წითელი ვერსია
  • 0
  • 2110

როგორ (არ) აფიქსირებენ პოზიციას დასავლურ მედიაში

05 დეკემბერი 2021

ქართული მედიის მთავარი მოთამაშეები ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიას და პოზიციებს, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა: მსხვილი მედიასაშუალების მიერ პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გაცხადება, ფაქტობრივად, სათავეს ვარდების რევოლუციის პერიოდის „რუსთავი 2“-დან იღებს, რომელიც 2003 წლის ნოემბრის შემდეგ ოფიციალურად პოზიციონირებდა, როგორც „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ და ღიად უსვამდა ხაზს იმ როლს, რომელიც ამ ტელევიზიამ ხელისუფლების შეცვლის პროცესში ითამაშა.


დღეს ქართული ტელემედიის დიდი ნაწილი უკვე სრულიად დაუფარავად აცხადებს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის შესახებ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში საგანგებო განცხადებებისა და მოწოდებების ფორმასაც კი იღებს.


მაგალითად, ტელეკომპანია „იმედმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ საზოგადოებას საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ აუწყა.


მედიასაშუალების მიერ გავრცელებული განცხადებების ფონზე გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ორივე არჩევნების დროს და განსაკუთრებით, გადამწყვეტი, მეორე ტურის წინ „იმედი“ ღიად ატარებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართულ სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რეალურად, აღნიშნული რეჟიმი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, არამედ არსებული ხელისუფლების მხარდაჭერასაც გულისხმობდა.


ყოფილი მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ მიმართულ სარედაქციო პოზიციას კიდევ უფრო დემონსტრაციულად და ხშირად გამოხატავს ტელეკომპანია Pos TV, რომელიც საკუთარ მთავარ ფუნქციად სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებას მოიაზრებს, თუმცა ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაც არ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობით და როგორც წესი, მმართველი გუნდისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებასაც გულისხმობს.


იგივე ტენდენციას ვაკვირდებით „საპირისპირო ფლანგზეც“: კერძოდ, სამი ქართული ტელეკომპანია („მთავარი არხი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა“), რომლებიც საკუთარ თავს კრიტიკულ მედიას უწოდებენ, ფაქტობრივად, ასევე ღიად აფიქსირებენ ოპოზიციის მხარდაჭერას, რაც არჩევნების დროს ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლო პროპაგანდასა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ანტი-პროპაგანდამდეც მიდის.


მაგალითად, იმავე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა საკუთარ „სატელევიზიო მონოლოგში“ არაერთხელ მოუწოდა მაყურებელს, არ დაეჭირათ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის, რამდენჯერმე უკიდურესად უხეშად შეეხო ქალი-კანდიდატის პირად ცხოვრებას და საგანგებო „ჩელენჯიც“ კი წამოიწყო ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ, პირდაპირი პოლიტიკური მოწოდებები გააჟღერა მან ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.


ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური პოზიციის საჯარო დეკლარირებისას ქართული მედიის წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ დასავლურ, უფრო კონკრეტულად კი ამერიკულ მედიაზე და აცხადებენ, რომ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება აპრობირებული პრაქტიკაა დასავლურ პრესასა და ტელევიზიებში.


ამის გამო საზოგადოების ნაწილში შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება ათავისუფლებს მედიას პროფესიული სტანდარტებისგან, თუმცა რეალურად, დასავლურ მედიაში მსგავსი არაფერი ხდება და ჟურნალისტს, ისევე როგორც მთლიანად მედიასაშუალებას, ნებისმიერ შემთხვევაში, მოეთხოვება ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას საჯაროდ გაცხადებული საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ.


მეტიც - ე. წ. ენდორსმენტი, რასაც ამერიკულ მედიაში ტრადიციულად უწოდებენ ბეჭდური გამოცემის სარედაქციო მიმართვას საზოგადოებისადმი კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის გზავნილით, წარმოადგენს ექსკლუზიურად საარჩევნო, განსაკუთრებულ მასალას, ქვეყნდება სარედაქციო საბჭოს სახელით და არავითარი პირდაპირი გავლენა არ აქვს მედიასაშუალებისა და ჟურნალისტების ყოველდღიურ მუშაობაზე.


