წითელი ვერსია
  • 11
  • 9596

საიდუმლო დოკუმენტები და სოციალური მედიის (უ)პასუხისმგებლობის სტანდარტი

13 აპრილი 2023

აპრილის დასაწყისში დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ინტერნეტში პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა „გაჟონა“.


უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში, პოპულარული სოციალური ქსელების - twitter-ისა და telegram-ის ცალკეულმა მომხმარებლებმა საკუთარ გვერდებზე დაიწყეს სავარაუდოდ, გრიფირებული საიდუმლო მასალების ფოტოასლების გამოქვეყნება, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს, მასთან დაკავშირებულ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სადაზვერვო მონაცემებს და ასევე, უკრაინის მომავალი კონტრშეტევის მომზადების გეგმას ეხება.


აღნიშნული დოკუმენტები თავდაპირველად, ჯერ კიდევ 28 თებერვალს, ონლაინ-თამაშებისა და კომუნიკაციის პლატფორმა discord-ზე გამოჩნდა, თუმცა რეალურად, შესაძლოა ეს უფრო ადრეც მომხდარიყო;


საიდუმლო ინფორმაციის მსგავსი „გაჟონვის“ დროს, პირველწყაროს დადგენა მარტივი არ არის, რადგან ასეთ შემთხვევებში ინფორმაცია, როგორც წესი, დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული და პირველწყაროს საკუთარი თავის გამჟღავნება არ სურს.


პენტაგონმა დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, როგორ აღმოჩნდა ათეულობით გრიფირებული დოკუმენტი (რომელთა ნაწილიც, ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ავთენტიკური უნდა იყოს) სოციალურ ქსელებში;


14 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მან პირადი მონაცემები მეგობრებს “ჩათში” გაუზიარა.


როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, უკრაინასთან დაკავშირებული „გაჟონვა“ უკვე იქცა ყველაზე ხმაურიან საინფორმაციო სკანდალად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.


მაგალითად, CNN-ის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვის გამო, უკრაინამ უკვე შეიტანა ცვლილებები კონტრშეტევის გეგმაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ დოკუმენტებიდან შესაძლო ხდება უკრაინის თავდაცვაში არსებული სუსტი ადგილების განსაზღვრა, კონტრშეტევისთვის მზადყოფნის მიახლოებითი პერიოდის გამოთვლა და ასევე, გარკვეული წარმოდგენის შექმნა მოსალოდნელი ბრძოლების სავარაუდო ინტენსივობაზეც, რადგან ერთ-ერთი დოკუმენტი ასახავს ცხრილებს უკრაინის არმიის საჭიროებების შესახებ ტექნიკისა და საბრძოლო მასალების კუთხით.


გარდა ამისა, გავრცელებული დოკუმენტები შეიცავს ისეთი სახის პოლიტიკურად სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა აშშ-ის დაზვერვის მიერ მოკავშირე ქვეყნებისა და მათი ლიდერების შესახებ შეკრებილი ცნობები.


მაგალითად, ერთ-ერთი მოხსენების თანახმად, ისრაელის სპეცსამსახურები მიმდინარე წელს თანაუგრძნობდნენ და ხელს უწყობდნენ საპროტესტო ტალღის აგორებას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ.


სხვა დოკუმენტებიდან ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ და ინფორმაციას აგროვებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერეშისა და სხვა საკვანძო მნიშვნელობის ფიგურების შესახებ.


ერთ-ერთი ტექსტი ასახავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართულ დიალოგს, სადაც ისინი განიხილავენ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების თხოვნას აშშ-ის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება სეულის პრინციპულ პოლიტიკას - არ მიაწოდოს იარაღი ომში მყოფ ქვეყნებს და საბოლოოდ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა იარაღი მიყიდონ პოლონეთს და ამ გზით იპოვონ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.


ცხადია, დღეს შეუძლებელია იმის მტკიცება, რომელი დოკუმენტია ნამდვილი და რომელი - გაყალბებული, ან დაინტერესებული მხარის მიერ „დამატებული“, კონკრეტული საზოგადოებრივი განწყობის ჩამოყალიბების მიზნით.


მაგალითად, სულ მცირე, ერთი დოკუმენტის შემთხვევაში, რომელიც ომში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგებს ასახავს, სახეზე გვაქვს ციფრების გადაკეთების მცდელობაც, რადგან ინტერნეტში ამ დოკუმენტის ორი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ ვერსიაში (რომელიც CNN-ის ცნობით, 7 აპრილს 4chan-ის ფორუმზე გამოქვეყნდა) რუსეთის დანაკარგები აღემატება უკრაინისას, ხოლო მეორე ვერსიაში (რომელიც ძირითადად რუსულ ტელეგრამ- არხებზე ვრცელდება) - პირიქით.


თუმცა უკვე დღეს შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ამ „გაჟონვას“ შესაძლოა მოყვეს (და გარკვეულწილად უკვე მოყვა კიდეც) პოლიტიკური შედეგები.


მაგალითად, სეულში უკვე ღიად გამოხატეს უკმაყოფილება დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად განიხილავენ ამ საკითხს ამერიკულ მხარესთან.


