წითელი ვერსია
  • 5
  • 1835

როდის შიმშილობენ ჟურნალისტები?

15 ნოემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის მწვავე ფორმებს მიმართა. მათ შორის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა თავადაც შიმშილობა დაიწყო და სამი დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო იმავე არხის კიდევ ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მუყაოს კარავი დადგა და პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ აღნიშნულ კარავში იმყოფებოდა.


ჟურნალისტები პროტესტის ამგვარ რადიკალურ ფორმებს, როგორც წესი, მიმართავენ მაშინ, როცა მათ არ ეძლევათ კონკრეტული პრობლემის გაშუქების საშუალება, მედია განიცდის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და ირღვევა უშუალოდ ჟურნალისტთა უფლებები.


თუმცა თუ ქართველი ჟურნალისტების პროტესტის მიზეზსა და მიზნებს შევადარებთ ჟურნალისტების შიმშილობისა და მწვავე პროტესტის გახმაურებულ შემთხვევებს მსოფლიოს მასშტაბით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებული ტიპის აქციასთან. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ჟურნალისტთა შიმშილობის რამდენიმე რეზონანსულ შემთხვევას, რომლებმაც მიმდინარე წელს საერთაშორისო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს.


ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მედიისა და ჟურნალისტების თავისუფლება კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა ბელორუსში, სადაც ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების მიმდინარეობისას დაიჭირეს და გაასამართლეს არაერთი ჟურნალისტი. მათ შორის იყო Deutsche Welle-ს შტატგარეშე რეპორტიორი ალექსანდრე ბურაკოვი, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა სასამართლო პროცესის გაშუქების დროს დაატუსაღეს.


ბურაკოვი კოლეგებთან ერთად შენობის გარეთ იცდიდა, როდესაც სამართალდამცველებმა შენობასთან შეკრებილი ადამიანების დაშლა და დარბევა დაიწყეს, ხოლო ჟურნალისტს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა წაუყენეს ბრალდებად.


ჟურნალისტის მტკიცებით, მას საპატიმროში არაადამიანურად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ. წამების გაპროტესტების მიზნით „Deutsche Welle”-ს რეპორტიორმა შიმშილობა გამოაცხადა, გერმანიის ხელისუფლების მკაცრი პოზიციის შედეგად კი 2021 წლის ივლისის დასაწყისში იგი გაათავისუფლეს.


ჟურნალისტის შიმშილობის კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა მიმდინარე წელს მაროკოში ვიხილეთ, როცა მაროკოს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ Akhbar Al Yaoum-ის რედაქტორს, სულეიმან რაისუნს.


ამ გამოცემის ფურცლებზე ხშირად ქვეყნდებოდა წერილები, რომლებიც მაროკოს ხელისუფლების კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობაზე მიუთითებდა, თუმცა გაზაფხულზე ხელისუფლებამ ოპოზიციური გაზეთის რამდენიმე თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც ბრალი დასდეს სექსუალური ხასიათის დანაშაულში (გაუპატიურება, ქორწინების გარეშე სექსი და ა.შ.).


ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. დაკავებულები ერთი წლის განმავლობაში სასამართლო პროცესის დანიშვნას და სხდომების გამჭვირვალობას ითხოვდნენ, ხოლო რაისუნი და მისი კოლეგები ორი თვის განმავლობაში შიმშილობდნენ, რათა სასამართლოს ვერდიქტის მოსმენისა და მოსამართლის წინაშე თავის დაცვის საშუალება მისცემოდათ.


დაბოლოს - ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ გამოცხადებულ შიმშილობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ 38 წლის ჩინელი სამოქალაქო აქტივისტი ჩჟან ჟანი (Zhang Zhan), რომელიც 2020 წლის თებერვალში ქალაქ უჰანში მუშაობდა და თავის ბლოგზე აქტიურად აშუქებდა Covid 19-ის პანდემიის პირველ ფართომასშტაბიან გავრცელებას.


ჩჟანმა პირად არხზე 112 ვიდეო გამოაქვეყნა. სახელდახელოდ მომზადებული რეპორტაჟების საშუალებით ახალგაზრდა ქალი აუდიტორიას საავადმყოფოებში შექმნილი მძიმე ვითარების, პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტისა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლების შესახებ მოუთხრობდა.


