ქართულ მედიას უამრავი პრობლემა აქვს და მათ მოგვარებას ყველა თავისებურად ცდილობს. მაგრამ ზოგჯერ თვით ამ პრობლემების გამოვლენაც და კრიტიკაც პრობლემად იქცევა ხოლმე და ცენზურის ან „კუდიანებზე ნადირობის“ ფორმას იძენს.
მაგალითად, საქართველოში მედიის მონიტორინგზე ორიენტირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდი (MDF), რომელიც საკუთარ მისიას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას უკავშირებს, უკვე მეხუთე წელია, აქვეყნებს ქართულ მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც კრიტიკის სამიზნედ ანგარიშის ავტორებისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე და, შესაბამისად, „მიუღებელ“ სუბიექტებს ირჩევს. ხოლო ის, თუ ვინ შეიძლება იყოს ანგარიშის ავტორთათვის პოლიტიკურად მიუღებელი, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ MDF-ის ხელმძღვანელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა და სწორედ მის სახელს უკავშირდება მაშინდელი მმართველი პარტიის პოლიტიკისადმი მაუწყებლის ტოტალური დაქვემდებარება.
თავისი ანგარიში, რომელიც 2019 წლის პერიოდს მოიცავს, MDF-მა წელსაც გამოაქვეყნა. წინა წლების მსგავსად, მთავარ აქცენტს ორგანიზაცია ამჯერადაც პოლიტიკურ ოპონენტებზე აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიშის შემდგენლები მედიის სფეროთი არ შემოიფარგლებიან და ცენზორის ფუნქციას „იფართოებენ“, რადგან, როგორც თავადვე აღნიშნავენ, „დაკვირვება ხორციელდება როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე.“
საინტერესოა თავად კრიტიკის მექანიზმიც: მაგალითად, MDF-ის ანგარიშში მედიასაშუალებები უარყოფით კონტექსტში არიან მოხსენიებული თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ, ორგანიზაციის აზრით, მათ რესპონდენტთა ანტიდასავლური კომენტარები გაავრცელეს. გამოდის, რომ მედიის განვითარების ფონდი „შავ სიაში“ მოხვედრის მუქარით, ფაქტობრივად, უკრძალავს მედიასაშუალებებს სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დეკლარირებული პოზიციისგან განსხვავებული პოზიციისა თუ მოსაზრების გაშუქებას. არადა, ალტერნატიული აზრის უგულებელყოფით ეს მედიასაშუალებები დაარღვევდნენ ჟურნალისტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომელიც აუდიტორიის სრულყოფილად ინფორმირების მიზნით საკითხის ყველა კუთხიდან გაშუქებას გულისხმობს.
ანგარიშში ჩამოთვლილია ავტორთა მიერ ანტიდასავლურად მიჩნეული ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, პარტიები და სამოქალაქო პირები. ავტორებს მათზე პირდაპირი იერიში მიაქვთ და ლამის ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებად აცხადებენ. ყურადღებას იპყრობს ანგარიშში მოცემული კონსპიროლოგიური დასკვნაც „ანტიდასავლურ ორგანიზაციებსა და ამავე კურსის მედიებს შორის მჭიდრო კავშირზე“, რაც აშკარად სცდება მედიის ცენზურის სფეროს და პოლიტიკური რეპრესიებისთვის საინფორმაციო ფონის შემზადებას უფრო წააგავს.
ამგვარი აგრესია ოპონენტებისა და, საერთოდ, განსხვავებული აზრის მიმართ მით უფრო გასაკვირია, რომ მედიის განვითარების ფონდი საკუთარ მიზნად ასახელებს ღია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და პლურალისტური გარემოს დამკვიდრებას. ხოლო ასეთი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე ბუნებრივად იბადება კითხვები, თუ რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის პრაქტიკული საქმიანობა მისსავე გაცხადებულ მიზნებს, ან რატომ არიან ორგანიზაციის გამოკვლევაში სტიგმატიზებული და ლამის ქვეყნისა და ხალხის მტრებად გამოცხადებული ის პირები და ორგანიზაციები, რომელთა მსოფლმხედველობა განსხვავდება MDF-ის მიერ დადგენილი „სტანდარტებისგან“.
აშკარაა, რომ მედიის განვითარების ფონდი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ლოზუნგით ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ კონკრეტული ვიწროპოლიტიკური გემოვნება და სტანდარტი მაშინ, როცა მრავალფეროვანი და პლურალისტული გარემო სწორედ ღირებულებებისა და მსოფლმხედველობების, მათ შორის დიამეტრულად საპირისპირო მრავალფეროვნებას და ამ ყველაფრის გამოხატვის თავისუფლებასაც გულისხმობს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და კონსტიტუციას.
დემოკრატიულსა და პლურალისტურ საზოგადოებაში, ცხადია, MDF-სა და მის მესვეურებსაც აქვთ პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მაგრამ დანარჩენი საზოგადოებისთვისაც ხომ არავის აუკრძალავს, იკითხოს: რას ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა − მედიის განვითარებასა და სრულყოფას, თუ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებას?
ერთი მხრივ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, MDF-ის მიერ მედიაში ანტიდასავლური ნარატივების კრიტიკა თითქოს კარგად ერგება იმ კონიუნქტურას, რასაც რუსული დეზინფორმაციისა და „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. მაგრამ რეალური საფრთხე ზოგჯერ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტებისა თუ მთელი სოციალური ჯგუფების დისკრედიტაციისა და დელეგიტიმაციისთვის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი განდევნის მიზნით. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, MDF-ის ძალისხმევა სულ უფრო მეტად ემსგავსება 1950-იანი წლების აშშ-ში განვითარებულსა და დღეს „მაკარტიზმის“ სახელით ცნობილ მოვლენებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან მომდინარე ხიფათთან ბრძოლის პროცესში თავად გადაიქცა საფრთხედ დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
- 0
- 17
- 4521
Джемал Мехрадзе
რუსული აზროვნება რომ ანტიდასავლურია და ამის გაცხადება დანაშაული მედიაკრიტიკის მთავარი სტრატეგიაა