ისრაელში კატეგორიულად უარყვეს სპეცსამსახურების კავშირი საპროტესტო აქციებთან, ხოლო კიევი ოფიციალურად ჯერჯერობით ყველაფერს რუსული სპეცსამსახურების დეზინფორმაციად აფასებს. თუმცა, თუ უკრაინა მართლაც ცვლის კონტრშეტევის გეგმას დოკუმენტების გაჟონვის ფონზე, ეს უკვე ნათლად მიანიშნებს, რამდენად სერიოზულად განიხილავენ მასალების შინაარსს ზელენსკის ოფისში.


შესაძლოა მთელი ამ „საინფორმაციო სპეცოპერაციის“ მიზანიც სწორედ ეს იყოს - ანუ უთანხმოების ჩამოგდება აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის...


ბუნებრივია, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სამიზნე ერთმნიშვნელოვნად უკრაინული კონტრშეტევის გეგმა იყო, თუმცა შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესთანაც გვქონდეს, რომელიც ზედაპირზე სწორედ ამ ფორმით ამოტივტივდა.


ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ისტორია საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, მედიისა და სოციალური მედიის კვლევის კუთხით -


პირველი: სოციალური მედიის განვითარებამ და „მოქალაქე ჟურნალისტის“ ფენომენის გააქტიურებამ ფუნდამენტურად შეცვალა საიდუმლო მასალების გამოქვეყნების მანამდე არსებული ეთიკა და ალგორითმი. დღეს, სოციალური მედიის ეპოქაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ინფორმაციის მასობრივი გამავრცელებელი. მეტიც - ტექნიკურად, დღეს ეს შეიძლება განხორციელდეს არაავთენტიკური ანგარიშის საშუალებითაც.


ეს ერთის მხრივ, დადებითი მოვლენაა, რადგან უზრუნველყოფს ინფორმაციის მრავალფეროვნებას, კონკურენციას და ასევე, ზრდის ინფორმაციაზე წვდომას იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს მკაცრი ცენზურა და ტრადიციული მედია არ არის თავისუფალი;


თუმცა მეორეს მხრივ, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ხშირად შეიძლება ბოროტად გამოიყენონ დეზინფორმაციის გავრცელების ან მანიპულაციის მიზნითაც, რადგან სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია ფაქტობრივად, ყოველგვარი პასუხისმგებლობის და გამავრცელებლის თვითიდენტიფიცირების გარეშეც კი.


მეორე დასკვნა, რომელიც გარკვეულწილად პირველიდან გამომდინარეობს, არის იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი ინფორმაციის აღქმის პროცესში, ანუ იმის ცოდნა - ვინ, როდის, რა მიზნით და რა მოტივაციით ავრცელებს კონკრეტულ მასალას.


ცნობისთვის, - ეს არ არის პირველი შემთხვევა თუნდაც ამერიკის ისტორიაში, როცა საიდუმლო დოკუმენტები მედიაში გავრცელდა. ასეთი შემთხვევები ხდებოდა სოციალური მედიის განვითარებამდეც;


მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ 1971 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული „პენტაგონის დოკუმენტები“ (Pentagon Papers), რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვიეტნამში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერებაში.


„პენტაგონის დოკუმენტები“ წარმოადგენდა უწყების შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ კვლევას, სადაც გაანალიზებული იყო აშშ-ვიეტნამის ურთიერთობები 1945-1967 წლებში და საიდანაც ირკვეოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ომის მიზეზებისა და სამხედრო მოქმედებებში აშშ-ის ჩართულობის მასშტაბების შესახებ, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალური სურათისგან.


ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ავტორიტეტულმა მედიასაშუალებებმა ჩათვალეს, რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება, გაცნობოდა პენტაგონის კვლევას და სწორედ ამ მოტივაციით, საკუთარ თავზე აიღეს მასალის გავრცელების პასუხისმგებლობა.


აღსანიშნავია, რომ „პენტაგონის დოკუმენტების“ გამოქვეყნების საქმე, საბოლოო ჯამში, აშშ-ის უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც მედია გაამართლა.


ზემოხსენებული ისტორიისგან განსხვავებით, როცა ნათელი იყო - ვინ, რა მიზნით, რა მოტივაციით და პასუხისმგებლობის რა ხარისხით ავრცელებს საიდუმლო დოკუმენტებს, დღეს გვაქვს შემთხვევა, როცა გაურკვეველი წყარო ავრცელებს დაუზუსტებელი (ან სადავო) წარმოშობის მასალებს, რომლებიც შესაძლოა გაყალბებულიც კი იყოს, და რაც მთავარია, აუდიტორიას შეუძლია მხოლოდ იმარჩიელოს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.


შესაბამისად, თუ საკითხს სწორედ მედიის კონტექსტში შევხედავთ, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოციალური მედია ვერ შეძლებს სრულად ჩაანაცვლოს ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და საქმიანობა.


ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა და მედიასაშუალების პასუხისმგებლობა ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება ინფორმაციის აღქმისა და კონტექსტის შეფასების პროცესში.


ფოტო thegrayzone.com

ზვიად ლიპარტელიანი
  • 11
  • 9596
0 Comments