წითელი ვერსია
  • 11
  • 4732

როგორ (არ) შუქდებოდა კრიმინალი 2012 წლამდე

09 აგვისტო 2020

ბოლო დროს საქართველოს სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებებში ძალზე აქტიურად და რეგულარულად შუქდება კრიმინალური ამბები. ოპოზიციური მედიასაშუალებები, როგორებიცაა „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ მთავარ გამოშვებებს პრაქტიკულად ყოველდღე მკვლელობის, დაჭრის ან უბედური შემთხვევის გაშუქებით იწყებენ. მაყურებელში აქტიურად ინერგება განცდა, რომ ქვეყანაში სხვა არაფერი ხდება, გარდა მკვლელობისა და რომ საქართველო უფსკრულისკენ მიექანება.


საინფორმაციო გამოშვებათა მთავარ თემებად კრიმინალის გამოტანის ტენდენცია სათავეს 1990-იან წლებში იღებს. ასეთი სტრატეგია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში. 90-იანი წლების მეორე (!) ნახევარშიც კი 9-საათიანი „კურიერის“ პირველი ბლოკი ზოგჯერ მთლიანად იყო შევსებული მკვლელობებზე, ყაჩაღობებსა და სხვა დანაშაულებზე მომზადებული სიუჟეტებით.


ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2004 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში მოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმავე „რუსთავი 2“-მა. ამის შემდეგ „კურიერმა“ და, როგორც მაშინ უწოდებდნენ, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“, კრიმინალის გაშუქება მკვეთრად შეამცირა და პირველ ბლოკში აქცენტი საერთაშორისო ამბებზე ან საქართველოს პრეზიდენტისა თუ მთავრობის მაღალჩინოსნების უცხოეთში ვიზიტებზე გადაიტანა.


შეგახსენებთ, ეს ის წლებია, როცა „რუსთავი 2“-ზე არ მომზადებულა პრაქტიკულად არც ერთი კრიტიკული სიუჟეტი ხელისუფლებაზე, ხოლო დანაშაული ზოგჯერ თუ მაინც ხდებოდა, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ინტერპრეტაციით მასში აუცილებლად ფიგურირებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ნათესავები, ანაც ხელისუფლებისთვის არასასურველი ბიზნესმენები. ამასთან, კრიმინალი შუქდებოდა, ძირითადად, შსს-დან მიღებული მასალებით, სადაც პრესსამსახურის ხელმძღვანელად სწორედ „რუსთავი 2“-ის ყოფილი კორესპონდენტი გურამ დონაძე მუშაობდა.


მაგალითად გამოგვადგება თუნდაც „რუსთავი 2“-ის 2009 წლის 20 მაისის საინფორმაციო გამოშვება, სადაც თვალნათლივ იკვეთება არხის მუშაობის სტილი და პრიორიტეტები 2004-2012 წლებში.


2012 წლის შემდეგ, როდესაც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, „რუსთავი 2“-ის პოლიტიკა ისევ შეიცვალა, ანუ არხი კვლავ ოპოზიციის სამსახურში ჩადგა და, ისევე როგორც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებში ხელისუფლება ისევ ცუდი ხდება, ხოლო ოპოზიცია − კარგი. შესაბამისად, კრიმინალი კვლავ იქცევა „კურიერის“ პრიორიტეტად. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის შემადგენლობის დიდი ნაწილი „მთავარ არხზე“ გადავიდა, ეს ტენდენცია შენარჩუნდა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო გაძლიერდა კიდეც.


აღსანიშნავია, რომ „მედიის კრიმინალიზაცია“ გადამდები გამოდგა, ვინაიდან ბოლო ხანს კრიმინალის გაშუქებამ აშკარად იმატა სხვა ტელევიზიებშიც, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს ხელისუფლების დადანაშაულება კრიმინალის მიმართ არასაკმარის პრინციპულობაში ან, სულაც, დამნაშავეთა მფარველობაში. ამასვე იმეორებენ სოციალურ ქსელებში გააქტიურებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და წინა ხელისუფლების მხარდამჭერები, რაც კოორდინირებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ამ პროცესის პროპაგანდისტული ხასიათი კიდევ უფრო აშკარა გახდება, თუ გავეცნობით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სარეიტინგო პლატფორმის, Numbeo-ს კვლევის თანახმად, კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 სახელმწიფოს შორის მე-4 ადგილზეა, ხოლო ევროპაში – პირველზე.


რაც შეეხება მკვლელობათა სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2006 წელს საქართველოში 246 მკვლელობა მოხდა, 2007 წელს 249, ხოლო 2014 წელს − მხოლოდ 84. ამის შემდეგ მკვლელობების სტატისტიკა ყოველწლიურად 80-სა და 100-ს შორის მერყეობს, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად მეტად სამწუხაროა, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, არამც და არამც არ იძლევა იმ ისტერიული ფონის საფუძველს, ქართულ მედიაში რომ შეინიშნება.


იმაში, რომ ნებისმიერი ტელევიზია სენსაციაზე „ნადირობს“, არაფერია არაბუნებრივი. კრიმინალი სენსაციაა და თან, ხშირ შემთხვევაში, ძალიან რეიტინგული სენსაცია, თუმცა, თუ დასავლურ მედიას გადავხედავთ, იქ წინა პლანზე მაინც ყოველთვის პოლიტიკური ამბებია, რასაც ქართულ მედიაზე ვერ ვიტყვით. ამის მიზეზი, გარდა პოლიტიკური მიკერძოებისა, შეიძლება იყოს ისიც, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ამბების კვალიფიციურ გაშუქებას ჟურნალისტისა და, მთლიანად, ტელეკომპანიის მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, „დეფიციტური საქონელია“.


რაც შეეხება უშუალოდ კრიმინალს, ცხადია, მედიას არავინ უშლის და ვერც დაუშლის კრიმინალის გაშუქებას ან ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას. მეტიც: ხშირ შემთხვევაში სწორედ მედიის ჩარევამ მისცა საზოგადოებას საშუალება, ობიექტური ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე. თუმცა, ეს მაინც არ არის ახალი ამბების ძირითადი ამოცანა. ამისთვის ტელევიზიები, როგორც წესი, ცალკე საგამოძიებო გადაცემებს ან კრიმინალურ ქრონიკებს ამზადებენ, თუმცა როდესაც საუბარია პარტიულ ტელევიზიებზე, რომელთა უკანაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები დგანან, იქ, რასაკვირველია, ამგვარი პროექტებიც დიდი ალბათობით მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.



მიხეილ ვარძელაშვილი
  • 11
  • 4732
0 Comments