წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2664

როცა „პასუხის უფლება“ გარანტირებული არ არის

11 დეკემბერი 2025

1996 წელს უკრაინის ქალაქ ბერდიჩივის ერთ-ერთ გაზეთში (Бердичiвська Земля) გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც სათავე დაუდო ხმაურიან სასამართლო განხილვას, თუ რა შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ პასუხის უფლება მედიაში და როგორი უნდა იყოს თავად პასუხი.


სტატია, რომელსაც ხელს ვინმე Мr. P აწერდა, რაც ავტორის მხრიდან ანონიმურად დარჩენის სურვილზე ან რედაქციის პოზიციაზე უნდა მიანიშნებდეს, მიმართული იყო ბერდიჩივის მკვიდრის, მიკოლა მელნიჩუკის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა.


მიკოლა მელნიჩუკისა და Бердичiвська Земля-ს დაპირისპირება შესაძლოა, აქ დასრულებულიყო კიდეც, რომ არა 2001 წელს მომხდარი კიდევ ერთი შემთხვევა - მელნიჩუკმა საკუთარი ლექსების ახალი კრებული გამოსცა, Мr. P-მა რეაგირება არ დააყოვნა და ამჯერადაც მწვავედ გააკრიტიკა უკვე 70 წელს გადაცილებული ავტორი.


Mr. P მელნიჩუკს უკრაინული ენის უცოდინრობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ის, ვინც საკუთარ ენას პატივს არ სცემს, პოეტად ვერ ჩაითვლება.


მეტიც: კრიტიკოსი საზოგადოებისთვის საშიშად აცხადებდა მელნიჩუკის პოეზიას იმ არგუმენტით, რომ ამგვარი „გაფუჭებული“ ენა ცუდი მაგალითი იქნება ახალგაზრდობისთვის, რომელმაც დაბეჭდილი ტექსტი შესაძლოა, ენის ნორმად მიიჩნიოს და ა. შ.


აღსანიშნავია, რომ საკუთარი ბრლადებების გასამყარებლად Mr. P სტატიაში იმოწმებდა ციტატებს - მელნიჩუკის მიერ გამოყენებულ რუსულ სიტყვებს და მთლიანობაში გაუგებრობად და „აბსურდის თეატრად“ მოიხსენიებდა მელნიჩუკის პოეზიას.


მეორე კრიტიკული გამოხმაურების წაკითხვის შემდეგ მიკოლა მელნიჩუკმა მიიჩნია, რომ მას ჰქონდა პასუხის უფლება და რედაქციას პასუხის ტექსტი გაუგზავნა, თუმცა ტექსტის გამოქვეყნებაზე უარი მიიღო.


ამის შემდეგ მელნიჩუკი მიდის ბერდიჩივის პირველი ინსტანციის სასამართლოში და პრესის შესახებ უკრაინის კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოსგან ითხოვს პასუხის უფლების უზრუნველყოფას (ანუ რედაქციის სასამართლოს ვერდიქტით დავალდებულებას), თუმცა მელნიჩუკის საჩივარი არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც ჟიტომირის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.


საგულისხმოა, რომ საქმის განხილვის დროს მოპასუხე მხარე (ანუ გაზეთი) საკუთარ გადაწყვეტილებას ასაბუთებდა იმ არგუმენტით, რომ მელნიჩუკის პასუხი შეურაცხმყოფელი გამოთქმებით იყო სავსე, ხოლო ტექსტის შესწორებაზე, მათი მტკიცებით, ავტორმა უარი განაცხადა.


უკრაინულ სასამართლოში იმედგაცრუებულმა მელნიჩუკმა 2003 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.


ასე გადაინაცვლა Бердичiвська Земля-სა და მიკოლა მელნიჩუკის დაპირისპირებამ სტრასბურგში, რომელსაც უნდა შეეფასებინა, რამდენად უზრუნველყო ან ვერ უზრუნველყო უკრაინულმა სახელმწიფომ მომჩივანის ევროპული კონვენციებით გარანტირებული უფლებების დაცვა.


შეგახსენებთ, რომ პასუხის უფლება მედიის რეგულირების ევროპული პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია და იგი განმტკიცებულია როგორც პოლიტიკური დეკლარაციების, ისე სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების ძალით.