მაგალითისთვის, შეგვიძლია ვნახოთ უმსხვილესი ამერიკული გამოცემის, USA Today-ს მიერ გამოქვეყნებული ჯო ბაიდენის მხარდამჭერი ენდორსმენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


აღნიშნულ სარედაქციო ტექსტში უპირველეს ყოვლისა ხაზგასმულია, რომ განცხადების ავტორებს არ აქვთ კავშირი (და, შესაბამისად, გავლენა) ახალი ამბების მომზადებაზე პასუხისმგებელ ჟურნალისტებთან, ხოლო შემდგომ მოცემულია არგუმენტები, რომლებიც, ავტორების აზრით, ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მეტყველებს და განაპირობებს რედაქციის რეკომენდაციას.


ანალოგიური სტრუქტურა აქვს იმავე არჩევნების წინ New York Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილს დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მოწოდებით. აქაც, ავტორები მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, მათი აზრით, ტრამპის სასარგებლოდ მეტყველებს და ურჩევენ მკითხველს მისცენ მოქმედ პრეზიდენტს კიდევ ერთი შანსი.


როგორც ვხედავთ, ენდორსმენტის ტრადიცია ფუნდამენტურად განსხვავდება საქართველოში დამკვიდრებული ყოველდღიური პროპაგანდისა და ანტი-პროპაგანდის პრაქტიკისგან და რაც მთავარია, თუნდაც პოზიციის დეკლარირების შემთხვევაში ამერიკული გამოცემები ცდილობენ ყოველთვის დაიცვან აღიარებული პროფესიული სტანდარტები და ეთიკა, რაც გულისხმობს სიზუსტეს, ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნას, საკითხის ირგვლივ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის წარმოჩენას და ა.შ.


რაც შეეხება ტელევიზიას, ბოლო ორი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკული ტელემედია ნამდვილად უფრო პოლიტიზებული იყო და უფრო გამოკვეთილად უჭერდა მხარს კონკრეტულ კანდიდატს (ან მუშაობდა კონკრეტული კანდიდატის წინააღმდეგ) ვიდრე მანამდე, თუმცა CNN-ისა და რამდენიმე სხვა მსხვილი ტელეკომპანიის მიერ დემონსტრაციულად ანტიტრამპისტული პოზიციის დაკავებას ჰქონდა სრულიად სპეციფიკური კონტექსტი და შედეგები, რასაც ქართული მედიის ხელმძღვანელები, როგორც წესი, ნაკლებად ითვალისწინებენ.


უპირველეს ყოვლისა, ტრამპის წინააღმდეგ მასმედიის მიერ წარმოებული კამპანია არ შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული მედიისთვის სისტემურად დამახასიათებელ ნიშნად, რადგან მედია ამ შემთხვევაში ტრამპს განიხილავდა სისტემის მიღმა მყოფ ფიგურად, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თავად სისტემის არსებობას და შესაბამისად, მასთან მიმართებაში მედია გარკვეულწილად თავადაც გადიოდა სისტემისთვის დამახასიათებელი თამაშის წესებიდან.


შემდგომ, რაც არ უნდა ყოფილიყო მედიის მოტივაცია, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ აგრესიულმა ანტი-პროპაგანდამ და პოლიტიზებამ საზოგადოებაში სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო: მასმედიის მიმართ ამერიკული საზოგადოების ნდობა რადიკალურად შემცირდა და კვლავ განაგრძობს შემცირებას, ხოლო დასახულ მიზანს მედიამ მაინც ვერ მიაღწია და ვერ აღკვეთა დონალდ ტრამპის გამარჯვება 2016 წელს მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე, ფაქტობრივად, მთელი ამერიკული მასმედია მხარს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს უჭერდა ან, სულ მცირე, რესპუბლიკელი კანდიდატის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას აწარმოებდა.


შესაბამისად, ამერიკული მედიის მუშაობა 2016 წლის არჩევნების წინ არ შეიძლება ჩაითვალოს დასავლური მედიის ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობად ან მაგალითად, რომელზეც უნდა მოხდეს სწორება, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ქართული მედიის მესვეურებმა გაითვალისწინონ დასავლური გამოცდილება და გაკვეთილი, ქართული მასმედია ბოლო წლების განმავლობაში სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და სულ უფრო დემონსტრაციულად მიკერძოებული ხდება.


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში და, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად არსებობს მედიის მიერ კანდიდატის მხარდამჭერი განცხადების გაკეთების ტრადიცია, თუმცა ეს ტრადიცია არ გულისხმობს ყოველდღიურ პროპაგანდას ჟურნალისტების მხრიდან და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ აძლევს მედიას დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და არაეთიკური ჟურნალისტიკის წარმოების უფლებას.


ზვიად ავალიანი
  • 0
  • 2110
0 Comments