მან თავისი ვიდეორგოლებით საზოგადოებას უჰანში მომუშავე ჟურნალისტების დაპატიმრების შესახებაც ამცნო და ასევე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი კრემატორიუმის მუშაობაზე, რაც გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას მიანიშნებდა.


ჩჟანის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლების მეშვეობით მსოფლიომ ბევრი რამ გაიგო იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რეალურად პანდემიის შუაგულში, თუმცა 2020 წლის მაისში ჩჟანი შუღლის გაღვივებისა და აგრესიის პროვოცირების ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებიდან მალევე ჩინელმა აქტივისტმა სამართლიანი მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.


მოგვიანებით მას სპეციალური პროცედურებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს შიმშილობა, თუმცა ამჟამად ჩჟანის მდგომარეობა მძიმეა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები (მათ შორსის Human Rights Watch და Amnesty International) აქტიურად ითხოვენ მის გათავისუფლებას.


... როგორც ვხედავთ, სამივე ზემოხსენებულ შემთხვევაში ჟურნალისტების დაკავება უკავშირდებოდა მათ პროფესიულ საქმიანობას, სამივე შემთხვევაში ეჭვმიტანილთა ბრალი სუსტად იყო დასაბუთებული და სამივე შემთხვევაში რჩებოდა პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილება. გარდა ამისა, დაპატიმრების შემდეგ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ წვდომა საყოველთაოდ აღიარებულ, სამართლიან და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე და დაკავებულები მიანიშნებდნენ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.


სწორედ ამ მიზეზების ერთობლიობის გამო ბურაკოვი, რაისუნი და ჩჟანი დღემდე სარგებლობენ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით და მსოფლიო საზოგადოება ფაქტობრივად ერთსულოვნად სოლიდარულია მათი პროტესტის მიმართ, თუმცა რა შეგვიძლია ვთქვათ ქართველი ჟურნალისტების შესახებ?


ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისა და პროტესტის გამოხატვის გამო პატიმრობა არ ემუქრებათ, მათ წინააღმდეგ არ აღუძრავთ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები, ისინი არ დგანან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის წინაშე და მათ არავინ უშლის ხელს მუშაობაში, ანუ ჟურნალისტური პროდუქციის შექმნაში.


შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოში, დასახელებული საერთაშორისო პრეცედენტებისგან განსხვავებულ ტენდენციასთან გვაქვს საქმე და სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველი ჟურნალისტების პროტესტმა ვერ მიიქცია ადამიანის უფლებებზე მომუშავე დასავლური ორგანიზაციების ყურადღება და მალევე შეწყდა.


საერთოდაც, ქართველი ჟურნალისტების პროტესტი იმთავითვე პოლიტიკური მიზნებით განხორციელებული აქციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა. ამას ადასტურებს პროტესტის რიტორიკა და მოთხოვნებიც, რომლებიც, როგორც წესი, სრულად ემთხვევა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლოზუნგებს.


„ვხედავთ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ის სამკურნალოდ არსად გადაიყვანოს. ახლა ვუყურებთ, ‘ქართული ოცნება’ როგორ კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს... მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ნებისმიერ წუთს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა,“- ეს მოშიმშილე ჟურნალისტის, გიგლა თუმანიშვილის სიტყვებია.


აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა მიერ პროტესტის მწვავე ფორმების გამოყენებას მალევე მოჰყვა ანალოგიური ნაბიჯები სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილის მხრიდან, მათ ასევე შეუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით პარლამენტში არჩეული დეპუტატებიც და საბოლოო ჯამში მივიღეთ ერთგვარი ჯაჭვი, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტია თავის მოკავშირე ან დაქვემდებარებულ აქტორებს ერთ წრედ აერთიანებს და საყოველთაო საზოგადოებრივი პროტესტის გარეგნულ ნიშნებს ქმნის.


აქედან გამომდინარე, ჟურნალისტების პროტესტი ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის ინტერესების დაცვის მიზნით ამუშავებული მექანიზმის ერთ-ერთ სეგმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც უშუალოდ მედიის წარმომადგენლები პოლიტტექნოლოგიური სქემის მეორე ხარისხოვან მდგენელებად არიან ქცეული, ხოლო მათ მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაზე მსჯელობა, ამ ფონზე, ბუნებრივია ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

ლევან ლორთქიფანიძე
  • 5
  • 1835
0 Comments