წითელი ვერსია
  • 2
  • 4681

სად არის შეცდომა?

16 ივნისი 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XII)


მოდით, წავიკითხოთ ეს წინადადება და ვცადოთ, ვიპოვოთ მასში ენობრივი შეცდომა:


„2021 წელი იქნება სწორედ გადამწყვეტი, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ“. (23.02.2021)


თითქოს ყველაფერი რიგზეა. ყოველ შემთხვევაში, აზრი სავსებით გასაგებია: იმედს გვაძლევენ, რომ კორონავირუსულ პანდემიას წელს წელში გავტეხთ (როგორი კალამბური გამოგვივიდა!) – აღმოვფხვრით მის უარყოფით შედეგებს და ეკონომიკის სფეროშიც მალე მივაღწევთ წარმატებებს.


მაგრამ „უარყოფითი შედეგების ნიველირება“ ვითომ უარყოფითი შედეგების აღმოფხვრას (ამოძირკვას, მოსპობას, გაქრობას, წარსულისთვის მათ ჩაბარებას) ნიშნავს?


ფრანგული წარმომავლობის ნიველირება ასეა განმარტებული მიხეილ ჭაბაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“:


„1. დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით.


2. (გადატ.) განსხვავების მოსპობა; გათანაბრება“.


მხოლოდ ეს მეორე, გადატანითი, მნიშვნელობა შეიძლება იყოს ამჯერად „საჩვენო“. მაგრამ ციტირებულ ფრაზაში პანდემიის უარყოფითი შედეგების გათანაბრებაზეა საუბარი? არამც და არამც! მით უფრო, რომ არ არის ნათქვამი უარყოფითი შედეგების რასთან გათანაბრება იგულისხმება (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უარყოფითი შედეგების რაღაცასთან გათანაბრება აზრს მოკლებული ნათქვამია!).


ციტირებულ წინადადებაში „ნიველირება“ „ანულირებას“ ხომ არ გულისხმობს? როგორც ჩანს, ასეა, ვინაიდან „ანულირება“ „გაუქმებას“, „გაბათილებას“, „ნულზე დაყვანას“ ნიშნავს, რაც სავსებით შეესატყვისება დამოწმებული ფრაზის კონტექსტს.


ასეთივე ვითარებაა აქაც:


„კორონავირუსად წოდებული პნევმონიის აფეთქებამ, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-სა და ჩინეთს შორის პირველი ფაზის დროს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ნაწილის ნიველირება მოახდინოს“.


კონტექსტიდან აშკარაა, რომ „სავაჭრო შეთანხმების ნაწილის ნიველირება“ კი არა, ანულირება (გაუქმება) იგულისხმება.


ჟურნალისტები, მათი რესპონდენტები, ბლოგერები „ანულირების“ ნაცვლად უმეტესად „ნიველირებას“ ამბობენ და წერენ. აი ამ ფრაგმენტშიც ნიველირება ანულირების ნაცვლად ზის:


[მოხსენებაში მოყვანილი მონაცემები] „შედგება ტრადიციული, არატრადიციული, კატასტროფული ტერორიზმის და სხვა დესტრუქციული საფრთხეებისგან, რომლებიც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აშშ-ს სამხედრო უპირატესობის ნიველირებას ეცდება“.


აშკარაა, რომ სამხედრო უპირატესობის ნიველირებაზე კი არა – ანულირება/აღმოფხვრაზეა აქ ლაპარაკი.


ან კიდევ:


„როგორც წერილის ხელმომწერები აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტი მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც დემონსტრანტებისთვის პრინციპულად მიუღებელია“.


იგულისხმება: „მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ანულირებას“.


სიტყვა „ნიველირების“ მართებულად გამოყენების შემთხვევები ჩვენს მედიაში ძალიან ცოტაა. ერთი მათგანი ეს არის:


„პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების წარმომადგენელთა ჩაბმა მათი მისწრაფების, უნარისა და კომპეტენციის ჰარმონიული განვითარების საფუძველზე; ცხადია, არა მათი კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირების მიზნით, არამედ მათში საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქის იდენტობის გაღვივებისთვის“.


„კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირება“ სავსებით მართებული ფრაზაა და ამგვარ თავისებურებათა გაქრობას, მათ გაერთფეროვნებას ნიშნავს (რაც არასასურველი მოვლენაა, ვინაიდან ამ სფეროში მრავალფეროვნება მხოლოდ სიკეთის მომტანია).


