცემულობაა და ამაში სენსაციურიც არაფერია. იდეალური მდგომარეობა ის არის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, ფაქტობრივი მდგომარეობა მისგან ყველგან და ყოველთვის განსხვავდება. მაგრამ ამერიკის მთავარი ძალა, ალბათ, სწორედ იმაშია, რომ იქაურ მედიაში, ქართულისგან განსხვავებით, პრობლემებზე საუბარს არ გაურბიან და არ თვლიან, რომ ეს მეგობრობას დააზიანებს, რადგან მეგობარს ირჩევენ არა იმიტომ, რომ ის იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ ახლობელია.


მიუხედავად ამ ბანალური ჭეშმარიტებისა, ქართული „პროდასავლური მედიისთვის“ მეტად რთულად გასაცნობიერებელი და გასაანალიზებელი გამოდგა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო მღელვარება. ამიტომ მისი გაშუქებაც ხანმოკლე და ეპიზოდური იყო და, როგორც წესი, მკაცრად შემოიფარგლებოდა უშუალოდ რასიზმის პრობლემატიკით. მხოლოდ იშვიათად თუ ახსენებდა ვინმე ისეთ არანაკლედ სერიოზულ გამოწვევებს, როგორებიცაა პოლიციის მხრიდან სისტემური ძალადობა, იარაღის კონტროლის სირთულე, სოციალური უთანასწორობის ზრდა, განათლებასა და ჯანდაცვაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა და ა.შ.


დღევანდელ მოვლენებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო სახალხო მოძრაობების ახალ ფაზაში შედის და ასეთი მოძრაობების მოწმენი გავხდებით როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ამ დროს ქართული მედიის ამოცანა უნდა იყოს არა წაყრუება, არამედ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს რეგიონებში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურად სრულყოფილი და ობიექტური ანალიზი. ქართულ საზოგადოებას ეს გულს არ აუცრუებს დასავლეთზე. პირიქით, ეს მას საშუალებას მისცემს, რეალური წარმოდგენა შეიქმნას იმ სამყაროზე, რომლისკენაც მიისწრაფვის.


ფოტო Scientific American

არჩილ სიხარულიძე
  • 0
  • 4478
0 Comments