ამ მხრივ ფუძემდებლურ დოკუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1974 წლის რეზოლუცია პასუხის უფლების შესახებ (7426), რომელშიც კომიტეტი მოუწოდებს წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებებს, უზრუნველყონ პასუხის უფლება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:


ა) მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმავე მნიშვნელობის მქონე მედიუმის საშუალებით გამოასწოროს მის შესახებ მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია;


ბ) მოქალაქეს ასევე უნდა ჰქონდეს პასუხის უფლება, თუ მედიის საშუალებით განხორციელდა არაჯეროვანი ჩარევა მის პირად ცხოვრებაში ან ხელყოფილ იქნა მისი ღირსება და რეპუტაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესით და ეფუძნება დადასტურებულ ფაქტებს.


იმავე რეზოლუციაში ევროპის საბჭო განსაზღვრავს იმასაც, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, ადგილობრივმა კანონმდებლობამ არ უზრუნველყოს პასუხის უფლება.


ეს შეიძლება მოხდეს, თუ:


ა) პასუხის უფლება არ იქნა გამოყენებული დროულად;


ბ) პასუხი უფრო დიდია, ვიდრე აუცილებელია იმისთვის, რომ გასწორდეს მოპასუხის მიერ არასწორად მიჩნეული ინფორმაცია;


გ) პასუხი არ შემოიფარგლება იმ ინფორმაციის გასწორებით, რომელიც მოპასუხის მიერ მიჩნეულია არასწორად;


დ) პასუხი შეიცავს დანაშაულს;


ე) პასუხი ეხება და აზიანებს რომელიმე სხვა (მესამე) მხარის კანონიერ ინტერესებს;


ვ) მოპასუხე ვერ ადასტურებს კანონიერ ინტერესს საკამათო ინფორმაციის მიმართ.


საქმის მასალების გაცნობის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო მიკოლა მელნიჩუკის საჩივარი და ეს გადაწყვეტილება სხვა არგუმენტებთან ერთად, დაასაბუთა იმით, რომ მელნიჩუკი რედაქციისადმი გაგზავნილ საპასუხო ტექსტში მნიშვნელოვნად გასცდა საკუთარი რეპუტაციის დაცვის ამოცანას და თავად გადავიდა შეურაცხმყოფელ ლექსიკაზე, რისი გამოქვეყნების ვალდებულებაც რედაქციას არ ჰქონდა.


მაგალითად, საპასუხო წერილში მელნიჩუკი მიმართავს სიტყვების თამაშს და Mr. P-ს მწერლთა კავშირის წევრის ნაცვლად მოიხსენიებს, უბრალოდ, როგორც წევრს (Член), რაც უკრაინულ ენაში პიროვნების შეურაცხყოფაა და ა. შ.


აღსანიშნავია, რომ საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებაში სტრასბურგმა ასევე მიუთითა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, კორექტივები შეეტანა საკუთარ პასუხში და დაეცალა იგი პირადი შეურაცხყოფისგან, თუმცა მან ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა.


რედაქციის მტკიცებით, რაც ფაქტად მიიჩნია ჯერ უკრაინულმა სასამართლომ, შემდეგ კი სტრასბურგმა, გამოცემამ შესთავაზა მას დაეხვეწა პასუხის ფორმა, თუმცა თავად მელნიჩუკი ამტკიცებდა, რომ ამგვარი შინაარსის წერილი მას სინამდვილეში არასდროს მიუღია და რედაქციამ უკრაინულ სასამართლოს ყალბი მტკიცებულება წარუდგინა.


შესთავაზეს თუ არა წერილის კორექტირება მიკოლა მელნიჩუკს სინამდვილეში, ამის გარკვევას ალბათ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დასჭირდება, რაც ჩვენი ამოცანა აშკარად არ არის: ჩვენი ამოცანაა, მოცემული საქმის საფუძველზე გავაკეთოთ დასკვნა, თუ როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს პასუხი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გასწორებას ან ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას ისახავს მიზნად.


დასკვნა კი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:


პასუხი უნდა იყოს დროული (კონკრეტული ვადები, როგორც წესი, დადგენილია ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობით);


პასუხი არ უნდა იყოს იმაზე დიდი მოცულობის, ვიდრე აუცილებელია არასწორი ცნობის უარყოფის, დასაბუთების და ღირსების დაცვისთვის;


პასუხი არ უნდა გასცდეს იმ თემას, რომელთან დაკავშირებითაც დაინტერესებულ პირს აქვს პრეტენზია;


პასუხი არ უნდა შეიცავდეს დანაშაულს;


და ბოლოს, პასუხმა არ უნდა დააზიანოს სხვა (მესამე) მხარის კანონიერი ინტერესები.



  • 0
  • 2664
0 Comments