ამ ბოლო მაგალითზე დაკვირვება კიდევ ერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა:


ნიველირება და ანულირება მარტო იმიტომ კი არ გვერევა ერთმანეთში, რომ ისინი მსგავსი ჟღერადობის სიტყვებია, არამედ ამ უზუსტობას რამდენადმე მათი სემანტიკაც განაპირობებს: საქმე ის გახლავთ, რომ ნიველირებაც ანულირებაა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ უთანაბრობის, უთანასწორობის, განსხვავებულობის და კიდევ მრავალფეროვნების ანულირება; დიახ, ნიველირება განსხვავებათა ანულირება-მოსპობაა, მაგრამ არ გამოგვადგება მაშინ, როცა, ვთქვათ, კანონის გაუქმებაზე ან რაიმე ხარვეზის აღმოფხვრაზეა ლაპარაკი.


ასე რომ, ამ სიტყვების გამოყენებისას მეტი დაფიქრება გვმართებს.


სამაგიეროდ არავითარი პრობლემა აღარ შეგვექმნება, თუკი უცხოური წარმომავლობის ანულირებისა და ნიველირების ნაცვლად მათ ქართულ შესატყვისებს გამოვიყენებთ, ზემოთ უკვე დასახელებულთ: ანულირების ადგილას გაუქმებას, გაბათილებას, აღმოფხვრას, მოსპობას, ხოლო ნიველირების მაგივრად გათანაბრებას ან გაერთფეროვნებას ვიტყვით და დავწერთ.


* * *

მაგრამ ქართულ ენობრივ სივრცეში გადმოსახლებულ „ნიველირებას“ მარტო ეს გასაჭირი როდი ადგას. იგი უმართებულოდ კიდევ რამდენიმე სიტყვის მაგივრად გამოიყენება.


მოდით, ახლა ამ წინადადებას დავაკვირდეთ:


„საინტერესოა (...) ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ნიველირებით რა შედეგით დაასრულებს მმართველი პარტია საარჩევნო მარათონს“.


„მოსახლეობის ინტერესების ნიველირებაც“ (ანუ გათანაბრებაც) ისეთივე აზრსმოკლებული ფრაზაა, როგორიც „მოსახლეობის ინტერესების ანულირება (გაუქმება)“ იქნებოდა. „ნიველირება“ ამჯერად „იგნორირებას“, ქართულად „უგულებელყოფას“, ჩანაცვლებია, ოღონდ სრულიად უმართებულოდ – იგი ამ სიტყვების სინონიმად ვერ გამოდგება.


იგივე შეცდომაა აქაც:


„თუ კვლავაც გაგრძელდება ევროპის უსაფრთხოების ომის შემდგომი სისტემის დემონტაჟი და იალტის, პოტსდამისა და ჰელსინკის შეთანხმებების ნიველირება, მაშინ მსგავსი პრეტენზიები შეიძლება ჩეხეთმაც წაუყენოს პოლონეთს“.


აქაც „ნიველირების“ ნაცვლად „იგნორირება“ ან „უგულებელყოფა“ უნდა იყოს. („ანულირება“ აქ აღარ გამოდგება, ვინაიდან შეთანხმების ანულირება შესაძლებელია, მაგრამ შეთანხმების ანულირების გაგრძელება – არა).


ახლა ვნახოთ ფრაგმენტი, სადაც უადგილოდ გამოყენებულ „ნიველირებას“ ვერც „ანულირება“ ჩაენაცვლება და ვერ „იგნორირება/უგულებელყოფა“:


„სომხეთში იმ დანაკარგის ნიველირებას ცდილობენ, რომელიც გადაადგილებასა და ბიზნესის მუშაობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია“.


აქ „ნიველირებას“ კომპენსაციის, ქართულად ანაზღაურების, როლის შესრულება დაჰკისრებია, რასაც იგი, რასაკვირველია, ვერ ასრულებს.


ამრიგად, ერთობ იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე: უცხო სიტყვის რამდენიმე არასწორი მნიშვნელობით გამოყენების, ასეთი „პოლისემანტიკური ცდომილების“ სხვა შემთხვევა ძნელად თუ მოიძებნება!



ლევან ბრეგაძე
  • 2
  • 4681
0 Comments